Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორი ზარალს ითვლის


Georgia -- Windstorm damaged school in Gori, 23Feb 2010
Georgia -- Windstorm damaged school in Gori, 23Feb 2010
გორის მე-5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. გუშინდელმა ძლიერმა ქარმა სკოლას სახურავი მთლიანად გადახადა. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა პედაგოგმა. ამჟამად, სახურავის ნარჩენები ეზოშია მიმობნეული. ჩაწყვეტილია ელექტროენერგიისა და სატელეფონო სადენები.

სკოლასთან მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. სკოლის დირექტორის ალექსანდრე მღებრიშვილის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ამოვარდნილი ქარიშხლის დროს სკოლაში სწავლა უკვე დამთავრებული იყო და შენობაში აღარავინ იმყოფებოდა.

გორის მე-5 საჯარო სკოლა
ძლიერმა ქარმა სკოლის სამნეო ნაწილის ხელმძღვანელის მიხეილ თენაძის ავტომანქანაც დააზიანა, რომელიც იმ დროს შენობასთან იდგა. დაზიანებული ავტომობილის სახურავის ნარჩენებიდან გამოყვანა მხოლოდ დღეს მოხერხდა.

სკოლის გარდა ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ორ საცხოვრებელ კორპუსსაც. ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარებისთვის უკვე მიმართა ხელისუფლებას.

ხელისუფლება ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ფინანსური რესურსებით დაზიანებული კორპუსების შეკეთება მოხდება, სკოლის გადახურვა კი განათლების სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქარი დღის ბოლომდე ჩადგება. ხვალიდან კი გამოიდარებს. სკოლასთან და კორპუსებთან მიმობნეული სახურავის ნარჩენებისგან გასუფთავება დღეიდან დაიწყება.
XS
SM
MD
LG