Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსტატუსო დევნილები


ზარდიაანთკარელები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში
ზარდიაანთკარელები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში

სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ითხოვს დევნილის სტატუსის მინიჭებას. გასული წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი 60-მდე ოჯახმა დატოვა. ზარდიაანთკარში მარადიორები შევიდნენ, სოფელი გაძარცვეს, მაგრამ სახლები არ დაუწვავთ. ეს პატარა სოფელი გორის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. ქართველი სამართალდამცავები სოფლის შესასვლელთან დგანან და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო საკუთარ სახლებში არ უშვებენ.

ზარდიაანთკარი არც ოკუპირებულად ითვლება, რადგან ოსურ-რუსული საგუშაგო სოფლის ბოლოშია განთავსებული. ორ საგუშაგოს შორის მოქცეულ სოფელში კი ცხოვრება შეუძლებელია.

თამუნა გაბლიშვილმა სახლში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ქართველმა პოლიციელებმა იგი სოფელში არ შეუშვეს, რადგან მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს. თამუნა თანასოფლელებთან ერთად დევნილის სტატუსის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.

ამჟამად 60-მდე ოჯახი გორის საბავშვო ბაღებშია ჩასახლებული. ზარდიაანთკარელები მხოლოდ სოციალურ და მცირეოდენ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ, მათზე დევნილთათვის განკუთვნილი შეღავათები არ ვრცელდება და არც კოტეჯების გადაცემაზეა საუბარი.

უსტატუსო დევნილებმა დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს. იურისტებმა კი მათი სამართლებრივი დახმარება დაიწყეს. ასოციაციამ ზარდიაანთკარელების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო და მის პრეზენტაციაზე სოფლის მოსახლეობა დაპატიჟა. ასოციაციის გორის ოფისში შეკრებილმა ზარდიაანთკარელებმა ხელისუფლებას დევნილის სტატუსი კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში - სოფელში უსაფრთხოდ დაბრუნების პირობა წამოაყენეს.

ზარდიაანთკარელებზე გადაღებულ ფილმში კომენტარი დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმაც გააკეთა. მისი თქმით, ამ 60-მა ოჯახმა უნდა დაადასტუროს, რომ სოფელში ვერ ბრუნდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ სტატუსს.

ზარდიაანთკარელების პრობლემის შესახებ სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც მიმართა. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის თქმით, სამინისტრომ სტატუსის მაძიებლებს ნორმალური პასუხიც არ აღირსა და ყველა ვადა დაარღვია. ბებიაშვილისთვის წარმოუდგენელია, როგორღა უნდა დაადასტურონ ზარდიაანთკარელებმა რომ სოფელში არ უშვებენ, როცა ქართული პოლიციის საგუშაგოს გავლა წარმოუდგენელია.

როდემდე დარჩებიან ზარდიაანთკარელები ასეთ გაურკვეველ ვითარებაში - ჯერჯერობით უცნობია. ისიც უცნობია, საქართველოს ხელისუფლება როდის აღადგენს მთელ სოფელზე საკუთარ იურისდიქციას. ამ დროისთვის, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყოფითი და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მთავრობა მომავალი წლიდან ზარდიანთკარელებს კომპენსაციის დარიგებას ჰპირდება.

XS
SM
MD
LG