Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 13 იანვარი 2010


პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები და მუხროვანი პროცესის გაგრძელება, ამ თემებზე ამახვილებს ყურადღებას დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი. ლევან თარხნიშვილის შესაძლო ”მეორედმოსვლაზე” წერს გაზეთი ”ახალი თაობა”. ლევან თარხნიშვილის სამეულში მოხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ერთგვარი გზავნილია, რომ ის არ აპირებს არაფრის დათმობას. ოპოზიცია ისევ ილუზიაშია, რადგან სანამ კანდიდატებს დაასახელებდა პრეზიდენტი, მანამდე ისინი კომპრომისებზე და ხელისუფლების მიერ შესაძლო უკან დახევაზე საუბრობდნენ, წერს ”ახალი თაობა”.

”სამი თარხნიშვილი” ცესკოს თავმჯდომარეობაზე”, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ”რეზონანსი”, და წერს: ”ოპოზიცია შოკშია, ოღონდ აღარ იცის, ეს შოკი უფრო მეტად პრეზიდენტის ქმედებამ გამოიწვია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებით თუ მისმა უმრავლესობამ, როდესაც პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევა ლამის ოპოზიციას გადააბრალა. აშკარად კანონდამრღვევი სააკაშვილი კი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით მოუცლელ პრეზიდენტად გამოცხადდა”. ამავე სტატიაში პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებას ვკითხულობთ. მისი ვარაუდით, პრეზიდენტის მხრიდან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სიჭინავას, ხარატიშვილისა და თარხნიშვილის დასახელება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნებზე პასიურ მდგომარეობაში ყოფნას არ აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ თავად ხელისუფლება არ მოინდომებს ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ ლევან თარხნიშვილის დანიშვნას, მაგრამ მისი კანდიდატურის კვლავ დაყენება იმას ნიშნვს, რომ ხელისუფლება წინა არჩევნებზე დაშვებულ შეცდომებს არ აღიარებს.

”კანდიდატებით უკმაყოფილო ოპოზიციამ რევოლუცია გაიხსენა”, წერს გაზეთი ”24 საათი”. ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა არასამთავრობოებს სრული იგნორირება გაუკეთა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად სამი საჯარო პირი მორჩილების ნიშნით შეარჩია. როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, კულუარებში ჯერ კიდევ სამი კვირის წინ იყო ცნობილი, რომ სააკაშვილი ამ სამი კანდიდატურის წარდგენას აპირებდა. ”საქართველოს პრეზიდენტი ისევ ძველ რელსებზე რჩება”, - აცხადებს ”მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერი ეკა ბესელია ”24 საათთან” საუბარში. კონსერვატიული პარტის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით კი სამივე კანდიდატი სრულად კონტროლირებადია ხელისუფლების მიერ. ხოლო მათ შორის ლევან თარხნიშვილი მაღალი კატეგორიის სისხლის სამართლის დამნაშავეა. კახა კუკავამ ”24 საათისათვის” მიცემული კომენტარი სააკაშვილის მიმართ მუქარის ტექსტით დაასრულა: ”თუ სააკაშვილს უნდა, რომ რევოლუცია მიიღოს, ის მიიღებს რევოლუციას 31 მაისს!”

მეორე თემა, რომელიც დღევანდელ ქართულ პრესაში დომინირებს, თავშივე ვახსენეთ, რომ ის მუხროვანის ამბოხის გარშემო ტრიალებს. ”კობალაძეს მუხროვანის საქმესთან შეხება არ ჰქონდა, წერს დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს, კობა კობალაძის ადვოკატთან შალვა თადუმაძესთან. როგორც ადვოკატი ინტერვიუში აცხადებს, ის ელოდა, რომ მოსამართლე კობა კობალაძეს დარბაზიდან გაათავისუფლებდა, რადგან მისი დაკავების პირველივე დღეებიდან გამოიკვეთა, რომ კობალაძეს მუხროვანის საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და აბსოლუტურად უდანაშაულო იყო.

”ხელისუფლებას ოთანაძისა და ამირიძის გათავისუფლებაც მოუწევს”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”. სამხედრო ექსპერტის ნოდარ ეფრემიძის განცხადენით, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე პოლიტიკური პატიმრები არიან: ”ეს ბიჭები საქართველოს არიან შეწირულები. მათ პირადულ ინეტერსებზე მაღლა საზოგადოებრივი და ეროვნული ინეტრესები დააყენეს. მათ პერსონალური მანქანები ემსახურებოდათ, მეთაურები იყვნენ, საკმაოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ, მაგრამ საჭირო დროს საჭირო განცხადება გააკეთეს, როგორც ღირსეულმა ადამიანებმა. კომუნისტების დროს პავლიკ მოროზოვს გმირს ეძახდნენ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს კი მოღალატეს. დღეს ბაჩო ახალაია, დავით კირკიტაძე გმირები არიან, ოთანაძე, გოგიაშვილი და ამირიძე კი-მოღალატეები”, - აცხადებს, ნოდარ ეფრემიძე.

”მუხროვანის საქმეს გაგრძელება ექნება” - წერს გაზეთი ”24 საათი”. კობა ოთანაძის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე პირველი ისტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს და უსამართლოს უწოდებს: ”ოთანაძის შემთხვევაში, მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად, მხოლოდ გია ღვალაძის ჩვენება არსებობს. ღვალაძეს, რომელიც ამბოხის ორგანიზატორად მოიაზრებოდა და რომლის ჩვენების საფუძველზე შეიქმნა ამბოხის საბრალდებო დასკვნა, საპროცესო შეთანხმებით მხოლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქედან გამომდინდარე ყველაფერი გასაგებია” -, აცხადებს, თალაკვაძე.
XS
SM
MD
LG