Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 თებერვალი 2010


”საქართველოს შეთავაზება თურქეთს” - პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს გაზეთ ”24 საათში” წაიკითხავთ, აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ თურქულ მხარეს საქართველოს კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიულ გეგმაში ჩართვა შესთავაზა. შეთავაზება ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში ჩართულობის გზით რეგიონის მოსახლეობის ურთიერთდაახლოებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ იანვრის ბოლოს დაამტკიცა, პირველად ითვალისწინებს დიალოგის დაწყებას თურქეთში მყოფ აფხაზურ დიასპორასთან-მოჰაჯირებთან, მიუხედავად დიასპორაში არსებული ანტიქართული განწყობისა.

გაზეთ ”რეზონანსში” კი წაიკითხავთ სოციოლოგთა მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა შანსები აქვთ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებში ოპოზიციურ კანდიდატებს. გაზეთის თანახმად, სოციოლოგები ოპოზიციის აქტივობებს ამ მიმართულებით მკვეთრად უარყოფითად აფასებენ და შენიშნავენ, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებს. ოპოზიციას მოუწევს რაიმე მკვეთრად განსხვავებული და საინტერესო შესთავაზოს საზოგადოებას. თუკი ოპოზიციონერმა კანდიდატებმა სტარტი მალევე არ აიღეს, არჩევნებს წააგებენ, - აღნიშნავენ სოციოლოგები გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.

თბილისის მერის პოსტზე ”ალიანსი საქართველოს” მიერ წარდგენილი კანდიდატი ირაკლი ალასანია, თავის მხრივ, გაზეთ ”ვერსიას” მიუნჰენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, მასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული საუბრის დეტალებს უმხელს. ” ვილაპარაკეთ 12 აგვისტოს შეთანხმებასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაციაზე. მისი პასუხი დიდად არ განსხვავდებოდა იმ პოლიტიკური რიტორიკისაგან, რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ამ საკითხზე საუბრობენ. მან გაიმეორა, ჩვენ არ დაგვირღვევია შეთანხმებაო, და დაიწყო საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მიუღებელია - ზუსტად ვიცი, პრეზიდენტებმა რა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამიტომ ეს საკითხი დარჩა ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობის საგნად. სამაგიეროდ, ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი აშკარად იგრძნობოდა საგარეო საქმეთა მინისტრისაგან”, აღნიშნა ირაკლი ალასანიამ გაზეთ ”ვერსიასთან” საუბარში. ალასანიას განმარტებით, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება მართლაც უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებისა და დიალოგის საგანი, ოპოზიციას კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ საკითხზე რაიმე გავლენა იქონიოს.

გაზეთ ”ახალი თაობის” რესპონდენტი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საქართველოზე გავლენის შეფასებისას შენიშნავს, რომ კიევის უმაღლეს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოსვლა საქართველოს მისამართით დასავლეთის ყურადღებას კიდევ უფრო გააძლიერებს.
XS
SM
MD
LG