Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა გალში



სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს დილით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველი გალის მკვიდრს გოჩა კვირკველიას, რომელიც საკუთარი ავტომანქანით სოფელში მიემგზავრებოდა, სცემეს და გაძარცვეს.

დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვირკველიასთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანმხლებ ქალბატონსაც, რომელსაც თავდამსხმელებმა ძვირფასეულობა წაართვეს. კილანავას თქმით, დაზარალებულმა მამაკაცმა რუს სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა, რის გამოც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. "დაჭრილი ამჟამად გალის საავადმყოფოშია მოთავსებული, ამიტომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის უცნობია", - დასძინა კილანავამ.

ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ დაჭრილი გოჩა კვირკველია გალის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად რადიო თავისუფლება გალის რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმს გიორგი შონიას დაუკავშირდა, რომელმაც გალის სამედიცინო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პაციენტის, გვარად კვირკველიას საავადმყოფოში მოთავსება უარყო. "საავადმყოფოში ორი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გვაქვს და ორივე თავისუფალია. ამასთან, მე უარვყოფ ცნობას, რომ ჩვენთან მოთავსებულია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პაციენტი" ,- ამბობს გალელი ექიმი.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ახალი წლის დღეებში მომხდარ ძარცვებს შორის, როდესაც რუსმა სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
XS
SM
MD
LG