Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ესტუმრა


პატრიკ ჰიკი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
პატრიკ ჰიკი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისს ესტუმრა. ევროპელ სტუმარს ქართველმა მასპინძლებმა დედაქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურა გააცნეს და საპატიო თბილისელის წოდებაც მიანიჭეს. დედაქალაქის მერს გიგი უგულავას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ თბილისი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკიმ და მასთან ერთად მყოფმა ევროპის 12 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმა თბილისის რამდენიმე სპორტული დარბაზი დაათვალიერეს, მოგვიანებით კი დიდუბეში პატრიკ ჰიკიმ თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად კომპანია ”ვისოლ-ჯორჯიას” სპორტული კომპლექსი გახსნა. 32 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული კომპლექსი თანამედროვე ველოტრეკს, რაგბისა და ფეხბურთის მოედნებს აერთიანებს. გახსნის ცერემონიალზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

აქვე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თბილისს სურვილი აქვს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს:

”ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, რადგან ეს თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი რამ. ნებისმიერი ქალაქი, რომელიც მოახერხებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებას და მასპინძლობას, მისი ინფრასტრუქტურა და მისი იმიჯი აბსოლუტურად იცვლება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.”

ამ სურვილის რეალობად ქცევისთვის კი თბილისმა სხვა პრეტენდენტთა შორის უნდა გაიმარჯვოს. ამისთვის დედაქალაქის საკრებულოში გაიხსნა ”თბილისი 2015-ის” შტაბი, რომელიც შეეცდება საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების მომხრეთა რიცხვი გაზარდოს. დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ოლიმპიადისთვის საჭირო პროექტების განსახორციელებლად.

თბილისს რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების პოტენციალი აქვს, ამაში პატრიკ ჰიკი ძიუდოს აკადემიის მონახულებისას დარწმუნდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისს მართლაც დიდი შანსი აქვს უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებს. რაც მთავარია, მე ვხედავ დიდ მონდომებას და გასათვალისწინებელია ქართული სპორტის ბოლოდროინდელი მიღწევებიცო, - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა. მის თბილისში ვიზიტს წინ უსწრებდა ექსპერტების ვიზიტი და მათ მიერ დედაქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის შესწავლა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, ექსპერტები კმაყოფილნი დარჩნენ.

”მათი გაოცება გამოიწვია იმან, რაც ჩვენ ვნახეთ. ამოდენა ძიუდოს აკადემია მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არა აქვს.”

ინფრასტრუქტურის მონახულების გარდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი საქართველოს განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინსაც შეხვდა და მასთან, სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებაც ისაუბრა.
XS
SM
MD
LG