Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 28 თებერვალი


ბერლინის კინოფესტივალის დახურვიდან ერთი კვირა გავიდა, მაგრამ კინემატოგრაფიულ წრეებში არ წყდება დისკუსია საიუბილეო ”ბერლინალეს” შედეგებზე, დიდი გერმანელი რეჟისორის ვერნერ ჰერცოგის ჟიურის გადაწყვეტილებაზე. რამდენად ასახავს ჟიურის გადაწყვეტილება მსოფლიო კინოში მიმდინარე ცვლილებებს და რამდენად მნიშვნელოვანია თავად კინოხელოვნებისთვის ბერლინის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები? კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰერცოგის მიერ დაჯილდოებული ფილმები - თურქი რეჟისორის სემინ კაპლანოღლუს ”თაფლი” (გაგახსენებთ, რომ 14 წლის თურქი ბიჭუნასა და მისი მამის - მეფუტკრის - ცხოვრების ისტორია ჰერცოგის ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო: კაპლანოღლუს ტრილოგიის მესამე ფილმი საიუბილეო ”ბერლინალეს” მთავარი პრიზით, ”ოქროს დათვით”, აღინიშნა) და რუსი რეჟისორის ალექსეი პოპოგრებსკის ”როგორ გავატარე ზაფხული” ძალიან ჰგავს თავად ვერნერ ჰერცოგის კინოს, ზუსტად იმეორებს ამ რეჟისორის ფილმების თემას - ეძღვნება ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას და იკვლევს ადამიანის ქცევას ექსტრემალურ სიტუაციაში. თავის დროზე ვერნერ ჰერცოგმა თქვა, რომ სწორედ ბუნებამ, გადაღების დროს შექმნილმა სიტუაციამ უნდა უკარნახოს ავტორს, როგორ გადაიღოს ფილმი... და სწორედ ჰერცოგის ეს სიტყვები გაიმეორა ბერლინის კინოფესტივალის დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მსახიობმა სერგეი პუსკეპალისმა, რომელიც გრიგორი დობრიგინთან ერთად დაჯილდოვდა ”ვერცხლის დათვით” ალექსეი პოპოგრებსკის ფილმში განსახიერებული მთავარი როლისთვის. ფილმის ავტორების შესახებ მან გვითხრა:

”ისინი ემიჯნებიან -ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანს - თავიანთ იდეას, ბრმად არ მიჰყვებიან მას... მათთვის მთავარია პიროვნება, რომელსაც ასახავენ; რაღაც ცოცხალი ამბავი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ხდება...და ეს აისახება ეკრანზე.”

თანამედროვე რუსული კინოსთვის იშვიათია, ავტორმა ასეთი თავისუფლება მიანიჭოს მსახიობს (გაგახსენებთ, რომ პოპოგრებსკის ფილმის მოქმედება ჩუკოტკის უკიდურეს ჩრდილოეთში მიმდინარეობს - მსახიობებს, მართლაც რომ, განსაკუთრებულ პირობებში მოუხდათ მუშაობა) და მით უფრო იშვიათია, რეჟისორი ადვილად თმობდეს თავის იდეას - სინამდვილის, რეალობის გათვალისწინებით. არსებითად სწორედ ამის გააზრებამ განაპირობა თანამედროვე რუმინული კინოს აღმავლობა, ახალგაზრდა რუმინელი რეჟისორების გამარჯვებები მსოფლიოს დიდ კინოფესტივალებზე, როგორც წელს, მაგალითად, ბერლინის ფესტივალზე, სადაც „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა რუმინელი რეჟისორის, ფლორინ სერბანის ფილმი ”როცა სტვენა მინდა, ვუსტვენ”..სხვათა შორის, ეს სურათიც, ასე ვთქვათ, ”ვერნერ ჰერცოგის ხაზის” გაგრძელებაა, რადგან ამბავი პატიმრისა, რომელიც არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილ სატუსაღოში იხდის სასჯელს და რომელსაც განთავისუფლებამდე 5 დღე რჩება, ძალიან ჰგავს ჰერცოგის სახელგანთქმულ ფილმს ”სტროშეკი”, რომელშიც მთავარ როლს სწორედ ყოფილი პატიმარი ასრულებს..იქ თითქმის მთლიანად წაშლილი იყო ზღვარი კინოსა და რეალობას შორის... ასეა აქაც, რუმინულ ფილმში...ხანდახან გავიწყდება კიდეც, რომ კინოს უყურებ.

თუმცა იმ ბავშვებს, რომლებიც ბერლინის ”ცოო პალასში”, ქართული ფილმის, ”სუსას”, პრემიერას დაესწრნენ (გაგახენებთ, რომ რუსუდან პირველის ეს ფილმი „ბერლინალეს“ საბავშვო ფილმების კონკურსში იყო წარდგენილი), ნამდვილად არ ახსოვდათ, რომ კინოში იყვნენ: უყურეს ფილმს, როგორც რეალურ ამბავს - ტაშს უკრავდნენ, ყვიროდნენ, უსტვენდნენ და ასე გულშემატკივრობდნენ 14 წლის ბიჭს, სუსას, რომელსაც, უმძიმეს პირობებში ცხოვრების გამო, ასე ვთქვათ, ”ჭუჭყიანი სამუშაოს” შესრულება უხდება... ფილმის ბოლოს კი „ცოო პალასის“ 2000 კაციან დარბაზში ნამდვილი ყიჟინა ატყდა.

მართალია,”სუსა” ბერლინის კინოფესტივალის საბავშვო ჟიურის გამარჯვებულად არ გამოუცხადებია, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი როლის შემსრულებელი, თბილისელი მერვეკლასელი ავთანდილ თეთრაძე წლევანდელი „ბერლინალეს“ ვარსკვლავი იყო...პრესკონფერენციაზე ავთანდილმა არაერთი თაყვანისმცემელი შეიძინა.

მეგობარი გოგო მყავს, 14 წლისააო, უთხრა ავთანდილმა ბერლინელ თაყვანისმცემლებს...მერე კი გვიამბო, როგორ გახდა მსახიობი, როგორ დაამტკიცეს როლზე პირდაპირ სკოლაში.

ავთანდილ თეთრაძის დამსახურებაზე ბერლინში ”სუსას”რეჟისორმა რუსუდან პირველმაც ისაუბრა. თავისი ესთეტიკით ”სუსა” ნეორეალისტების ფილმებს გვაგონებს (”სუსა” თითქმის იგივეა, რაც ”შუშა” - ვიტორიო დე სიკას შედევრი, გადაღებული 50-იანი წლების დასაწყისში - ფილმი უსახლკარო ბავშვებზე)..ასე, თითქმის დოკუმენტურად აღბეჭდილ სივრცეში კი თამაში რთულია, მით უმეტეს, არაპროფესიონალისთვის, - აღნიშნა რუსუდანმა. დიდი წარმატებაა ქართული ფილმის ჩართვა ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, თუნდაც ეს საბავშვო ფილმების კონკურსი იყოს - ისევე როგორც ქართული კინოს პავილიონის გახსნა ბერლინის კინოფესტივალის ბაზრობაზე... როგორც კინოცენტრის თანამშრომლებმა გვითხრეს, არაერთი პროდიუსერი დაინტერესდა ქართული ფილმებით და ”ქართული გარემოთი”, სადაც კინოს გადაღების საშუალება იქნება...მართალია, ეს იქნება ”საქართველო, როგორც ფონი”. უცხოური სტუდიებისგან ასეთი სახით მიღებული თანხა ისევ და ისევ ქართული კინოს აღორძინებას მოხმარდება.

თუმცა - და ამას მერამდენედ ვიმეორებთ ჩვენს სიუჟეტებში - კინოს განვითარებას მხოლოდ ფული არ სჭირდება... კარგი ფილმის გადაღებას სჭირდება თავისუფალი ადამიანები, რომლებიც სხვასაც თავისუფლებას მიანიჭებენ და, ალექსეი პოპოგრებსკისა არ იყოს, საკუთარი იდეების ტყვეობისგანაც განთავისუფლდებიან.

როგორც აღმოჩნდა, სწორედ ასეთ კინოს ანიჭებენ უპირატესობას ”ა” კლასის კინოფორუმებზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG