Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკმა ისევ მოახერხა, ევროკავშირის მინისტერიალის მსჯელობის საგანი გამხდარიყო


კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი
კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი
ბრიუსელში ორშაბათს გამართულ ყოველთვიურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს უკრაინის, ავღანეთის, ირანის შესახებ და ასევე იმ ეჭვის თაობაზე, რომ ისრაელის საიდუმლო სამსახურმა პალესტინელი მეამბოხე მოკლა და ამ დროს ევროპის კავშირის ყალბი პასპორტები იქნა გამოყენებული. მაგრამ მთავარი საკითხი - ის ბოლოს დაემატა დღის წესრიგს - ბელორუსია იყო.

მინსკმა კიდევ ერთხელ მოახერხა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობის საგანი გამხდარიყო. ამჟამად დისკუსიის საგანი იყო იქაური ხელისუფლების დამოკიდებულება პოლონური უმცირესობისადმი. პოლონეთის მთავრობის მოთხოვნით შედგა ამ თემის განხილვა. ახლახან ბელორუსიაში მცხოვრებ პოლონელთა კავშირის აქტივისტების დაპატიმრებას დიდი ხმაური მოჰყვა. მართალია, ისინი მალევე გაუშვეს, მაგრამ პოლონელთა თემის შენობებში ხელისუფლების შესვლამ, ანუ პოლონელთა კავშირის წინააღმდეგ ქმედებამ, საკმარისი მიზეზი მისცა ვარშავას კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ბელორუსიის სურვილის ნამდვილობა, რომ ევროკავშირთან ურთიერობის განვითარებას ესწრაფვის. პოლონეთის წერილში, რომელიც მიმართულია ევროკავშირის მთავრობებისადმი, წაიკითხავთ, რომ თუკი ასეთი უარყოფითი ტენდენციები გაგრძელდა, ეჭვის ქვეშ დადგება ევროკავშირის და ბელორუსიის ურთიერთობა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა, გასულ კვირაში გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა გაფრთხლებას, რომ ბელორუსიასთან ევროკავშირის ურთიერთობა რისკს შეიცავს. ორშაბათს პრესკონფერენციაზე ეშტონმა შემდეგი განაცხადა:

„შეშფოთებულნი ვართ პოლონელთა კავშირისა და მისი ხელმძღვანელის ანჟელიკა ბორისის მიმართ პოლიციის ქმედებით. ეს მოვლენები ბელორუსიის ხელისუფლებთან ჩვენს ურთიერთობაში უკანსვლას იწვევს.“

მაგრამ ეშტონმა იქვე განმარტა, რას აპირებს ბრიუსელი:

„სანქციებზე არ გვიმსჯელია. რაზეც ვიმჯელეთ, ეს ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიალოგზე მოლაპარაკების შესაძლებლობა იყო.“

ბელორუსიას სულ ახლახან გაუუქმეს აკრძალვა, რომელიც მისი ლიდერებისთვის ვიზის გაცემას ეხებოდა. მინსკი ჩართეს აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამაში. ბელორუსიას მომავალში, მოლაპარაკების შემდეგ, დახმარებაც ელოდა დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. აქვე გეტყვით, რომ ბელორუსიაში პოლონელთა კავშირის ხელმძღვანელი ანჟელიკა ბორისი ამ კვირაში ბრისულეშია. კეტრინ ეშტონმა ორშაბათს თქვა, რომ მარტში ამ საკითხს კვლავ განიხილავენ.

ბელორუსიის გარდა, ბრიუსელში შეკრებილმა მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინაზე, ქვეყანაზე, სადაც არჩევნები გაიმართა, სადაც პრეზიდენტის თანამდებობაზე დღემდე არადასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ეშტონმა გამოაცხადა, რომ ის დაესწრება იანუკოვიჩის ინაუგურაციას. ევროკავშირი აპირებს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავებას და გაძლიერებას. ის შეფიქრიანებულია უკრაინის ეკონომიკის გამო და მოუწოდებს მას გააგრძელოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს პირობაა ევროკავშირისა კიევის მიმართ, სანამ უკრაინას, კრედიტის სახით, 6 მილიარდ დოლარს გამოუყოფდეს. მასვე პირდებიან 600 მილიონ ევროს, - „კრიტიკულ პაკეტს“,- რომელიც ეკონომიკის განსაკუთრებით სუსტ სფეროებს უნდა მოხმარდეს. თავის მხრივ, უკრაინამ უნდა მიიღოს, ევროკავშირის წყაროების შეფასებით, რეალისტური ბიუჯეტი.

მოლდავეთთან დაკავშირებით ბრიუსელში შეკრებილებმა მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც სეპარატისტული დნესტრისპირეთის ლიდერების მიმართ სანქციები, რომლებიც ვიზების გაცემას შეეხება, ძალაში დარჩება კიდევ 12 თვით. თუმცა მოელიან, რომ ამ შეზღუდვას გააუქმებენ სექტემბრის ბოლოს. ორშაბათს ამ „აკრძალვის სიიდან“ სამი პირის გვარი ამოიღეს.

ევროპის კავშირის მინისტრები მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ პალესტინელი მეამბოხის მაჰმუდ ალ მაბჰუჰის მკვლელობის გამო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში დუბაიში ჩადენილი მკვლელობა მოაწყვეს პირებმა, რომლებმაც ევროპის კავშირის ქვეყნების მოქალაქეთა ყალბი პასპორტები გამოიყენეს და ისინი შეიძლება ისრაელისთვის მუშაობდნენ. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ კეტრინ ეშტონმა წაიკითხა ამ საკითხზე ევროკავშირის განცხადება, სადაც დაგმობილი იყო მკვლელობა და ევროკავშირის მოპარული დოკუმენტების გამოყენება, თუმცა სიტყვა ისრაელი არ უხსენებია:

„20 იანვარს მაჰმუდ ალ-მაბჰუჰის მკვლელობა დუბაიში წარმოაჩენს საკითხს, რომელიც ძალიან აღელვებს ევროპის კავშირს. ეს იყო ქმედება, რომელიც ვერ შეუწყობს ხელს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას და სტაბილურობას. ევროპის კავშირი მკაცრად გმობს ფაქტს, რომ მათ, ვინც გარეული იყო ამ აქტში, იხმარეს ევროკავშირის ყალბი პასპორტები და საკრედიტო ბარათები, რომლებიც ევროპის კავშირის მოქალაქეთა მოპარული ვინაობით იყო გაცემული.“

ორშაბათსვე ბრიტანეთისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ისრაელ კოლეგას ავიგდორ ლიბერმანს. თვითონ ეშტონმა კი თქვა, რომ ის ამ შეშფოთებას ლიბერმანთან შეხვედრისას მას თვითონ გადასცემს. სხვა ორმა ქვეყანამ, რომლებიც, ბრიტანეთსა და ირლანდიასთან ერთად, დაკავშირებულნი არიან საქმესთან, - საფრანგეთმა და გერმანიამ, - გამოაცხადა, რომ თვითონ გამოიძიებენ საქმეს.

რაც შეეხება ირანს და მის ბირთვულ პროგრამას, ბრიუსელში დაგმეს თეირანი, რომელიც უარყოფს მსოფლიოს გარკვეული ქვეყნების კომპრომისულ გეგმას ურანის გამდიდრების შესახებ, და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ მომავალ სანქციებს, თუკი ისინი დაწესდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG