Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროს ზონის ქვეყნებმა არ შეისმინეს საბერძნეთის თხოვნა


ევროს მომხმარებელმა ქვეყნებმა საბერძნეთის თხოვნა, შეედგინათ ვალებში მყოფი წევრი ქვეყნების გადარჩენის გეგმა, ყურად არ იღეს. საბერძნეთს იქით მოსთხოვეს, დაზოგვის საკუთარი პროგრამა განახორციელოს. არადა, ეს ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშეა: მისი დეფიციტი 13 პროცენტს უდრის, ხოლო საერთო დავალიანება მთლიანი შიდა პროდუქტის 113 პროცენტს შეადგენს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირის ნორმით, შესაბამისად, სამი და სამოცი პროცენტია დასაშვები. საბერძნეთის საფინანსო პრობლემა ევროს კურსის დაცემას იწვევს და სხვა, ასევე ევროს მომხმარებელი ქვეყნების სტაბილურობას არყევს.

ფინანსთა მინისტრებმა უარი თქვეს საბერძნეთის მოწოდებაზე, შეიქმნას უსაფრთხოების ქსელი იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთი, ამ უზარმაზარი ვალების გამო, გადახდის უნარს საბოლოოდ დაკარგავს.

ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გეორგ პაპაკონსტანტინუმ ორშაბათ საღამოს კოლეგებთან ერთად სხდომაზე არგუმენტებიც მოიყვანა თავისი ქვეყნის თხოვნის გასამყარებლად - სახელდობრ, რომ ეს დაამშვიდებდა საფინანსო ბაზრებს და დაიცავდა სპეკულანტთა შეტევებისგან ევროს, რომელიც ბოლო ხანებში დოლარის მიმართ საგრძნობლად დაეცა. მისივე აზრით, ევროზონამ მექანიზმი უნდა შექმნას წევრების საფრთხისგან დასაცავად. მაგრამ მინისტრები არ აპირებენ ამგვარი მექანიზმის შემუშავებას - მათ მოსთხოვეს საბერძნეთს, სრულყოფილად აამოქმედოს დაზოგვის საკუთარი პროგრამა. ათენს ვადაც დაუთქვეს. აი, რა თქვა ევროს ჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა:

ჟან კლოდ იუნკერი, ევროს ჯგუფის ხელმძღვანელია
„მოველით, რომ საბერძნეთმა თავის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ სერიოზული მიდგომა დაამტკიცოს. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საბიუჯეტო დეფიციტის 4 საპროცენტო პუნქტამდე შემცირება. ევროპის კომისიას მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა წარედგინოს ანგარიში იმაზე, რომ საბერძნეთი სწორ გზაზეა. პირადად მე ვფიქრობ, რომ საბერძნეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა. ბაზრები არასწორად იქცევიან, როცა განაგრძობენ საბერძნეთზე შეტევას, რადგან ის ისედაც საჭირო ზომებს მიმართავს.“

თუ ყველაფერი გეგმით არ წარიმართა, განაცხადა იუნკერმა, ევროზონის მინისტრები უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ იმისათვის, რომ, საბერძნეთის დიდი ვალები, რომლებიც ასეულობით მილიარდს აღწევს, შემცირდეს. ეს კი ამ სფეროში საბერძნეთის სუვერენობას შეასუსტებს. ორშაბათს პრესკონფერენციაზე ევროპის კავშირის ეკონომიკისა და სავალუტო საქმეთა კომისარმა ოლი რენმა განაცხადა, რომ საბერძნეთის შემთხვევა ევროზონისთვის კარგი გაკვეთილი იყო:

„უმთავრესი გაკვეთილი, კრიტიკული გაკვეთილი, რომელიც ამ კრიზისისგან მივიღეთ, არის ის, რომ ევროს ზონის ქვეყნების ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის უფრო ფართო და ღრმა მეთვალყურეობაა საჭირო. ეს მოგვცემდა საშუალებას, დროულად დაგვენახა და დაგვეძლია დისბალანსი, ევროს ზონის მაკროსაფინანსო სტაბილურობის დასაცავად.“

საბერძნეთი ევროზონის მცირე წევრია, მასზე მთელი ეკონომიკური აქტიურობის 2,5 პროცენტი მოდის. თუკი ბაცილა სხვა ქვეყნებს, როგორიცაა პორტუგალია და ირლანდია, გადაედო ან მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იტალია და ესპანეთი, მაშინ გამოცდა უფრო მკაცრი იქნება.

მაგრამ პრობლემას ქმნის წელს ძალაში შესული ლისაბონის ხელშეკრულების ის მუხლი, რომლის თანახმადაც, ბრიუსელს არა აქვს უფლება წევრებს დახმარება გაუწიოს. აკრძალული არ არის ორმხრივი დახმარება, ერთ წევრისა მეორისათვის, მაგრამ გერმანია გულცივად იქცევა, რადგან მოელის, რომ მას მეტის გადახდას მოსთხოვენ. გერმანიის მთავრობას აფერხებს ის, რომ, გამოკითხვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია საბერძნეთისთვის დახმარების გაწევისა.

ახლახან გამომჟღავნდა, რომ 2001 წელს საბერძნეთი გაყალბებულ სტატისტიკურ მონაცემებს წარადგენდა ევროს ზონაში მოსახვედრად და მუდმივად მალავდა მზარდ ვალებს. როგორც პრესა - სხვათა შორის, „ნიუ იორკ ტაიმსი“ - იუწყება, ნიუ-იორკის უოლ-სტრიტის ერთ-ერთი საფინანსო ფირმა ეხმარებოდა საბერძნეთს, ევროკავშირის დავალიანების დაშვებული ნორმისთვის გვერდი აევლო და ის დაემალა. ადრე თუ გვიან გამოჩნდება, რამდენ ხანს მოითმენენ საბერძნეთის მოქალაქეები ამ ეკონომიას. მთავრობა 2012 წლისთვის აპირებს დეფიციტი დასაშვებ ნორმამდე დაიყვანოს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, პროგნოზი ძალიან ოპტიმისტურია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG