Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 იანვარი 2010


”აგვისტოს ომისას ამერიკელები როკის გვირაბის ჰაერიდან აფეთქებას გეგმავდნენ”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. როკის გვირაბის დაბომბვას და რუსებისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმის მიყენების შესახებ წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელი რონალდ ასმუსი საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით გამოცემულ წიგნში ”მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”. წიგნი აშშ-ში უკვე გამოვიდა ბაზარზე. ვაშინგტონის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში სამხედრო ჩარევის მცდელობას ლოგიკურს უწოდებენ ქართველი ექსპერტები, იტყობინება გაზეთი ”რეზონანსი”.

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს გაზეთი ”რეზონანსი”: ”რუსები 4 ჯარისკაცის ცხედარს გვთხოვენ”. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების ცხედრები თბილისში ერთ-ერთი ჰოსპიტლის მორგში უნდა იყოს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. სამხედრო ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ასეთი განცხადებები ანტიქართული კამპანიის ნაწილია.

ახალგორში მხოლოდ დილის 6-დან საღამოს 8-მდე შეუშვებენ, - იტყობინება დღევანდელი ”რეზონანსი. ”რუსულად თარგმნილი საბუთებით ახალგორის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება 20 იანვრიდან დაიწყება. ადგილობრივების თქმით, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რუსულ თარგმანში აუცილებლად საქართველოს მოქალაქეობა იქნება მითითებული და ამის გამო მათ სეპარატისტული ადმინისტრაციისაგან პრობლემები აღარ ექმნებათ”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი”.

”პოლიტიკური სიურპრიზი არ შედგა”, -იტყობინება გაზეთი ”24 საათი”. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს. ”პროგნოზები გამართლდა - ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. თავმჯდომარეობის კანდიდატებს - ოთარ სიჭინავას, ლევან თარხნიშვილსა და ზურაბ ხარატიშვილს შორის არჩევანს პარლამენტარები დღეს გააკეთებენ. საპარლამენტო უმცირესობა ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გუშინ ცესკოს საკითხზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. ”ქრისტიან-დემოკრატებმა” ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს აწარმოონ კონსულტაცია ოპოზიციისათვის ისეთი ბერკეტების გადასაცემად, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას.

არჩევნების თემას აგრძელებს გაზეთი ”ახალი თაობა” და აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”არჩევნები უკვე გაყალბებულია”. ოპოზიცია სამივე კანდიდატს სახელისუფლებოს უწოდებს. კონსერვატორი კახა კუკავა ოთარ სიჭინავას და ზურაბ ხარატიშვილს ლევან პირველად და ლევან მეორედ მოიხსენიებს. ”კუკავა მიიჩნევს, რა მნიშვნელობა აქვს მათ გვარ-სახელებს. ცესკოს თავმჯდომარე ტელეფონით იმართება ხელისუფლების მიერ და რა დაკვეთასაც მიიღებს, იმას გააკეთებს. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ქუჩაში თავისი მომხრეების მობილიზებას, ხელისუფლება კი, ალბათ, ისევ ნაცად ტაქტიკას მიმართავს, რომელმაც ერთგვარი წარმატებაც კი მოუტანა მას, როდესაც 9 აპრილის აქციების დროს წაყრუების პოლიტიკა არჩია გაზით და წყლის ჭავლით საკუთარი მოქალაქეების დაშლას”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.

”დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის?” - კითხვის ნიშნით სრულდება ”ახალი თაობის” მორიგი სტატია. ”ბოლო პერიოდში აშკარად თვალსშისაცემია, რომ ”ახალი მემარჯვენეები” არა ალიანსის, არამედ საკუთარი სახელით აკეთებენ განცხადებებს. არის თუ არა ეს ალასანიასა და გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირების ბრალი, ვერაფერს გეტყვით”, - წერს ”ახალი თაობა”. როგორც ამბობენ, გამყრელიძე უკმაყოფილო დარჩა, როდესაც ალასანიამ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სუბარის კანდიდატურა წარადგინა. ნაციონალების მოენეებს თუ დაეჯერებათ, ამის შემდეგ გამყრელიძესა და ალასანიას შორის დიდი დაპირისპირება დაწყებულა.

თუკი გაზეთი ”ვერსია” თებერვალში ”ღორის გრიპის” უფრო ძლიერი ტალღის შესახებ გვატყობინებს, გაზეთი ”24 საათი” წერს, რომ „ღორის გრიპი“ შესაძლოა სიცრუე იყო. გაზეთ ”ვერსიის” ფურცლების მეშვეობით, არასამთავრობოები ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემების დამალვაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ რადგან პანდემიის გამოცხადება სახელმწიფოს ინტერესებში არ შედიოდა, ამიტომაც დამალეს „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რეალური რაოდენობა. ”ვირუსის ის ტალღა, რომელიც საქართველოს თებერვალში ელოდება, უფრო მასიური იქნება და ძლიერიც, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებია”, - აცხადებს ”მედიკოსთა კავშირის” თავმჯდომარე ქეთევან გეჯაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომაზე საუბრობს ევროსაბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი ვოლფანგ ვოდარგი, რომლის განცხადებების შესახებ სტატიას აქვეყნებს გაზეთი ”24 საათი”. მისი თქმით, ვირუსი არ ქცეულა ისეთ მკვლელად, როგორადაც მას წინასწარ აცხადებდნენ. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი სასიკვდილო შემთხვევა, უბრალოდ, „ღორის გრიპს“ მიეწერებოდა და შიშის გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.
XS
SM
MD
LG