Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 4 მარტი 2010


”რეზონანსი” პირველი გვერდიდან ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. კორესპონდენტი მას ბოლოდროინდელი ნაბიჯების განმარტებას სთხოვს: ”არასდროს არ ვყოფილვარ ჩართული და არც ჩავერთვები არანაირ პოლიტიკურ ვაჭრობაში. აქ იყო ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის პროცესზე ლაპარაკი და ამ ეტაპზე არის შეუთანხმებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაჩეროთ ჩვენი მოქმედებები, ჩვენ არჩევნებზე მივდივართ. იმ პოლიტიკურ ძალებთან კი, ვინც ხედავს, რომ ამ ბრძოლაში შესაძლებელია გამარჯვება, მზად ვარ ვილაპარაკოთ”, - ამბობს ალასანია და იმავე ინტერვიუს დასასრულს დასძენს: ”ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი არასდროს არ არის მცდარი.”

”ყველა სიახლეც” მთავარ ადგილს ოპოზიციის ამბებს უთმობს. ”ვინ ვინ გადააგდო?” - ასეთია პირველი გვერდის სათაური. ავტორი დასძენს, რომ ოპოზიციონერები ბოლო დროს ერთმანეთს უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში კახა კუკავა ამბობს: ”ალასანიასთან კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს. ძნელია კიდევ ენდო ადამიანს, ვინც ჩვენი კეთილგანწყობა ასე ბოროტად გამოიყენა. სიმართლე გითხრათ, სრულიად გაუგებარია ალასანიას პოზიცია...” - აცხადებს კუკავა, რომლის აზრითაც, ”ნოღაიდელის მოღვაწეობის ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომლებიც ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე იხევენ უკან და ამით ოპოზიციას შუაზე ხლეჩენ, ათი თავით სჯობს”. ”ყველა სიახლეშივე” წაიკითხავთ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს: ”კარგია, რომ ალასანია მალე მიხვდა, ამგვარ კონსულტაციებში დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა და წინასაარჩევნო კამპანიაც გამოაცხადა”. იმავე გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი განმარტავს, ვინც ალასანიას დაუჭერს მხარს და ”ვინც დადგება მის გვერდით, ყველას მივიღებთ, გარდა ნოღაიდელისაო.”

”ახალ თაობას” კონსერვატორების წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე ეუბნება, რომ ბოლო დროს ალასანია კონსერვატორებს პირადად აღარ პასუხობს, ”ანუ, ასე ვთქვათ, ალასანიას უკვე ჩამოართვეს ხმის უფლება და სხვა პოლიტიკური პირები გვპასუხობენ”, - ასკვნის გუჯაბიძე.

”ახალი თაობის” დღევანდელი ნომრის მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გამარჯვებაა: ”ამ გამარჯვებით ქართველმა გულშემატკივარმაც გაიხარა და იმედი გაუჩნდა, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი კიდევ ბევრჯერ გაახარებს მათ” , - ასე სრულდება სტატია.

”ჯორჯიან ტაიმსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის საკითხს დიდ ადგილს უთმობს. იურისტი გრიგოლ გაგნიძე ”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტს ეუბნება, რომ ”საქართველოში მობილური ტელეფონები ტოტალურად ისმინება. შინაგან საქმეთა სამინისტროში კოდირებულია 50 000 სიტყვა, ე.წ. ”მეტკები”. ეს სიტყვები აინტერესებთ სახელმწიფო სპეცსამსახურებს. როგორც კი მოსაუბრე კოდირებულ სიტყვას იტყვის, მაშინვე სქემა ამუშავდება”, - ამბობს გაგნიძე. ”ჯორჯიან ტაიმსის” დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ ინტერვიუებს თენგიზ კიტოვანსა და კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომლებიც კვლავ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს ეძღვნება. გაეროში საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრე ჩხეიძე კი გაზეთის კორესპონდენტს საქართველოში ჩამოუსვლელობის მიზეზთა შორის მის მიმართ პრეზიდენტ სააკაშვილის დამოკიდებულებასა და პოლიციის მიერ მისი შვილის გატაცებასა და ცემას ასახელებს.

”ალია” ტელეკომპანიებში ”იმედსა” და ”რუსთავი-2”-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზების გარკვევას ცდილობს. ავტორის ვარაუდი: „შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ასეთი საკადრო ცვლილებები უგულავას გავლენის შესუსტების მცდელობაც კი იყოს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG