Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სალუქვაძე - ტყვიის მსროლელი


10 იანვარი, კვირა
კვირაობით, როგორც წესი, წირვაზე დავდივართ. დღესაც ასე მოხდა. წავედით ეკლესიაში. თან მეც და ბავშვებსაც უფლება გვქონდა და ვეზიარეთ კიდეც.
ეს დაახლოებით 1 საათამდე გაგრძელდა და შემდეგ, რადგან მშივრები ვიყავით, საჭმელად წავედით. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ „გუდვილში“ პიცის დაგემოვნება. ძალიან გემრიელ პიცას აკეთებენ. „გუდვილში“ ცოტა გავერთეთ და იქიდან ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის ოჯახში გამოვიარეთ. ჩემებს ძალიან უხარიათ ბიძაშვილებთან ყოფნა. მოკლედ, წავედით და გავერკვიეთ ტექნიკის სიახლეებში.
ნინო 15 წლისაა. უკვე თავისი პირადი ცხოვრება აქვს. სულ მთხოვს: „აქ გამიშვი, იქ გამიშვი...“ ვისაც ვიცნობ და ვენდობი იმათთან ვუშვებ, სადაც არ ვიცი, რა ხდება, არ ვუშვებ. რა ვქნა, მაინც მეშინია. ცოტნე უფრო მიჯერებს, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ 12 წლის არის.
საღამოს სახლში დავბრუნდით და ადრე დავწექით დასაძინებლად, რადგან ორშაბათისთვის ვემზადებოდით.
თავისუფლების დღიურები - ნინო სალუქვაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:37 0:00

11 იანვარი, ორშაბათი
დილით 8 საათისთვის ავდექი, ვასაუზმე ბავშვები - შევასრულე დედის მოვალეობა - და სავარჯიშოდ წავედი ჩემი სახელობის ტირში. 11 საათისთვის დავიწყე ვარჯიში, რომელიც ოთხ საათს გრძელდება. პირველი განყოფილება არის 10-მეტრიან ტირში, სადაც პისტოლეტით სროლაში ვვარჯიშობ, ჰაერის პისტოლეტით სრულდება ეს ვარჯიში.
მერე 30 წუთი დავისვენე და გავაგრძელე ვარჯიში 25-მეტრიან ტირში სპორტული იარაღით სროლაში. ჩქაროსნულ სროლაში ვარჯიში 22 კალიბრის „გეკოს“ იარაღით ხდება. 3 საათამდე ვივარჯიშე.
ვარჯიშის შემდეგ ფედერაციაში წავედი - ტყვიის სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ. დღეს 2010 წლის საორგანიზაციო და ფინანსური საკითხები გვაქვს განსახილველი და დასალაგებელი.
17 საათზე შეხვედრა მქონდა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან დავით გობეჯიშვილთან - ახალაზრდულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომლებიც პირველად ჩატარდება სინგაპურში. მნიშვნელოვანი იყო იქ მოხვედრის უფლებებისა და დაფინანსების საკითხების გარკვევა. ვისაუბრეთ ჩვენი ბავშვების პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე, მათზე, ვინც გვინდა, მოხვდეს ამ ოლიმპიადაზე.
1990-დან 2005 წლამდე ტყვიის სროლა ჩვენში ჩამკვდარი იყო. 2005-ში გავხსენი ჩემი სახელობის ტირი და ამ საქმემაც დაიწყო ცოტა მოძრაობა. ახლა სწორედ ამ ტირში ვვარჯიშობთ ნაკრების წევრებიც და ახალგაზრდებიც. მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად, რადგან 15 ოლიმპიური სახეობიდან მხოლოდ ორში გვეძლევა ვარჯიშის შესაძლებლობა. ოლიმპიური მომზადებისთვის შეკრებებია საჭირო ღია სასროლეთზე, ასეთი კი საქართველოში არ გაგვაჩნია.
ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენთვის ასეთ დროს ერევანში წასვლაა, მეც იქ დავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ. იქ საერთაშორისო დონის ღია სასროლეთი აშენდა თავად სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით. მან თქვა, ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ ტყვიის სროლა ყველამ უნდა იცოდესო. როგორც გამოჩნდა, საქართველოში თავდაცვის მიზნით მით უმეტეს სჭირდებათ ადაიანებს ასეთი გამოცდილება.
საღამოს 7 საათისთვის შვილებთან ერთად დავბრუნდი სახლში, სადაც ყოველდღიური საოჯახო საქმეები დამხვდა.
12 გახდა... წავედი დასაძინებლად.

