Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა კობალაძე: არ ვაპირებ ჩავერთო პოლიტიკურ პერიპეტიებში


კობა კობალაძე
კობა კობალაძე
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებული კობა კობალაძე უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ კობალაძემ პირველი ვრცელი ინტერვიუ ჩვენს რადიოს მისცა. მას ოქროპირ რუხაძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ბატონო კობა, მსმენელმა იცის დღევანდელი ამბების შესახებ. თქვენ გაგათავისუფლეს. იმათზე, ვისაც სასჯელი შეეფარდა, ზოგს ხანგრძლივი, ითქვა, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრებიც კი შეიძლება იყვნენ. ასე ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიცია. თქვენ ამ ხალხს, ვინც დარჩა საპატიმროში, იცნობთ. როგორია თქვენი კომენტარი?

კობა კობალაძე: ამ ეტაპზე, პრინციპიში, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. პროცესი სადაო ჭრილში გადავიდა. ალბათ იქნება სააპელაციო გასაჩივრება. ახლა, რამდენადაც მე ვიცი, იქ არის შემადგენლობა, რომელიც არ ეთანხმება ამ აზრს და მათ, შესაბამისად, აქვთ უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ მე არ მინდა, რომ ამ ეტაპზე ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრებებით პროცესს რაღაცით ხელი შევუწყო ან ხელი შევუშალო. ვადროვოთ, ვნახოთ, პროცესი როგორ წარიმართება.

რადიო თავისუფლება: მაშინ კონკრეტულად თქვენს შესახებ გკითხვათ. იარაღის გამო, ფაქტობრივად, თქვენ ახლა უკვე ნასამართლევი ხართ. ცოტა უცნაური ხომ არ არის, თქვენი ბიოგრაფიის ადამიანი ამ მუხლით იყოს გასამართლებული. ამას როგორ უყურებთ?

კობა კობალაძე: ეტაპობრივად ვყოფ მე ამას და ეტაპობრივად ვუდგები. ანუ არის დიდი ბოროტება და არის ნაკლები ბოროტება. ემოციური თავლსაზრისით…მეც და ჩემი ახლობლები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით ჩემს უდანაშაულობას, საერთო ჯამში ჩვენ იმედი არ გვქონდა, რომ დღეს რაღაცნაირად გადაწყდებოდა ეს და სასამართლო მიიღებდა ასეთ ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ალბათ, ეს ყველაფერი გარკვეულწილად უნდა დაწყნარდეს, ეს ემოციები და განცდები. ამის შემდეგ ალბათ ვიქნებით შეფასებისთვის მზად.

რადიო თავისუფლება: ბატონო კობა, თქვენ ახლა გარეთ ხართ და შეიძლება რაღაც ან დარდი ან ბრაზი გამოგყვათ იმის გამო, რაც თქვენს თავს მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში. ხომ არ აპირებთ გადახვიდეთ პოლიტიკურ ოპოზიციაში, იაქტიუროთ და იბრძოლოთ ამ მიმართულებით?

კობა კობალაძე: როგორი რამეა იცით? ბრაზი, ემოცია, კბილების ღრჭიალი და ასეთი რამეები - ვინც მე მიცნობს, მათ იციან - არ მახასიათებს. ასევე არ მახასიათებს მკვეთრი ცვალებადობა ჩემი ფსიქიკისა. იმიტომ, რომ გარკვეულწილად, ალბათ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჩემი ემოციები, სადღაც და როგორღაც დაიხვეწა და დალაგდა. და რაც შეეხება ახლა ოპოზიციას და პოლიტიკას. მე, საერთოდ, ჩემი შეგრძნებით და ჩემი არსით ვარ აპოლიტიკური ფიგურა. რა საქმეც მიყვარდა და რა საქმეც მეგონა, რომ ვიცოდი და მგონია, რომ ვიცი – იმ საქმეს ჩემი სურვილით ჩამოვცილდი და აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ მაქვს დღეს, რომ რაღაც პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩავერთო. პური მეპურემ უნდა აცხოს. და დღესდღეობით მე ჩემს ადგილს ამ პოლიტიკურ ასპარეზზე ვერანაირად ვერ ვხედავ, სიმართლე რომ გითხრათ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG