Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითი: ჩვენ ავაშენებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოს


ედუარდ კოკოითი, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ედუარდ კოკოითი, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ოლეგ კუსოვი ვლადიკავკაზში შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის. დე ფაქტო პრეზიდენტმა ოლეგ კუსოვის შეკითხვაზე, თუ რა გზას სურს დაადგეს რეგიონს - რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ ერთეულთან, ჩრდილოეთ ოსეთთან, შერთების თუ დამოუკიდებლობისა, კოკოითიმ პასუხის გაცემა დაიწყო თეზით, აქ მთავარი სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებააო:

„რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკა უნდა აიგოს სურვილზე, რომელსაც გამოხატავს სამხრეთ ოსეთის ხალხი. ამ ხალხმა მოაწყო რეფერენდუმი და თავისი სურვილი ცხადად და ზუსტად გამოხატა. ახლანდელი რეალიების, დამოუკიდებლობის აღიარების გათვალისწინებით, - როცა სამხრეთ ოსეთი აღიარეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს კანონზომიერია, - ჩვენ ავაშენებთ დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოს. ჩვენ მადლიერების გრძნობას გამოვხატავთ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ეს ასეა საუკუნეების განმავლობაში. დღეს რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ ოსეთი ფეხზე დადგეს, როგორც დამოუკილებელი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი ადანაშაულებს რუსეთს სხვისი ტერიტორიების ანექსიაში, მაგრამ ეს ასე არ არის. რუსეთს ჩვენთან ურთიერთობა აქვს როგორც სახელმწიფოსთან, ჩვენთან ხელს აწერს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებს. სახელმწიფო, რომელიც ტერიტორიების ანექსიას ახდენს, ასეთ შეთანხმებებს არ დებს და არც მკაცრად ასრულებს. ამიტომ ჩვენ ავაშენებთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს.“

ჩვენმა კორესპონდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასება მოიშველია და კოკოითის უთხრა, ისინი თვლიან, რომ აღდგენითი სამუშაოები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობსო. დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ოპოზიციას კი ასეთ შეფასებას აძლევს:

„რაც შეეხება ოპოზიციას, ის არის სამხრეთ ოსეთში. განაწყენებული ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრესის ფურცლებზე თავს ოპოზიციად ასაღებს, პრაქტიკულად სამხრეთ ოსეთის ის ყოფილი მოხელეები არიან, რომლებმაც თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ ამოცანას და ახლა მათთვის დიდი პატივია, ოპოზიციად ითვლებოდნენ. ეს განაწყენებული ხალხია. აღდგენითი სამუშაოები მიდის, მაგრამ არა საჭირო ტემპით. ზოგი ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის აღდგენა ორ თვეშია შესაძლებელი, სხვები თვლიან, რომ ეს ერთი წლის საქმეა. მაგრამ ინფრასტრუქტურა ოცი წლის განმავლობაში ნადგურდებოდა (ეს არ იყო ხუთდღიანი ომი), ოცი წლის მანძილზე მთელი ინფრასტრუქტურა მოისპო.“

ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ აღსადგენია ბევრი რამ და, შესაბამისად, ამას დრო სჭირდება. მისი თქმით, ის, ვინც ხელმძღვანელობის და მთელი სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას მიმართავს, არაწესიერი ხალხია. კოკოითიმ ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, აღდგენის საქმეს ძალიან საფუძვლიანად ვუდგებით, გვსურს ძლიერი ბაზა შევქმნათ აღდგენის საქმეში, იმავე გზას არ დავადექით, რომლითაც წავიდა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, ანუ „პიარის“ გზასო. კოკოითისვე ინფორმაციით, შენდება ძალიან ხარისხიანი სახლები, სრულიად აღდგება კომუნიკაცია და განახლდება გზები. მისივე თქმით, წელს მისი ხელისუფლება აპირებს დაიწყოს ეკონომიკის აღდგენაც:

„ჩვენ ძალიან სერიოზული პროექტები გვაქვს, ძალიან სერიოზულად ვუდგებით და მხარს ვუჭერთ კერძო მეწარმეობას. ვინც ქართული აგრესიის დროს ზარალი ნახა, ყველაფერი ავუნაზღაურეთ. რაც შეეხება სხვებს, ჩვენ გვაქვს მასშტაბური პროექტები, უფრო ფართო, ვიდრე ზოგიერთები ფიქრობენ. იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღდგეს, საჭიროა მასშტაბური და გლობალური მიდგომა.“

ჩვენმა კორესპონდენტმა დე ფაქტო პრეზიდენტს ჰკითხა მისი მთავრობის ხელმძღვანელის ვადიმ ბროვცევის გადადგომის ირგვლივ გავრცელებული ცნობების შესახებ. კოკოითის ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ სურს:

„ამ საკითხის კომენტირებაც კი არ მსურს. ვადიმ ბროვცევთან მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის კარგი პროფესიონალია და მისთვის რაღაცების მიწერა იმ ხალხის საქმეა, ვისაც სამხრეთ ოსეთისთვის სიკეთე არ უნდა.“

რაც შეეხება ჟურნალისტ ფატიმა მარგიევას დაკავებას, ედუარდ კოკოითის ამის თაობაზე ასეთი პასუხი აქვს:

„ მე სასაცილოდ მიმაჩნია ასეთი ხალხის უფლებადამცავებად მონათვლა. ის, ვის დედობაზეც შვილები უარს ამბობენ, სამართალდამცველია? მე არ მინდა ის განვსაჯო, ეს მორალის საკითხია, მისი პრობლემაა. მაგრამ თუკი ყველა დამნაშავე თავს გაასაღებს უფლებადამცავად, ოპოზიციად...

მარგიევასთან ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის ამბავია - ჯერ კიდევ იმ დროის, როცა ის ფული მიითვისა, რომელიც პირადად მე გადავეცი სტუდენტთა ინტელექტუალური კლუბისათვის. იკითხეთ, თუ არსებობს კლუბი, რომლითვისაც სახსრები პრეზიდენტმა გადასცა მარგიევას. რა თქმა უნდა, არა. მას მერე დაიწყო ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერობა მარგიევასი, რომლის სახლშიც მთელი არსენალი აღმოაჩინეს... მას მერე გახდა ის უფლებადამცავი. არსებობს კანონი და ეს არაა პრეზიდენტის საქმე - ყველაფერს მართლმსაჯულება გაარკვევს“, - უთხრა ჩვენს კორესპონდენტს, ოლეგ კუსოვს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ. საუბარი ვლადიკავკაზში შედგა.
XS
SM
MD
LG