Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 იანვარი 2010


ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს სააკაშვილი 11 იანვარს დაასახელებს, წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უკვე დაწყებულია კონკურსის პროცესი და 9 კონკურსანტის განაცხადიც უკვე შესულია პრეზიდენტის სამდივნოში. კანონით განსაზღვრულია, რომ ცესკოს თავმჯდომარე უპარტიო და მიუკერძოებელი პირი უნდა იყოს, წერს ”ახალი თაობა”. ოპოზიციური პარტიები უკვე საუბრობენ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე. ამ საკითხზე პირველი განცხადება კონსერვატორებმა გააკეთეს, - იტყობინება ”ახალი თაობა”. - ისინი არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ცესკოს დაკომპლექტებაში.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს „ალიანსი საქართველოსათვის“ ერთ-ერთ ლიდერთან, სოზარ სუბართან, სათაურით, რომელიც კითხვისა და ძახილის ნიშნით სრულდება: ”ალასანიას ალიანსში განხეთქილებაა?!”. ინტერვიუში სოზარ სუბარი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. ჟურნალისტის რეპლიკაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს ალიანსში განხეთქილებაა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ პარტიების ნაწილს არ სურს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სოზარ სუბარი პასუხობს: ”ეს არასწორი ინფორმაციაა. „ალიანსში“ შემავალი სამი პარტია რამდენიმე დღის წინ ვიყავით ბაკურიანში, ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა სტრატეგიით მივდივართ და როგორია ჩვენი სამოქმედო გეგმა, ანუ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ვმონაწილეობთ არჩევნებში და არა იმაზე, მონაწილეობა მივიღოთ თუ არა”, - აცხადებს სუბარი „ახალ თაობასთან“ საუბარში.

გუშინ დილიდან გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ახალგორელები ახალგორში ქართული პასპორტით შესვლას ვეღარ მოახერხებენ, ეხმაურება გაზეთი „ახალი თაობა“, რომელიც აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიასთან: ”საქართველოს წინააღმდეგ ანექსია გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იწყება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, იმ მოქალაქეების, ვისაც ქართული პირადობის მოწმობა აქვს”, - აცხადებს პაატა დავითაია. ინტერვიუში საუბარია აგრეთვე სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ. ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა კიდევ რომელიმე ქვეყანამ აღიაროს, პაატა დავითაია პასუხობს: ”გამორიცხული არ არის კუნძულის დონის სახელმწიფოებმა აღიარონ სეპარატისტული რეგიონები”. პაატა დავითაიას თქმით, ის აპირებს უახლოეს ხანში გააკეთოს მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ საჭიროა გამოცხადდეს ძებნა.

გაზეთი ”ყველა სიახლე” კითხულობს, წავა თუ არა სააკაშვილი მესამე წრეზე. სააკაშვილის მესამედ გაპრეზიდენტების იდეა მისმა გარემოცვამ და სახელისუფლო ტელევიზიებმა ოსტატურად ”შემოუგდეს” მოსახლეობას, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის ზუსტად მე-6 წლისთავზე ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებიდან მათთვის სასურველი შედეგები გამოაქვეყნეს, წერს ”ყველა სიახლე”. კითხვაზე, ვის ისურვებდით ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, გამოკითხულთა 60 %-მა ასეთ კანდიდატად კვლავ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.

”რატომ იმას არ იკვლევენ, ვინ გასცა მემორიალის აფეთქების ბრძანება?” - წერს გაზეთი ”ყველა სიახლე” გასული წლის 19 დეკემბერს ქუთაისში ”დიდების მემორიალის” აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. გაზეთი ”ყველა სიახლე” იმ სამი ადამიანის ადვოკატს დაუკავშირდა, რომლებიც მონუმენტის აფეთქების შემდეგ დააკავეს. ადვოკატ თემურ შონიას განცხადებით, მის ხელთ არსებული ფოტომასალების მიხედვით, აფეთქების დროს დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, როდესაც ამფეთქებლებს უთხრეს, რომ 19-ში უნდა აფეთქებულიყო მემორიალი, ისინი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, მოსამზადებელ სამუშაოებს ვერ ვასწრებთო, მაგრამ როგორც ადვოკატი ”ყველა სიახლეს” უცხადებს, დაუჟინიათ მაინცდამაინც 19-ში ავაფეთქოთო. მისივე თქმით, მას არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დაიჟინა მემორიალის აფეთქება ნიკოლოზობა დღეს: ” ‘ზემოდან” ვინ ბრძანა, გასარკვევია”, - აცხადებს თემურ შონია.
XS
SM
MD
LG