Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ასანიძე - ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი


13 დეკემბერი, კვირა
კვირადღე თავისუფალი მაქვს და მეც ოჯახთან ერთად ვარ. გუშინ „შერატონ მეტეხი პალასში“ დიდი ღონისძიება იყო, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ არჩევნებს მიეძღვნა. პროტესტის ნიშნად, გვიანობამდე დავრჩი ამ აქციაზე და დღეს გვიან ავდექი, 11 ხდებოდა.
ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად საახალწლო ნაძვისხე მოვრთეთ - ძალიან გაიხარეს ბავშვებმა!
საღამოს მეგობრებთან ერთად სკა-ს დარბაზში ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის - ჯანსაღი ცხოვრების წესი! საღამო კი ისევ ოჯახთან ერთად გავატარე.
მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ ჩაიარა სეპარატისტულმა არჩევნებმა. ახალი არც არაფერი მომხდარა, ისევ ისე გვახვევენ თავს თავიანთ რუსულ პოლიტიკას.
დღეს ადრე უნდა დავისვენო. ხვალ სამუშაო დღე მაქვს.

14 დეკემბერი, ორშაბათი
დილით ადრე ავდექი, რადგან 9 საათზე ვარჯიშზე უნდა წავიდე სპორტის დეპარტამენტის დარბაზში. უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. დილა ისევ სპორტულად დავიწყე...
11 საათზე სამსახურში ვიყავი და დილის გრაფიკს გადავავლე თვალი. ბევრი ახალი კანონი გვაქვს განსახილველი ამ კვირაში და აუცილებლად მისაღები. ვინაიდან გაზაფხულის არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი საკითხია შესათანხმებელი და კენჭსაყრელი. თანაც, წლის ბოლო მოდის და ამ კვირაში მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დავამტკიცოთ მესამე მოსმენით.
სხვა ორშაბათების მსგავსად, არც ამ დღის გრაფიკი იყო დაუტვირთავი. დღის 3 საათზე ბიუროა. უნდა განისაზღვროს კვირის გრაფიკი. აღსანიშნავი ისაა, რომ ხალხი ყოველ კვირას ელოდება უკეთესობას და ჩვენც ამ პროცესში ვეძებთ გამოსავალს.
5 საათზე სპორტის დეპარტამენტში ვარ და მომავალი წლის გეგმებს და წესდებას განვიხილავ თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად - იმას, რაც მნიშვნელოვნია სპორტული ფედერაციებისათვის. ვინაიდან 2010 წლის ბიუჯეტი პროგრამულია, არის საკითხები, რომლებიც კოორდინაციას მოითხოვს.
საღამოს ისევ ოჯახთან ერთად ვარ და ამით ყველზე მეტად ვმშვიდდები.

15 დეკემბერი, სამშაბათი
დღეს სხდომაა და დილიდან მომიწია პარლამენტში მისვლა. რეგისტრაცია გავიარე, მერე კი სასწრაფოდ წავედი საჩხერეში. მეგობრის დედის დაკრძალვაა და ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია. მალევე უნდა დავბრუნდე, რადგან საღამოს კენჭისყრებია.
დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და სახლში სამზადისია. პარალელურად, ვულოცავ კიდევ ერთხელ. ის ოთხი შვილის დედაა და მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
საჩხერიდან 5 საათზე დავბრუნდი. პირდაპირ პარლამენტში მომიწია მისვლა, თუმცა, 8 საათამდე არ იქნება კენჭისყრები და მეც ისევ სახლში გავვარდი, რომ გამეგო - ხომ არაფერი უნდათ. იქ უკვე დიდი სუფრა აქვთ გაშლილი და მეგობრებთან ერთად მელოდებიან. ერთ საათს დავრჩი. თითქმის სულ ქალბატონები იყვნენ. მეც, თავისუფლება მივეცი და წამოვედი ისევ პარლამენტში. აი, მათ კი მოილხინეს. გვიან ისევ შევუერთდი და ცოტა დავლიე კიდეც.

16 დეკემბერი, ოთხშაბათი
დილა ისევ სპორტული ცხოვრებით დავიწყე. 9 საათზე ისევ სპორტის დეპარტამენტში ვარ და ფეხბურთს ვთამაშობ. დამამტვრიეს! ცოტა ფეხი ვიტკინე, თუმცა მიჩვეული ვარ ტრავმებს.
12 საათზე სამსახურში ვარ. რამდენიმე მოქალაქესთან შეხვედრა მაქვს პარლამენტში. ვინაიდან ეს კვირა სასესიოა, პარლამენტში მიწევს მოქალაქეების მიღება.
რა თქმა უნდა, უმეტესობა დასაქმებას ითხოვს. კრიზისულ პერიოდში ცოტა რთულია ყველა ასეთი საკითხის მოგვარება და მეც ვცდილობ, გავიზიარო მათი გასაჭირი და პერიოდულად მაინც შევუწყო ხელი. დღეს 11 მოქალაქეს შევხვდი, აქედან რვა სწორედ დასაქმებას ითხოვდა, სამი კი - საპროცესო გარიგებას პროკურატურასთან. 1 ოქტომბრიდან ასეთი საკითხების მოგვარება გვეკრძალება. არადა, მოქალაქეთათვის ძნელია ამ ყველაფრის გაგება.
ჩემი სადეპუტატო რაიონი, გლდანი, ძალიან დიდია და პრობლემაც ბევრია. თუმცა, ძალიან ერთსულოვნად ვმუშაობ გამგეობასთან და პრობლემებსაც ერთად ვაგვარებთ.
პრიორიტეტია ინფრასტრუქტურა, სოციალური პრობლემები და დასაქმება. დღეს გამგებელი მერიაშია და 2010 წლის გეგმებს განვიხილავთ. კარგ გუნებაზე დაბრუნდა გამგებელი: მიუხედავად კრიზისისა, არ ჩერდება ქალაქის კეთილმოწყობა და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც გზებს უკავშირდება. ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ მერიისაგან და, ძირითადად, შიდა გზების 70 პროცენტის რეაბილიტაციაზე შევთანხმდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ასეთი პროექტები უფრო მეტად დაასაქმებს მოსახლეობას, ვინაიდან მასში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ჩვენც აშკარად ვხედავთ, ადამიანთა რაოდენ დიდი რიცხვი სჭირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საღამოს სახლში ვარ. ვემზადები ოჯახურ გარემოში - ხვალ ბარბარობაა!

17 დეკემბერი, ხუთშაბათი
ყველას ვულოცავ ბარბარობას! ფარავდეს სრულიად საქართველოს მისი მადლი და ძალა!
დილით ოჯახთან ერთად ვაკის ეკლესიაში წავედით და წირვას დავესწარით.
მართალია, ბარბარობაა, მაგრამ სამუშაო რეჟიმი ჩვეულებრივია: სამსახურში უნდა წავიდე. ბატონ თავმჯდომარესთან ერთად შეთანხმდა პარასკევის სასესიო საკითხები, 4 საათზე კი ბიუროა და ეს საკითხები უნდა დავამტკიცოთ.
ბოლო სასესიო კვირაა და ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. თუმცა, მათი სიმრავლე და სირთულე არ გვაშინებს - ამ კვირასაც გავართმევთ თავს.
ბიუროს შემდეგ უმრავლესობის სხდომაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ერთად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომლებიც ხალხს აინტერესებს. და ეს ყველაფერი გამჭვირვალე იყოს. ამ პასუხისმგებლობას მართლაც კარგად ართმევს თავს უმრავლესობის ლიდერი, ბატონი პეტრე ცისკარიშვილი.
საღამოს ისევ სახლში ვარ. პატარა სუფრა გვაქვს - ბარბარობას აღვნიშნავთ. ბევრი ლობიანი... წითელი ღვინო... გაუმარჯოს საქართველოს!

18 დეკემბერი, პარასკევი

დილა ჩვეულებრივ, სპორტულად დავიწყე. ბავშვები სკოლაში უნდა მიმეყვანა, მაგრამ „ღორის გრიპის“ გამო სწავლა შეჩერებულია. 11 საათზე სხდომაა და მეც პარლამენტში ვჩქარობ. წლის სასესიო სხდომების ბოლო დღეა და ინტერესიც მაღალია, ბევრი საკითხი სასწრაფოდ მოითხოვს გადაწყვეტას. ამასთან ერთად, საზოგადოებრივი ტელევიზიის წევრების არჩევნებიც არის - შვიდ ვაკანტურ ადგილზე.
ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია სპორტის კანონი, ბავშვთა ფიზიკური აღზრდის კონცეფცია და ახალგაზრდული კანონი, რომელზეც რვა თვეზე მეტია, ვმუშაობთ კომიტეტთან და აპარატთან ერთად. წელს შევთანხმდით სამინისტროებთან და კომიტეტებთან ერთად, რომ მომავალი წლიდან დავიწყოთ პროცედურები და საგაზაფხულო სესიისათვის ჩატარდეს ამ კანონების შიდა განხილვა. საზოგადოებაც ამას ელოდება.
დღე მართლაც მძიმე და რთული იყო, მაგრამ - პროგრესული. დღის წესრიგის ყველა საკითხი თითქმის მიღებული იქნა და კენჭისყრები გვიან დამთავრდა. კენჭისყრების შემდეგ კი სახალხო დამცველის მოხსენებაა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს მოითხოვს.
სახლში რომ მივედი, თითქმის 11 საათი იყო. დამღლელი დღე გამოვიდა, თუმცა - სასიამოვნო!

19 დეკემბერი, შაბათი
ყველას ვულოცავ ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ უფალი!
ოჯახის წევრები ეკლესიაში წავიდნენ, მე კი ქუთაისში მივდივარ - წლის ბოლო, შემაჯამებელი შეჯიბრი გვაქვს ძალოსნობაში. კარგია, როდესაც ხედავ, როგორ იზრდება მომავალი თაობა შენს თვალწინ. და ეს მართლაც საინტერესოა: ამათგან რომელიმე ხომ დიდი და სახელოვანი ძალოსანი გახდება!
დღის მეორე ნახევარში საშინელი ამბავი გავიგე. დიდების მემორიალის დემონტაჟს მსხვერპლი მოჰყვა და დედა-შვილი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა შეწყვიტა ვიზიტი დანიაში და ქუთაისში ჩამოვიდა. მართლაც ტრაგიკული დღე იყო!
როგორ გინდა ანუგეშო გარდაცვლილების ოჯახი?! ხელისუფლებასა და საზოგადოებას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ, დემონტაჟის შემსრულებელი კომპანია უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, ამ ამბავს ავიცილებდით... დიდი პასუხისმგებლობაა და, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები გაარკვევენ, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
ცხოვრება გრძელდება და მინდა ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი. გვფარავდეს უფალი!
და ერთსაც ვიტყვი - რწმენა გადაარჩენს საქართველოს.
XS
SM
MD
LG