Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საია“ 90 დღიან პატიმრობას სასამართლოში ასაჩივრებს


თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მოძრაობის ”რატომ” წევრის მერაბ ჭიქაშვილის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი, რომლითაც 90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას მოითხოვს. მერაბ ჭიქაშვილი, რომელიც შს მთავარ სამმართველოსთან გამართული 15 ივნისის აქციის დროს დააკავეს, აცხადებს, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში არსებული პირობების გამო არათუ 90 დღის, არამედ კანონში ცვლილებამდე დადგენილი 30 დღის გატარებაც ადამიანისათვის მომაკვდინებელია.

ცვლილება, რომლის მიხედვითაც 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღემდე გაიზარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2009 წლის 17 ივლისს შევიდა. მერაბ ჭიქაშვილი კი, რომელიც მოძრაობის ”რატომ” ერთ-ერთი დამფუძნებელია, ორი დღით ადრე დააკავეს და 30 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. დღეს კი მისი სახელით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს არაკონსტიტუციურად ცნოს აღნიშნული მუხლი, რომელიც, მათივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-20 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება. პირველი იცავს ადამიანს არაჰუმანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელისგან, მეორე კი იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ორივე უფლება, და არამხოლოდ, - აცხადებს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი, - დიდი ხანია ირღვევა დროებითი დაკავების იზოლატორებში და, რაც მთავარია, კანონი არ არეგულირებს იმას, თუ რა ვითარებაში უნდა იყვნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები: ”სისხლის სამართლის წესით მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით არსებობს პატიმრობის შესახებ კანონი, რომელიც არ არის იდეალური, მაგრამ ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც პატიმრებისთვის უნდა იყოს შექმნილი - იქნება ეს ჰიგიენა, ჰაერზე გასეირნების უფლება თუ პაემანზე შეხვედრის უფლება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებულ პირებს, ნორმატიული ბაზა ამასთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობს.”

„საიას“ არგუმენტი კანონში ცვლილებების შეტანის დროსაც ეს იყო. თუმცა მაშინ საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო სექტორის შენიშვნები არ გაითვალისწინა: ”მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მართლა საგანგაშო პირობებია დროებითი დაკავების იზოლატორებში, როცა არანაირი აქტი არ არსებობს, რაც დაარეგულირებს ამ ხალხს რისი უფლება აქვს, 90-დღიანი სასჯელი გაუთანაბრდება არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობას. სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს არ გაითვალისწინა და 25 დეკემბერს კიდევ უფრო გაზარდა იმ დანაშაულებების სია, რომლისთვისაც 90-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.”

თავად მერაბ ჭიქაშვილი, რომლის სახელითაც მიმართავს „საია“ სასამართლოს, დროებითი დაკავების იზოლატორში გატარებულ დღეებს ასე იხსენებს: ”ეს იზოლატორი გათვლილია 72 საათზე, მაგრამ იქ 2 საათის გაჩერების შემთხვევაშიც კი ადამიანი, ფიზიკური თუ არა, ფსიქიკური პრობლემებით გამოდის გარეთ. წყალი, მაგალითად, პირდაპირ ტუალეტის გვერდზეა, არ არის დაცული არანაირი ჰიგიენური პირობები, გასეირნებაზე იყო უარი და მიზეზად რემონტს ასახელებდნენ...”

მერაბ ჭიქაშვილი მოითხოვს, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში არსებული ვითარება ყველა შესაბამისმა პირმა ნახოს:

” ხომ ამბობენ აკრედიტებული ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ პირობები გაუმჯობესდა დროებითი დაკავების იზოლატორში. წავიდნენ და ნახონ, რა ხდება რეალურად. და იქ მოხვედრისგან კი უკვე არავინ აღარ არის დაზღვეული - ნებისმიერი ადამიანი, პატრულთან შელაპარაკების თუ საგზაო წესის დარღვევის გამო, შესაძლოა იქ მოხვდეს და ისეთ პირობებში 90 დღე გაატაროს...”

“საიას“ სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ, მათი ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებს არა აქვთ გასეირნების უფლება, ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება: ”კანონში ცვლილების შემდეგ მიიღეს შსს-ში დებულება, რომ ასეთი დროებითი დაკავების იზოლატორები სწორედ შსს-ს ექვემდებარება და შს მინისტრი იღებს ინსტრუქციებს იქ მყოფ პირთა მიმართ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ეს ინსტრუქციებიც არ არის შემუშავებული და სრული ვაკუუმია დროებით იზოლატორებთან დაკავშირებით.”

გოცირიძე ასევე ამბობს, რომ წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა ჯერ კიდევ 2007 წელს საქართველოს შსს-ს მისცა რეკომენდაცია , რომ დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფ ადამიანებს, რომლებიც იქ 24 საათზე მეტ დროს ატარებენ, უნდა ჰქონდეთ სუფთა ჰაერით სარგებლობის უფლება თუნდაც ერთი სააათი დღეში. თუმცა, გოცირიძის განცხადებით, ეს რეკომენდაცია დღემდე შესრულებული არ არის.

აქვე გეტყვით, რომ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები თბილისში იმყოფებიან და მათთან შეხვედრას სწორედ ამ საკითხებზე იურისტთა ასოციაცია 5 თებერვალს გეგმავს. „საიას“ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადმინისტრაციული სასჯელისთვის განკუთვნილი 90 დღე არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, ანუ გაუქმდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG