Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოპენის 200 წლის იუბილე საქართველოში


ფრედერიკ შოპენი
ფრედერიკ შოპენი
ფრედერიკ შოპენის დაბადების ორას წლისთავს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ბუნებრივია, ამ თარიღს საქართველოშიც გამოეხმაურნენ: 1 მარტს, შოპენის დაბადების დღეს, თბილისის კონსერვატორიაში, პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობით, პოლონელი კომპოზიტორის პირველი და მეორე საფორტეპიანო კონცერტების მოსასმენად ლამის დედაქალაქის მთელი მუსიკალური სამყარო ვიხილეთ; ასეთი გადაჭედილი კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი პირადად მე პირველად ვნახე... ვკითხე კიდეც რამდენიმე ადამიანს, რამ განაპირობა, მათი აზრით, მუსიკის მოყვარულთა ასეთი დაინტერესება... პასუხი ერთი იყო: სოლისტმა, პიანისტმა, ყველასათვის ნაცნობი სახელითა და გვარით - ბორის ბერეზოვსკი - ელისო ვირსალაძის მოწაფემ, რომელმაც თბილისში პირველად დაუკრა. თუმცა მისი წარმატებების შესახებ მუსიკის მოყვარულებმა კარგად იცოდნენ: 41 წლის პიანისტმა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა ბოლო დროს ბელგიაში ცხოვრობს, უკვე ჩაწერა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო კონცერტი და დაუკრა, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა სახელგანთქმულ ორკესტრთან ერთად.

თუმცა შოპენის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი დაიწყო არა ბერეზოვსკიმ, არამედ ლონდონის სამეფო კოლეჯის ასპირანტმა ალექსეი პეტროვმა, რომელსაც ნაკლებად იცნობდნენ თბილისში. შოპენის საღამო კომპოზიტორის ”პოლონური პერიოდის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებით - პირველი საფორტეპიანი კონცერტით - გაიხსნა.

კონცერტის დაწყების წინ მუსიკის ზოგიერთი მოყვარული ღელავდა, ფიქრობდა, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი, რომელსაც იმ საღამოს დირიჟორი რევაზ ტაკიძე ედგა სათავეში, პრობლემებს შეუქმნიდა პიანისტებს (თუნდაც იმიტომ, რომ ორკესტრს კვლავაც არა აქვს საშუალება სისტემატურად ჩაატაროს კონცერტები), მაგრამ ორკესტრი სრულიად ნორმალურად ჟღერდა - მით უმეტეს, რომ შოპენი, რომელიც, მოგეხსენებათ, მაინცდამაინც არ ცნობდა სიმფონიურ მუსიკას, საფორტეპიანო კონცერტში ორკესტრს მხოლოდ და მხოლოდ სოლისტის, ასე ვთქვათ, ”მხარდამჭერ როლს” ანიჭებს, ე.ი., უამრავი სხვა კომპოზიტორისგან განსხვავებით, უარყოფს დიალოგს ორკესტრსა და სოლისტს შორის. თუმცა პოეტურობა, ფერადოვნება და გამჭვირვალობა - განსაკუთრებით კონცერტის მეორე ნაწილში, რომელიც, ფაქტობრივად, ნოქტიურნია - ორკესტრსაც გადაედება ხოლმე... ასე ჟღერდა ორკესტრი და ასე უკრავდა იმ საღამოს ახალგაზრდა რუსი პიანისტი.

შოპენის წელს (2010 წელი კი სწორედ პოლონელი კომპოზიტორის წელია), როცა მთელ მსოფლიოში დიდი კომპოზიტორის მუსიკის პოპულარიზაცია დაიწყო, მსმენელს რომანტიკოსი მუსიკოსის ბიოგრაფიის დეტალებს ახსენებენ - იმას, რომ სულ რამდენიმე თვის იყო, როცა მშობლებმა როიალი შეიძინეს; ბავშვს ინსტრუმენტის ქვეშ აწვენდნენ და ასმენინებდნენ, როგორ უკრავს დედამისი. 7 წლის იყო, როცა პირველი პოლონეზი შექმნა -იმხანად მთელი ვარშავა ლაპარაკობდა მასზე: პოლონელი მოცარტი დაიბადა ნიკოლა შოპენის სახლშიო...

ეს ამბავი თოთო-ბავშვზე, პატარა შოპენზე, რომელიც როიალის ქვეშ დააწვინეს, მნიშვნელოვანია თავად შოპენის პოეტიკის გაგებისთვის: შოპენის მუსიკა ხომ პიანისტის შესაძლებლობების გამოცდაა - ტექნიკაში, ბგერაში, მუსიკალური კონცეფციის გაგებაში. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ალექსეი პეტროვმა ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

და მაინც, თბილისში ჩატარებული შოპენის საღამოს მთავარი გმირი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბორის ბერეზოვსკი გახდა. სწორედ ბერეზოვსკიმ გამოხატა შოპენის ხელოვნების... თუ გნებავთ, ”პარადოქსი” - კომპოზიტორი ხომ ერთდროულად კლასიცისტიც იყო და რევოლუციონერიც. შოპენთან კლასიციზმი სენტიმანტალურობას ”აჩერებს” და პიანისტისგან ამ რაღაც ოქროს შუალედის განსაკუთრებულ შეგრძნებას მოითხოვს. ამას კი მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ერთ-ერთი ასეთი პიანისტი სწორედ ბორის ბერეზოვსკია - პიანისტი, რომლის შესახებაც კრიტიკოსები ამბობენ, არაჩვეულებრივი უნარი აქვს ყველაზე რთული ნაწარმოებიც კი წარმოადგინოს, როგორც უაღრესად სადა, უბრალო მუსიკაო. სწორედ ასე დაუკრა ბორის ბერეზოვსკიმ თბილისში ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.

წინააღმდეგობათა ეს ერთობლიობა თავად ბორის ბერეზოვსკის სტილია - მუდამ ელეგანტური, არასდროს იკეთებს ჰალსტუხს და, როგორც წესი, არასდროს ასრულებს პუბლიკის დაკვეთებს - უფრო სწორად, მოულოდნელობაზე აგებს თავის გამოსვლებს...თბილისში ჩატარებულ კონცერტზეც პუბლიკა ამაოდ ეხვეწებოდა ბისზე რომელიმე პიესის დაკვრას... ბისზე დაუკრა, ოღონდ ისევ და ისევ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც იმ საღამოს ისე შეასრულა, როგორც, მუსიკის კრიტიკოსთა ვარაუდით, თავად შოპენი დაუკრავდა... გაგახსენებთ, რომ შოპენის შესრულება რთულად ითვლება იმიტომაც, რომ კომპოზიტორი იყენებდა ადამიანის ხელის ყველა შესაძლებლობას (ასე გააფართოვა მან ფორტეპიანოს შესაძლებლობებიც)... შოპენს ისეთი ტექნიკა აქვს, რომ ხშირად ერთ ხელს ”აკვრევინებს” აკომპანიმენტსაც და მელოდიასაც... ეს მოითხოვს პიანისტისგან ხელის ორივე ნაწილის მოქნილობას - სუსტი თითები მელოდიას ასრულებს, ძლიერი - აკომპანიმენტს..მეორე ხელიც აკომპანიმენტს მიმართავს - ესაა რთული სტრუქტურა, რომელიც კლავიშებს აცოცხლებს, სულიერს ხდის... და სწორედ ამ სტრუქტურას ”მოერგო” კარგად ბორის ბერეზოვსკი- ეს გოლიათი მუსიკოსი, რომელიც სპორტსმენს უფრო ჰგავს, ვიდრე პიანისტს.

ამბობენ, რომ თავად შოპენი, როგორც პიანისტი, შესრულების რბილ, დელიკატურ მანერას ირჩევდა, ამიტომაც არ უყვარდა დიდ დარბაზებში დაკვრა - სალონები უფრო იტაცებდა...და ესაა დიდი კომპოზიტორის შემოქმედების კიდევ ერთი პარადოქსი: შოპენმა სალონური მუსიკა დემოკრატიული გახადა, ეს ორი მხარეც გააერთიანა - ინტიმური, კამერული, ის, რაც, რჩეულებს მიეკუთვნება და უსაზღვრო, ყველასათვის მისწავდომი და გასაგები. უნდა ვივარაუდოთ, რომ შოპენის წელიწადად გამოცხადებულ 2010 წელს მთელ მსოფლიოში სწორედ ასეთ მუსიკას მოისმენენ.

ყოველ შემთხვევაში, 1 მარტს - პოლონელი კომპოზიტორის დაბადების დღეს - ასეთი მუსიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოშიც - ჟღერდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG