Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 19 იანვარი 2010


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები დღევანდელი ქართული პრესის მთავარ თემად რჩება.”არჩევნები დამთავრდა, არჩევნები წინ არის”, ”უკრაინა მეორე რაუნდის მოლოდინში”, ”უფსკრულის პირას”, ”უკრაინის არჩევნები - ცუდი და უფრო ცუდი მოლოდინი”, ”უკრაინა საქართველოსთვის ის ”თამრო” აღარ იქნება, რომელიც იუშჩენკოს დროს იყო - სააკაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს გვაკარგვინებს” - ასეთია იმ სტატიების სათაურები, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება.

”რეზონანსში” ქვეყნდება უკრაინელი ავტორის კიევიდან გამოგზავნილი სტატია: ”მაშ ასე! უკრაინა მთავარ არჩევანს 3 კვირის შემდეგ, მეორე ტურზე გააკეთებს. იულია თუ იანუკოვიჩი! ”ნარინჯისფერი პრინცესა”, რომლის ხელითაც იმართებოდა ეკონომიკა და ახლა კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, ან ძველი პრორუსული ადმინისტრატორი - განსხვავება უკვე არც ისე მკაფიოა” - წერს ”რეზონანსის” ავტორი, რომლის ვარაუდითაც, როგორც უნდა დასრულდეს მეორე ტური, ”ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი ქუჩაში გადავა”. ”საჭიროა მოლაპარაკებები და მზადყოფნა დათმობისთვის, ხელისუფლების გაყოფისთვის, საჭიროა ხალხის პრიორიტეტების საკუთარზე მაღლა დაყენების სწავლა; გასაგები უნდა იყოს, რომ ქვეყანა ახლა ისევ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზეა - ის, შესაძლებელია, დამოუკიდებელ და ძლიერ რეგიონალურ სახელმწიფოდ გადაიქცეს ან სამუდამოდ დაიძინოს მოსკოვის კალთებქვეშ” - წერს ”რეზონანსის” ავტორი კიევიდან.

”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიაში, სათაურით ”როცა გივიიი შინ არ არის...” , წაიკითხავთ: ”ქართული რევოლუციის ექსპორტის მცდელობა აღმოსავლეთ ევროპაში სრული კატასტროფით დამთავრდა - საქართველოს და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოეჭრა თავი. ახლა საკითხავი ის არის, მოსჭრიან თუ არა ხელს უკრაინელები ქართველ ერნესტო ჩე გევარას - გივი თარგამაძეს! უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის მეგობრულ უარს ზედ ტიმოშენკო-სააკაშვილის მეტისმეტად შინაურული სატელეფონო საუბრის მსოფლიო მასშტაბით ”გაბაზრებაც” დაერთო, რაც არადიპლომატიურ ენაზე ამას ნიშნავს: ნათლიმამა სააკაშვილმა ვიქტორ იუშჩენკოს იულია ტიმოშენკოსთან უღალატა! დიპლომატიურ ენაზე კი ამგვარ საქციელს სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის მცდელობა ჰქვია.”

”ახალი თაობა” ქართველი მეთვალყურეების საკითხსა და ქართული მედიით მის გაშუქებაზე წერს: ”არც ერთ არხს ერთხელაც არ უხსენებია, თუ რას წარმოადგენდნენ ქართველი დამკვირვებლები, რატომ არ იყო მათში არც ერთი ქალი ან რატომ ეწერათ სავიზო დოკუმენტებში, პროფესიის გრაფაში, ”უმუშევარი”. არც ერთ არხს - სხვათა შორის, არც ოპოზიციას - არ გასჩენია კითხვა, თუ საიდან დაფინანსდა 400 კაცის დონეცკში გაშვება ან სად იქნებოდა მოძიებული 3 მილიონამდე დოლარი უკრაინაში 2011-ივე დამკვირვებლის გასაგზავნად”. ”ახალი თაობის” ავტორის აზრით, მიხეილ სააკაშვილს ”მხოლოდ ის დარჩენია იმედად, რომ ტიმოშენკომ მოახერხოს ოპონენტებთან მოლაპარაკება და გაიმარჯვოს მეორე ტურში. მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი უკრაინა საქართველოსთვის ის ”თამრო” აღარ იქნება, რომელიც იუშჩენკოს დროს იყო”, - წერს ”ახალი თაობა”.

რაც შეეხება სხვა თემებს, ”24 საათში” ქვეყნდება ინტერვიუ განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან. მას ჟურნალისტი განათლების სფეროში მოსალოდნელ ცვლილებებზე - მათ შორის, სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღებაზეც - ეკითხება. მინისტრის პასუხი: ”ის, რომ ქვეყანას ჰყავს პროფესიული არმია, იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდები არ უნდა ფლობდნენ ელემენტარულ ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, როგორ დაიცვან თავი და რა გააკეთონ, როდესაც გბომბავენ და შენს ქალაქებსა და სოფლებში უცხო ქვეყნის ტანკები დადიან. მათ არ ასწავლიან, რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც დაჭრილ ამხანაგს არტერია აქვს გაგლეჯილი. სამოქალაქო თავდაცვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება სკოლებში აუცილებელია. ისე, სამოქალაქო თავდაცვა ამ დისციპლინის ერთ-ერთი კომპონენტია - ეს საგანი მოსწავლეს სამშობლოს სიყვარულსაც ასწავლის”, - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

”ახალი თაობის” ერთ-ერთი ავტორი, არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აპრილში ჩატარდეს. არჩევნების შემდეგ კი მთავრობაში ცვლილებები განხორციელდება და პრემიერ-მინისტრობა, შეიძლება, გია ჭანტურიას შესთავაზონ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG