Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 28 იანვარი 2010


”რეზონანსი” წერს, რომ ”დღეიდან თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა კადრების განკარგულებაში გადადის”. ავტორი წერს, რომ ინფორმაცია მიიღო ერთ-ერთი ოფიცრისგან, რომელიც თავად ოთხი თვეა კადრების განკარგულებაშია. სტატიაში წაიკითხავთ: ”აღსანიშნავია, რომ ოფიცრების კადრების განკარგულებაში გადაყვანის პროცესი ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროში მისვლის დღიდან დაიწყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კადრების განკარგულებაში ოფიცრების უმრავლესობაა გადაყვანილი. მათ არც ხელფასს აძლევენ და არც სამსახურის აღდგენაზე ეუბნებიან თანხმობას. მეტიც, წაართვეს თავდაცვის სამინისტროში შესასვლელი დროებითი საშვებიც”, - წერს ”რეზონანსი”. სამხედრო ექსპერტები ამ პროცესს იმით ხსნიან, რომ ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების შემცირება აქვს განზრახული.

”ახალი თაობა” წერს, რომ ”ამ ცოტა ხნის წინ სააკაშვილის ახალ მემკვიდრეზე ალაპარაკდნენ, რომელიც ერთხელ უკვე მოიაზრებოდა საქართველოს პრეზიდენტად. პოლიტიკურ ავანსცენაზე ცოტა ხნის წინ გია ჭანტურია გამოჩნდა”. ავტორი წერს, რომ ჭანტურიას დაბრუნებაში გარკვეული წვლილი ამერიკასაც მიუძღვის, და ტექსტს ასე ასრულებს: ”ჭანტურია საქართველოში შემთხვევით რომ არ დაბრუნებულა, ამას ყველა ხვდება. იმასაც ყველა ხვდება, რომ ეს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ მომხდარა და, როგორც ამბობენ, ეს ”დაბრო” სააკაშვილს ამერიკამ მიაცემინა და ამერიკა სწორედ მასზე აკეთებს აქცენტს”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ კონსერვატორების ლიდერ ზვიად ძიძიგურთან. დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ძიძიგური ამბობს: ”იმაზე არ არის ლაპარაკი - ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ, თუ არ დაგვიბრუნებენ. საუბარია იმაზე, კიდევ უარეს მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ და რუსეთს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ცუდის გაკეთება. ამ კუთხითაც არის პრაგმატული იმაზე ვიფიქროთ ჩვენ, რომ რუსეთთან წივილ-კივილი და ისტერიკა კი არ გავმართოთ, არამედ ცივილიზებულ და ნორმალურ ფარგლებში გვქონდეს ურთიერთობა”, - ამბობს ძიძიგური.

რუსეთთან ურთიერთობის თემას ეხება პარტია ”ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარის, ვალერი კვარაცხელიას, ღია წერილი ჭაბუა ამირეჯიბს. ეს წერილი ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება. კვარაცხელია გაუოცებია ჭაბუა ამირეჯიბის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე მსჯელობასა და მის დამოკიდებულებას დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის მიმართ, რომელიც რუსეთში მოღვაწე ალექსანდრე ებრალიძემ დააწესა. კვარაცხელიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ”ვერსია”. კვარაცხელია ამბობს, რომ ნოღაიდელის მოქმედებაში მედროვეობას ხედავს, რადგან თვლის, რომ მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ახლა გახდა პრორუსული, თავად კვარაცხელია კი ყოველთვის რუსეთთან მეგობრობის მომხრე იყო. ვალერი კვარაცხელია ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს: ”შესაძლოა, ყველაფრის უკან სააკაშვილის პატრონები დგანან და ამ უმეცარი ლავირებით ქართველი ხალხისა და რუსეთის მოტყუებას ერთდროულად ცდილობენ... თუმცა, მაინც მგონია, პუტინს, როგორც ერთხელ სააკაშვილი შეაჩეჩეს, ნოღაიდელს ისე ვერ შეაჩეჩებენ.”

ნოღაიდელის პოზიციას, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლად საქართველო, როგორც ქვეყანა ვერ შედგება, ეთანხმება ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე. მასაც ”ვერსია” ესაუბრა. თუმცა, სანიკიძე დასძენს, რომ განსხვავება რუსეთთან ურთიერთობის ფორმებშია: ”როგორ ვაგვარებთ ურთიერთობას, თავ-ფეხიანად ვბარდები თუ რაღაც პირობებს ვუყენებ? განსხვავება ესაა და ამიტომ, ამ პროცესს ვემიჯნებიო”, ამბობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკაზე საუბრობს: ”ამ კაცს ან არჩევნებით ვუშვებთ, ან - მასობრივი გამოსვლებით. ”ფორუმის” პოზიცია მეორეა, რადგან არჩევნების არ მჯერა. ღმერთმა ქნას, ცა გაიხსნას, მიშას მხრებზე ანგელოზები დაასხდნენ და ის გააკეთოს, რაც იუშჩენკომ, მაგრამ ამისი არ მჯერა”, - ამბობს სანიკიძე ”ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათი” ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე წერს. ”რეალობა, რომელიც თბილისიდან ჩანს. რუსეთმა ჟენევაში უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტი დაბლოკა” - ასეთია პუბლიკაციის სათაური, რომელშიც წაიკითხავთ: ”ჟენევის მე-9 რაუნდის მოლაპარაკება საკმაოდ რთულ და ემოციურ ვითარებაში წარიმართა. დაძაბული რვა საათის შემდეგ მთავარ საკითხზე - უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტზე - გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG