Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მხარე გოგოხიას ცხედარს ითხოვს


დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი
დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი
საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კვლავ მოითხოვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გარდაცვლილი პატიმრის, დემურ გოგოხიას, ცხედარი ექსპერტიზისთვის გადასცეს.

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი გოგოხიას ნეშტი აფხაზურმა მხარემ გადასცა ოკუპირებულ სოფელ აჩიგვარაში მცხოვრებ მის ნათესავებს, რომლებმაც დემურ გოგოხია 3 მარტს, გამთენიისას, დაკრძალეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა დარწმუნებულია, რომ ”აფხაზებმა გოგოხია აწამეს და მისი ცხედრის გადმოცემაზე უარს სწორედ ამიტომ ამბობენ.”

თორნიკე კილანავასგან გასხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური მხარე. კერძოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ჯემალ გოგიამ რადიო თავისუფლების პროგრამა ”ეხო კავკაზას” ამ კვირაში განუცხადა, რომ დემურ გოგოხია, რომელიც, მკვლელობისა და რამდენიმე სხვა ბრალდებით, 14-წლიან სასჯელს იხდიდა, არა ციხეში, არამედ სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

”გარდაცვალებამდე 2 თვე საგამოძიებო იზოლატორის სანიტარულ განყოფილებაში მკურნალობდა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერის სამხედრო ჰოსპიტლის სტაციონარში იმყოფებოდა. დიაგნოზი იყო თირკმლის უკმარისობა, რომელიც სხვა დაავადებების, მათ შორის, ცე-ჰეპატიტის ფონზე განვითარდა. გოგოხიას ცხედარი უკვე გადაეცა ნათესავებს სოფელ აჩიგვარაში”, - ამბობს გოგია.

აფხაზური მხარის ამ ინფორმაციის მიუხედავად, დემურ გოგოხიას მეუღლეს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ქმარი დრანდის ციხეში წამებით მოკლეს. ელზა ჩაკაბერიამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს და ოკუპირებულ აჩიგვარაში მეუღლის დაკრძალვას ვერ დაესწრო, რადიო თავისუფლებას უამბო, რომ დემურ გოგოხია მამამ გვიან ღამით, აფხაზი სამხედროების მოთხოვნით, დაკრძალა.

”ჩვენ მის გადმოსვენებას ველოდით და ამიტომ არც გვიცდია წასვლა აფხაზეთში. მაგრამ, როგორც გვითხრეს, ის წუხელი დაკრძალეს მშობლებმა. სხვა არავინ ყოფილა მის დასაფლავებაზე”, - გვითხრა ელზა ჩაკაბერიამ.

გალის რაიონის სოფელ აჩიგვარის მკვიდრის დემურ გოგოხიას ცხედრის გადმოცემას, ზუგდიდში მყოფი ოჯახის წევრების გარდა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც მოითხოვს, რადგან მისი განცხადებით, სწორედ ექსპერტიზის შედეგად იქნება შესაძლებელი იმის საბოლოოდ გარკვევა, რა მიზეზით გარდაიცვალა დრანდის ციხეში მყოფი პატიმარი.
XS
SM
MD
LG