Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირა ქართულ პრესაში თითქმის მთლიანად უკრაინის 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნებოდა. მოწინავე გვერდები, სათაურები, სტატიები - ალბათ, უკრაინაზე მეტს წერდნენ გაზეთები, ვიდრე საქართველოში მომხდარ მოვლენებზე. ორშაბათი უფრო ზოგადი შეფასებებით დაიწყო: ”რადასა და ცესკოს წინ უკვე კარვები გაიშალა, მოსალოდნელია თუ არა არეულობა უკრაინაში?” - კითხულობდა ”მთელი კვირა”. თუმცა კვირის დასაწყისიდანვე იწერებოდა ქართველ დამკვირვებლებზე. ”ასავალ-დასავალი“ წერდა: “ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში ბოგანოებად, მაწანწალებად, უვიცებად და უსაქმურებად გამოაცხადეს, მაგრამ მთავარია, გივი იქ იყო.”

გივი თარგამაძის სახელის ხსენება უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში უფრო და უფრო ხშირდებოდა. სამშაბათს ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიაში, სათაურით ”როცა გივიიი შინ არ არის...” , წაიკითხავდით: ”ქართული რევოლუციის ექსპორტის მცდელობა აღმოსავლეთ ევროპაში სრული კატასტროფით დამთავრდა - საქართველოს და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოეჭრა თავი. ახლა საკითხავი ის არის, მოსჭრიან თუ არა ხელს უკრაინელები ქართველ ერნესტო ჩე გევარას - გივი თარგამაძეს!”

სამშაბათიდანვე გაზეთებში უფრო და უფრო ხშირად შეხვდებოდით შეკითხვას: შეიცვლება თუ არა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა? ”უკრაინა საქართველოსთვის ის ”თამრო” აღარ იქნება, რომელიც იუშჩენკოს დროს იყო - სააკაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებს გვაკარგვინებს”, - წერდა ”ახალი თაობა”.

მთელი კვირის განმავლობაში გაზეთების ავტორები და რესპონდენტები კვლავ და კვლავ უბრუნდებოდნენ უკრაინაში გაგზავნილი ქართველი დამკვირვებლების ვინაობის საკითხს. აი, კვლავ ”ახალი თაობიდან” ციტატა:”არც ერთ არხს ერთხელაც არ უხსენებია, თუ რას წარმოადგენდნენ ქართველი დამკვირვებლები, რატომ არ იყო მათში არც ერთი ქალი ან რატომ ეწერათ სავიზო დოკუმენტებში, პროფესიის გრაფაში, ”უმუშევარი”. არც ერთ არხს - სხვათა შორის, არც ოპოზიციას - არ გასჩენია კითხვა, თუ საიდან დაფინანსდა 400 კაცის დონეცკში გაშვება ან სად იქნებოდა მოძიებული 3 მილიონამდე დოლარი უკრაინაში 2011-ივე დამკვირვებლის გასაგზავნად”.

კვირის ბოლოსკენ კი ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა ინფორმაციას რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც ქართველი მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ.”მერაბიშვილი-თარგამაძის სატელეფონო საუბრის სრული ვერსია და ამ სკანდალის უცნობი დეტალები”, ”ვანო მერაბიშვილი სკანდალში გაეხვია”, ”კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი უკრაინიდან - არასაპარლამენტო ოპოზიცია თარგამაძისა და მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ცდილობს” - ასეთი იყო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ტიპიური სათაურები კვირის ბოლოსკენ.

პარასკევს კი ”რეზონანსი” წერდა, გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინის სატელეფონო საუბარში, რომელიც უკრაინულმა პრესამ გაავრცელა, კანონიერი ქურდები არიან ნახსენებიო. გაზეთი წერდა, ამ საუბრისას ნახსენები პირები გია და ლაშა, შესაძლოა, უკრაინაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდები - გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი იყვნენო. ”ხმელო დონეცკში საწარმოებს აკონტროლებს და კარგი კავშირები ჰქონდა ”იაპონჩიკთან”, ახლა კი ”ურალმაშში” კახა ბენდუქიძის კუთვნილ წილს აკონტროლებს”, - ასე გაგვაცნო გია ხმელიძე ”რეზონანსმა”.

შაბათის ”ალია” კი სულ სხვა ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას. ”იუთუბზე” გამოჩნდა ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს სოდ-ის თანამშრომელი პანჩურს გილაურის მოადგილესო, - წერს გაზეთი. გაზეთი ასე აღწერს, თუ რა ხდება ვიდეოში: ”შუაღამისას პროსპექტზე ჩერდება მანქანა, გადმოდიან თანამშრომლები, გადმოჰყავთ ყვითელპერანგიანი, სათვალიანი ახალგაზრდა. შემდეგ ჩანს, როგორ ამოარტყამენ ყვითელპერანგიანს უკან ფეხს მთელი ძალით. ”ზემოდან ბრძანებაა, ძმაო, მეორესაც ამოარტყით!” - ისმის მითითება, რომელიც დაუყოვნებლივ სრულდება. ”თავისუფლები ხართ”, - ისმის ისევ. არც ერთი გათავისუფლებული პროტესტს არ გამოხატავს და მიდიან”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG