Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ბიგელოუს ტრიუმფი „ოსკარების“ ცერემონიაზე


კეთრინ ბიგელოუ - პირველი ოსკაროსანი რეჟისორი ქალი
კეთრინ ბიგელოუ - პირველი ოსკაროსანი რეჟისორი ქალი
ჰოლივუდში კიდევ ერთხელ გაიმართა „ოსკარებით“ დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია; წითელ ხალიჩაზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ ლამაზ და მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები. თუმცა ფილმი, რომელიც ცერემონიაზე გამარჯვებულად გამოცხადდა, შეუდარებლად უფრო მძიმე რეალობას ასახავს - კეთრინ ბიგელოუს „ქარიშხლის მბრძანებელი“ ერაყის ომს და იქ შეერთებული შტატების ჯარისკაცების ყოფას ხატავს. წლევანდელ ცერემონიაზე მნიშვნელოვანი პრეცედენტიც შედგა - ბიგელოუ პირველი ქალია, რომელიც საუკეთესო რეჟისორად აღიარეს.

შეერთებული შტატების კინოაკადემიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი „ოსკარი“ ქალს, კეთრინ ბიგელოუს, გადასცა ფილმისათვის „ქარიშხლის მბრძანებელი“. სურათი ერაყის ომში მონაწილე ამერიკელი გამნაღმველების საფრთხით სავსე ყოფას აღწერს.

პრემიის 82-წლიან ისტორიაში ქალი რეჟისორები ოსკარზე წარდგენილი აქამდეც ყოფილან, მაგრამ ბიგელოუმდე პრემია არც ერთ ქალს არ აუღია. მთლიანობაში, „ქარიშხლის მბრძანებელმა“ 6 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. რეჟისორმა, რომელმაც ოსკარის მიღებას თავის ცხოვრებაში „ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა“, პრემია ამერიკელ ჯარისკაცებს მიუძღვნა:

ფილმის ”ქარიშხლის მბრძანებელი” პოსტერი
„მსურს ეს [პრემია] იმ ქალებს და მამაკაცებს მივუძღვნა, რომლებიც ჯარში მსახურობენ და ერაყში, ავღანეთსა და მსოფლიოს სხვა ადგილებში თავიანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად აგდებენ საფრთხეში. მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ სახლებში... დიდი მადლობა“, - განაცხადა „ქარიშხლის მბრძანებლის“ რეჟისორმა.

ამ ფილმის გამარჯვება თავისთავად სენსაციაა. „ქარიშხლის მბრძანებელი“ მცირებიუჯეტიანი ფილმია, რომელსაც არც ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მოუტანია მნიშვნელოვანი მოგება. ბილეთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 20 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, ჰოლივუდის მასშტაბით, საკმაოდ მცირე თანხაა.
ამ ფილმთან შედარებით და, ზოგადადაც, ძალიან შთამბეჭდავია მოგება, რომელიც წლის ფავორიტმა ბლოკბასტერმა, ფანტასტიკის ჟანრის ფილმმა „ავატარმა“ მოიტანა. ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამ ფილმის მოგებამ 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც „ავატარი“, კომერციული თვალსაზრისით, ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ფილმად აქცია.

თუმცა კომერციულ სფეროში მოპოვებული წარმატება „ავატარმა“ „ოსკარების“ ცერემონიაზე ვეღარ გაიმეორა. მას სულ სამი პრემია გადასცეს - სამივე ტექნიკურ კატეგორიებში.

ოსკარის გარეშე დარჩა „ავატარის“ რეჟისორი ჯეიმს კამერუნი. პრემია, როგორც ვთქვით, კეტრინ ბიგელოუს ერგო, რომელიც, სხვათა შორის, კამერუნის ყოფილი მეუღლეა.

მამაკაცის როლისთვის „ოსკარი“ ჰოლივუდის ვეტერანმა, ჯეფ ბრიჯესმა მოიპოვა ფილმ „შეშლილ გულში“ განსახიერებული დაღლილი, ხანდაზმული „კანტრის“ ჟანრის მომღერლის როლისთვის:

ბრიჯესმა, რომელიც მსახიობთა ოჯახს წარმოადგენს, წარმოთქმულ სიტყვაში გარდაცვლილ მშობლებს გადაუხადა მადლობა:
„დედა და მამა, დიდ მადლობას გიხდით ასეთი მაგარი პროფესია რომ ამარჩევინეთ. მამაჩემს და დედაჩემს შოუბიზნესი ძალიან უყვარდათ - მახსოვს, დედა წვეულებების დროს ბავშვებს სტუმრების გართობას გვთხოვდა ხოლმე. მამა კი თავის საწოლზე დამსვამდა და მასწავლიდა თავისი მონაწილეობით გადაღებულ სერიალ „Sea Hunt“-ში როლის შესრულებას. მათ შოუბიზნესი ძალიან უყვარდათ. მე თავს მათი საქმის გამგრძელებლად მივიჩნევ. ეს პრემია მათ იმდენადვე მიაგებს პატივს, რამდენადაც მე“ - ასეთი იყო ჯეფ ბრიჯესის სიტყვა.

ქალის როლისთვის პრემია სანდრა ბალოკს ერგო ფილმისათვის „უხილავი მხარე“. სურათი ნამდვილ ამბავს ეფუძნება - მოთხრობილია ძლიერ ქალზე, რომელიც უსახლკარო ბიჭს შეიფარებს და მას ფეხბურთის ვარსკვლავად აქცევს.
„ეს მართლა დავიმსახურე თუ, უბრალოდ, ყველა დაგღალეთ?“ – ასე მიმართა ბალოკმა კინოაკადემიის წევრებს და განაგრძო: „დიდი მადლობა მინდა აკადემიას გადავუხადო იმისათვის, რომ ბოლო თვის განმავლობაში საშუალება მომცეს საოცარ შეხვედრებს დავსწრებოდი იმ მსახიობებთან ერთად, რომლებსაც ახლა ვუყურებ, ვისთან ერთადაც მიმუშავია და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ვიმუშავებ. ეს მსახიობები შთამაგონებენ და გზას გვიკვალავენ.“

მამაკაცის დამხმარე როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდა ავსტრიელი მსახიობი კრისტოფერ ვოლცი კვენტინ ტარანტინოს ფილმში ”უსახელო ნაბიჭვრები”. ქალის დამხმარე როლისთვის კი „ოსკარი“ მსახიობ მო’ნიკს ერგო ფილმისათვის ”ძვირფასი” (”Precious").

საუკეთესო უცხოენოვან ფილმად არგენტინული ფილმი ”თვალების საიდუმლო” დასახელდა. ფილმი გვიყვება ყოფილ პროკურორზე, რომელიც გაუპატიურებისა და მკვლელობის შემთხვევის დავიწყებას უშედეგოდ ცდილობს.
XS
SM
MD
LG