Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სამართალდამცავები პირველ მარტამდე მოსახლეობას უკანონო იარაღის დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ


ყოველდღიურად, ცხინვალის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით, სამართალდამცავები გამოდიან და პირველ მარტამდე მოსახლეობას უკანონო იარაღის დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნის დაწყების თაობაზე აფრთხილებენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით რეგისტრირებული იარაღის შენახვა დაშვებულია, მაგრამ აგვისტოს ომის დროს, როცა კოკოითიმ საკუთარ მთავრობასთან ერთად ცხინვალი დატოვა და ვლადიკავკაზში გადავიდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ იარაღის საწყობები გატეხა. შედეგად, დიდძალი იარაღი რიგითი მოქალაქეების ხელში აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ომის დამთავრების შემდეგ უკანონო იარაღით დატვირთული, ცხინვალიდან ჩრდილო კავკასიისკენ მიმავალი ერთი სატვირთო მანქანა რუსმა მესაზღვრეებმა როკის გვირაბთან დააკავეს. კოკოითის ხელისუფლება მეორე წელია ხალხში გაბნეული იარაღის ამოღებას ვერ ახერხებს. იარაღის საბოლოო რეგისტრაციამდე ერთი კვირა რჩება. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვალერი ვალიევი კი ყველა იმ კორპუსისთვის ალყის შემორტყმით და სპეცოპერაციის ჩატარებით იმუქრება, საიდანაც ყოველ ღამით სროლის ხმა ისმის.
XS
SM
MD
LG