12 იანვარი, სამშაბათი
დილა იწყება 9 საათზე. ავდექით, ვისაუზმეთ. ბავშვებს არდადეგები აქვთ და სკოლაში არ მიდიან. სახლში მივხედე და შეხვედრაზე გავემგზავრე.
11 საათზე სპორტის დეპარტამენტში დავით ნამგალაურს და გია ნაცვლიშვილს შევხვდი. დავით ნამგალაური სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, ხოლო გია ნაცვლიშვილი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ვისაუბრეთ 2010 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე. ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე.
თათბირი ორ საათს გაგრძელდა, განვიხილეთ ბავშვების მონაწილეობა შეჯიბრებებსა თუ შეკრებებში, მათი დაფინანსების საკითხი, ასევე სასროლეთის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები.
1992-93 წლებში დაბადებული მოზარდებისთვის 2010 წლის აგვისტოში პირველად ტარდება ოლიმპიური თამაშები. მთელი აქცენტი ახლა მათ მომზედებაზე გვაქვს გადატანილი, რადგან მარტში იქნება ერთადერთი შეჯიბრი სადაც გათამაშდება ლიცენზიები. ჩვენ ნამდვილად გვყავს ისეთი პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთაც, სათანადო მომზადების შემთხვევაში, შეუძლიათ ოლიმპიურ დონეზე წარმატების მიღწევა.
როგორც ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დაგვპირდა, დუშეთში აშენდება ოლიმპიური ბაზა სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. იმასაც დაგვპირდნენ, რომ ამ ბაზაზე სასროლეთიც აშენდება. სწორედ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები ოლიმპიადისთვის მოვამზადოთ.
თათბირის შემდეგ შევიკრიბეთ ფედერაციაში - მწვრთნელები, გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტები. მე მათ გავაცანი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შედეგები, ფედერაციის 2010 წლის ბიუჯეტი, შიდა და გარე შეჯიბრებებისა და შეკრებების ამბავი, ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებული ნიუანსები. თათბირი 5 საათისთვის დამთავრდა და შემდეგ მქონდა შეხვედრა ჩემი შვილების რეპეტიტორებთან. მოვამთავრეთ სასწავლო პრობლემებიც და რვის ნახევრისთვის დავბრუნდი სახლში.
ვივახშმეთ, ვიმეცადინეთ, ჩავიბარე გაკვეთილები... სკოლას ვამთავრებ მესამედ! ალბათ გავაგრძელებ და ინსტიტუტსაც მესამედ დავამთავრებ.

13 იანვარი, ოთხშაბათი
დილა ისევ 9-ზე იწყება. ვდგები და ოჯახს ვუვლი.
11 საათზე ფედერაციაში მივდივარ და იმ ბავშვების მშობლებს ვხვდები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში სინგაპურში. გავაცანი მათ ჩვენი გეგმები და ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დრო დაეთმოთ სპორტისთვის, რადგან ეს საქმე მეტ ვარჯიშსა და მეტ თავდადებას მოითხოვს.
მე თვითონ ვარჯიში 13 საათზე დავიწყე. ვივარჯიშე ორივე სახეობაში, ანუ 25-მეტრიან სასროლეთზე და 10-მეტრიან სასროლეთზე. ვარჯიშმა ოთხ საათს გასტანა.
...პირველი ჩემი გამარჯვება 1985 წელს იყო, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, მაშინდელი იუგოსლავიის ქალაქ ოსიეკში. ამ ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ერთ-ერთი სროლის დროს ლულაში ტყვია გაიჭედა, რას წარმოვიდგენდი! მე კი მეორე ტყვია დავამატე და ორივე ერთად გავისრლე. ლულა გაიბერა მაგრამ ჩემ ბედზე არ გასკდა. დღესაც არ ვიცი, როგორ გადავრჩი. ტყვია კი იმიტომ გაიჭედა, რომ უხარისხო იყო. არადა, ეს საბჭოთა დროს ხდებოდა, ჩვენი ტყვიების დამზადების ტექნოლოგია გასაიდუმლოებული იყო, ხელმოწერით გვაძლევდნენ და მასრებსაც კი უკან ვაბარებდით. ვინ წარმოიდგენდა, რომ თურმე ტყვიაში დენთი არ იყო.
მიკლედ, ამან 2 ქულა დამაკარგინა და როცა მეორე ნახევარი მქონდა დასამთავრებელი, სიმწრისგან ისე მოვიკრიბე ძალა, იმდენად მაღალი ქულები ვაჩვენე, რომ ოქროს მედალი ავიღე.
საღამოს 7 საათის შემდეგ გავუარე ისევ ჩემს შვილებს თავიანთ მასწავლებლებთან და სახლში წამოვიყვანე. ისევ ყოველდღიური ოჯახური საქმიანობა, ისეთი, როგორიც ყველა ქალს აქვს და მეც მაქვს, რა თქმა უნდა.
მოგვიანებით სტუმრები გვეწვივნენ, რადგან ძველით ახალი წელი დგებოდა. რადგან ვმარხულობთ და 1 იანვარს ვერ ვხვდებით სათანადოდ, ძველით ახალ წელს უფრო მხიარულად ვატარებთ ხოლმე. მოკლედ, დილის 4 საათზე გავისტუმრეთ ყველა სტუმარი და დავიძინეთ.

14 იანვარი, ხუთშაბათი
შედარებით გვიან გავიღვიძე. ვისაუზმე და ტირში წავედი. შეხვედრა მქონდა ბავშვებთან - სპორტსმენებთან, რომლებსაც გასამგზავრებლად შენგენის ვიზებს ვუმზადებთ. 16 საათზე ამ ბავშვებს მშობლებთან ერთად გერმანიის საელჩოსთან უნდა შევხვედროდი. მოვიდნენ. შევიტანეთ საბუთები ვიზის მისაღებად. ორ საათს გასტანა ამ რთულმა პროცედურამ. როცა დამთავრდა, ისევ შევკრიბე ბავშვები მშობლებთან ერთად და საბოლოო დარიგებები მივეცი.
8 საათზე სახლში ვბრუნდები. ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო შვილებს და მათთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა მქონდეს.

15 იანვარი, პარასკევი
9 საათზე იწყება ჩემი დილა, როგორც ყოველთვის. 10 საათზე სამსახურში წავედი.
დღეს შეხვედრა მაქვს ფედერაციის თანამშრომლებთან და მწვრთნელებთან, 12 საათისთვის კი დანიშნული გვაქვს შეხვედრა სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. ფედერაციის წევრებმა დავით ნამგალაურისგან მოისმინეს მისი აზრი იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ყველს გვაწუხებს. ეს საკითხები გადასაჭრელი იყო და კვლავ 2010 წლის ბიუჯეტზე იყო საუბარი.
ვისაუბრეთ, ასევე, სროლის სახეობათა განვითარებაზე, კერძოდ, ბაზების აღდგენასა და მშენებლობაზე.
16 საათზე ფედერაციის წევრები ბატონ დავითთან ერთად არმიის სპორტულ კლუბში წავედით ტირის შესამოწმებლად. ვიმსჯელეთ, მის აღსადგენად ამ ეტაპზე რა არის საჭირო.
18 საათისთვის სასროლეთზე დავბრუნდი.
ტირში ახალი ტელევიზიის წარმომადგენლებს უნდა შევხვედროდი. ეს არის ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“. თითქმის ორ საათს გასტანა ჩვენმა საუბარმა.
საღამოს ახალგაზრდა სპორტსმენებმა, ჩვენი ტირის მწვრთნელებმა, და ფედერაციის წარმომადგენლებმა, ტირშივე აღვნიშნეთ ახალი წელი. 11 საათისთვის დავიშალეთ.

16 იანვარი, შაბათი
დღეს დილით რუს ჟურნალიტებს შევხვდი. დოკუმენტურ ფილმს იღებენ სახელწოდებით - „ერთი წელი ოლიმპიადის შემდეგ“. ეს ფილმი სპორტის ყველა სახეობას შეეხება, ტყვიის სროლას მე წარმოვადგენ. შესაძლოა, იმის გამოც, რაც პეკინის ოლიმპიადის დროს მოხდა.
ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ, რომ საქართველოში ომი დაიწყო. გასაგებია, რა განწყობაც გვექნებოდა. ურთულეს სიტუაციაში ვიყავით! ისიც კი ვიფიქრეთ, ოლიმპიადა მიგვეტოვებინა, მაგრამ პრეზიდენტმა გადაგვათქმევინა. ოლიმპიადა იხსნებოდა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოგვედგინა.
მეორე დღეს მქონდა ჩვენს სახეობაში სტარტი. ძალიან რთული იყო ფსიქოლოგიურად. კონცენტრირება მიჭირდა. საქართველოსთან კავშირი თითქმის არ არსებობდა, მხოლოდ ინტერნეტით თუ ვუკავშირდებოდით. გუნდში გვყავდა წარმომადგენლები ოსეთიდან, რომელთაც არც ერთი წუთით არ დაკლებიათ ჩვენგან გულშემატკივრობა და ჩვენც მათგან მხოლოდ დახმარებასა და მხარდაჭერას ვგრძნობდით. მე ვთვლი, რომ ეს ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან კარგად დამთავრდა შედეგების მხრივ, ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ დროს და იმ სიტუაციაში.
რაც მთავარია, ვიგრძენი მთელი მსოფლიოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ.
პრესკონფერენციაზე, რომელშიც ყველა პრიზიორი მონაწილეობდა, მთავარი ინტერესი ჩემს მიმართ იყო, რადგან ეს იყო პირველი მედალი ჩვენს დელეგაციაში ომის (და ოლიმპიადის) დაწყებიდან.
ოქროს მედალი ჩინელმა სპორტსმენმა მოიპოვა, „ვერცხლი“ - რუსმა, „ბრინჯაო“ - მე. დაჯილდოების ცერემონიაზე სამივემ ერთმანეთს მივულოცეთ წარმატება და ეს ფოტო პრესამ აიტაცა, როგორც სიმბოლო და გზავნილი მსოფლიოსთვის. ფოტო და მინაწერი ამ ფოტოზე: „სპორტი მშვიდობისთვის“.
დილით, სანამ ჟურნალისტებს შევხვდებოდი, ვარჯიში უკვე მოვასწარი.
ახლა რადიო თავისუფლებაში მივდივარ.
XS
SM
MD
LG