Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყახაზახეთი - ეუთოს მორიგე თავმჯდომარე


კანატ საუდაბაევი, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
კანატ საუდაბაევი, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ხუთშაბათს ოფიციალურად ჩაიბარა ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა ყაზახეთმა.

ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ საბჭოზე, ვენაში, ყახაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კანატ საუდაბაევი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად მიემხრობა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. აქვე გეტყვით, რომ პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვიდეომისალმება გაუგზავნა ვენაში შეკრებილთ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდაბაევმა ძალიან საქმიანი ტონით ილაპარაკა სამომავლო მიზნებზე და, სხვათა შორის, თქვა, რომ ყაზახეთი გააგრძელებს ევროპის უშიშროების არქიტექტურის გადახედვას და შეეხო, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას ამ სფეროში. მანვე, საუდაბაევმა, დაამატა, რომ ის, როგორც ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, თებერვლის შუა რიცხვებში გამართავს სამხრეთ კავკასიაში თავის პირველ ვიზიტს ეუთოს მიზნის ჩარჩოში, მოგვარებული იქნეს პოსტსაბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტები:

„გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერა ყველა თავმჯდომარის პრიორიტეტია და ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წვლილი შევიტანოთ ამ რთულ პროცესში. ამას გარდა, ჩვენი ორგანიზაცია უნდა შეეცადოს თავიდან აიცილოს ასეთი კონფლიქტების კვლავ წარმოშობა, რასაც ადამიანური ტრაგედია და ჰუმანიტარული კატასტროფები მოჰყვება ხოლმე.“

საუდაბაევმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, მის წარმომადგენელს მედიის თავისუფლების სფეროში და მისიებს წევრ ქვეყნებში. ყაზახეთის მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ავღანეთს.

ყახაზეთის მორიგეთავმჯდომარეობა ეუთოსთვის რთულ დროს ემთხვევა. ორგანიზაცია საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ გაიყო. ამას ერთვის ვითარება თვით ყაზახეთში, სადაც მთავრობას ადგილობრივი ოპოზიცია, საერთაშორისო მეთვალყურეების მსგავსად, აფრთხილებს, რომ ავტორიტარული რეჟიმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ეუთოს დემოკრატიული იდეალების გატარებას. როგორც ითქვა, პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ვიდეომიმართვა გაგზავნა ვენაში. მან დადაასტურა ეუთოს მიმართ სრული მხარდაჭერა, მაგრამ ახსენა სირთულეებიც:

„ეუთოს მომავლის განმსაზღვრელი საკითხი ისაა, შეძლებს ეს ორგანიზაცია იყოს სტრუქტურა, რომელიც აღიარებს 21-ე საკუნის მსოფლიოს მრავალფეროვნებას, თუ დარჩება ჯგუფებად დაყოფილ ორგანიზაციად, რომელშიც ტრადიციული დასავლეთი ცალკეა, ვენის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისგან გამოყოფილი.“

ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყნის თავმჯდომარეობის ლოზუნგი იქნება: ნდობა, ტრადიცია, გამჭვირვალობა და შემწყნარებლობა. ასეთი იქნება მომავალი ეუთოში, ყაზახეთის პრეზიდენტის თანახმად, იმ ქვეყნის პრეზიდენტისა, რომლის ოპოზიციამაც მიმართა ეუთოს, ჩართოს ამ ქვეყნის დელეგაციაში ოპოზიციური პარტიები. ამასთან, პარტია „თავისუფლება“ მოუწოდებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საგანგებო მოსმენა მოაწყოს ყაზახეთში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG