Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განადგურდა ვენედიქტ ეროფეევის მუზეუმი


მოსკოვში, ცარიცინოს სკვერთან, საეჭვო ვითარებაში დაიწვა ეგრეთ წოდებული „მურომცევის აგარაკი“ - სახლი, რომელთანაც დაკავშირებულია რუსეთის კულტურის ერთ-ერთი მოღვაწის სახელი. ამ ხის შენობაში განთავსებული იყო ცნობილი მწერლის, ვენედიქტ ეროფეევის, სახალხო მუზეუმი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კულტურის ძეგლი განზრახ დაწვეს.

„მურომცევის აგარაკის“ სახელით ცნობილი ბარაკის ტიპის ეს ორსართულიანი შენობა 1930 წელს სახელმწიფო სათათბიროს პირველი თავმჯდომარის, სერგეი მურომცევის, აგარაკის საძირკველზეა აშენებული. ამ სახლთანაა დაკავშირებული ივან ბუნინისა და ვერცხლის საუკუნის ბევრი სხვა ლიტერატორის სახელი. სულ ბოლოს „მურომცევის აგარაკმა“ შეიფარა საბჭოთა კავშირში აკრძალული თხზულების - „მოსკვა-პეტუშკის“ - ავტორი, ვენედიქტ ეროფეევი. 3 იანვარს გაჩენილმა ხანძარმა შენობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ისტორიული სახლის მცხოვრებნი ეჭვობენ, რომ ხანძარი შემთხვევით არ გაჩენილა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წელია შენობის აღებას მოითხოვს მოსკოვის მერია, რომელსაც გამოთავისუფლებულ ადგილზე ავტოსადგომის აშენება სურს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მცხოვრებთა ერთი ნაწილი უკვე გაასახლა ისტორიული შენობიდან, თუმცა დარჩენილი ნაწილისგან დღემდე მედგარ წინააღმდეგობას აწყდება. ნატალია სამოვერი - საზოგადოებრივი მოძრაობა „არქიტექტურული ზედამხედველობის“ კოორდინატორი - ამბობს, რომ ხანძარი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა:

„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა, ცარიელ ბინაში, სადაც ელექტრომოწყობილობები საერთოდ არ ყოფილა, თუმცა ბინის ფანჯარა ახლოსაა გასასვლელთან. ამიტომ მცხოვრებლები დარწმუნებულნი არან, რომ ცეცხლი ვიღაცამ წაუკიდა. როცა გარეთ გამოცვივდნენ, დაინახეს, რომ ბინაში ფანჯარა გამოღებული იყო. ოცგრადუსიან ყინვაში არც ერთი ჭკუათმყოფელი ფანჯარას ღიას არ დატოვებდა.“

ხანძრის გაჩენამდე სახლის მცხოვრებლები ექვსი თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას. კირილ ბოლდირევი, „მურომცევის აგარაკის“ ერთ-ერთი მცხოვრები, ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან არაერთი მუქარა მოუსმენია: „მილიციაც გვაფრთხილებდა, სახლი შეიძლება დაიწვასო“, იხსენებს ბოლდირევი.

„პირდაპირ კი არ გვემუქრებოდნენ, გვაფრთხილებდნენ იმგვარი ფორმით, რომელიც ძალიან ჰგავს მუქარას. გვეუბნებოდნენ: „როგორ არ გესმით, იქ შეიძლება ხანძარი გაჩნდეს... დღეს დგას სახლი, ხვალ კი აღარ იქნება! უმჯობესია ნებით წახვიდეთო“, უთხრა ბოლდირევმა რადიო თავისუფლებას.

„მურომცევის აგარაკზე“ ხშირად იკრიბებოდნენ მხატვრები და პოეტები. მას ხშირად სტუმრობდა ივან ბუნინი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, რომლის პირველი ცოლი სერგეი მურომცევის ძმისშვილი იყო. საბჭოთა პერიოდში ამ სახლში, როგორც უკვე ვთქვით, ცხოვრობდა მწერალი ვენედიქტ ეროფეევი, რომლის სახალხო მუზეუმის დიდი ნაწილიც ემსხვერპლა ხანძარს. კირილ ბოლდირევის თქმით, სახლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, როცა მილიციის ადგილობრივმა განყოფილებამ შენობის ნაწილის საროსკიპოდ გადაკეთება მოინდომა. მილიციამ მხოლოდ მას შემდეგ დაიხია უკან, რაც საქმეში ცნობლი ჟურნალისტი, ჟურნალ „ფორბსის“ რუსული გამოცემის რედაქტორი პოლ ხლებნიკოვი ჩაერია. ბოლდირევი იმასაც ამბობს, რომ თავიდან ხანძარი სუსტი იყო და მისი ჩაქრობა იოლად შეიძლებოდა, მაგრამ მეხანძრეებმა იმდენი მოახერხეს, რომ, საბოლოო ჯამში, შენობის დიდი ნაწილი განადგურდა. ამჟამად დამწვარი სახლის მცხოვრებლები მეზობლად მდებარე შენობებს აფარებენ თავს. კირილ ბოლდირევი იმედოვნებს, რომ სახლის გადარჩენა შეიძლება, თუმცა საფრთხე კიდევ არსებობს:

„დიახ, აქვე ხის სახლში ვცხოვრობთ... უფრო სწორად, აბანოში, სადაც ტანს ვიბანდით ხოლმე... გვაქვს დენის ავტონომიური კვება, გენერატორი... გაზიც გვაქვს... როგორღაც ვარსებობთ... დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ვმორიგეობთ, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, ვინმე არ მივიდეს და ხელახლა არ წაუკიდოს ცეცხლი.“

სახლის მცხოვრებნი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვენ შენობის საკუთრებაში გადაცემას. რუსეთის კანონების მიხედვით, საკუთრების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც ქვეყანაში, სულ ცოტა, თხუთმეტი წელი მაინც ცხოვრობენ. კირილ ბოლდირევი ამბობს, რომ სასამართლოს ტენდენციურობის გამო მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

თუმცა, ბოლდირევის აზრით, ჯერ კიდევაა იმედი, რომ მცხოვრებლები შეძლებენ თავიანთი უფლების დაცვას. სარჩელს ამჟამად უმაღლესი სასამართლო განიხილავს. შესაძლოა, ესეცაა ხანძრის ნამდვილი მიზეზი. ბევრი ეჭვობს, რომ რუსეთში კანონით დაცული ისტორიული შენობების დიდ ნაწილს წინასწარი განზრახვით, გამოთავისუფლებული ტერიტორიების დაუფლების მიზნით წვავენ. ჟურნალისტი რუსტამ რახმატულინი ამბობს, რომ ხანძრის გაჩენა მოსალოდნელი იყო:

„სულაც არ მიკვირს. ოცი იანვრისთვის უმაღლეს სასამართლოს უნდა განეხილა მცხოვრებთა აპელაცია. ეს ადამიანები ამ შენობაში ცხოვრების უფლების დაკანონებას მოითხოვენ. უმაღლესმა სასამართლომ კი, მოსკოვის საქალაქო სასამართლოსაგან განსხვავებით, შესაძლოა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ასე, რომ შანსები იყო, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ ეჭვს ბადებს.“

„მურომცევის აგარაკის“ დამცველთა თქმით, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ ხის ორსართულიან მწვანე სახლში, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ეს იყო ცოცხალი, მოლაპარაკე შენობა. ერთი შეხედვით, ვერ მიხვდებოდით რომელი საგანი მიეკუთვნებოდა ექსპოზიციას და რომელი საყოფაცხოვრებო ინტერიერს, თუმცა ყველაფერი ერთად, ჯამში, ქმნიდა საოცარ ატმოსფეროს, რომლის აღდგენა ძნელი იქნება არამხოლოდ ხანძრის გამო.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG