Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 8 მარტი 2010


ორშაბათი ყოველკვირეული გაზეთების დღეა. კვლავაც ბევრს წაიკითხავთ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე; ვის უფრო შეეშალა - ნოღაიდელს თუ ბურჯანაძეს ან რომელი უფრო წარმატებული იყო; რა ხდება თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის გზაზე ოპოზიციაში და არის თუ არა ასეთის შერჩევა შესაძლებელი, რა არის მოსალოდნელი ამ პროცესში და ა.შ.

”მთელი კვირა წერს”: ”ალასანიას პოლიტიკამ ოპოზიციის გაერთიანება ვერ შეძლო. არასაპარლამენტო ოპოზიციაში გაურკვევლობა გრძელდება. ერთი კვირის წინ ”ალიანსში” იმასაც აცხადებდნენ, რომ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას ამ გაურკვევლობის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეეძლო. მაგრამ გაჩეჩილაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია და, შესაძლოა, მან მხარი არც ”ალიანსს” დაუჭიროს, არც ოპოზიციის მეორე ბანაკს და არჩევნებში მონაწილეობა ცალკე მიიღოს.” ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან: ”ჩვენ გვჭირდება ისეთი კანდიდატები, რომლებსაც ესმით ადგილობრივი პრობლემები და იციან, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემები. ასევე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ეს ადამიანი შუა გზაზე არ მიგვატოვებს და ბოლომდე იბრძოლებს. ეს სამი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, ჩემი კანდიდატი რომ იყოს და მე მას მხარი დავუჭირო. ჩვენ საქართველოს ამომრჩეველს არ დავტოვებთ უალტერნატივოდ. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. წინასწარ წაგებულ თამაშში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ”, - ამბობს ნოღაიდელი.
”პოლიტიკოსია და თავისას ცდილობს. ჩვენმა ოპონენტებმა გამოაჩინეს ის ჭადრაკის სასახლეში ლიდერად, როდესაც სახელისუფლებო არხები და ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ერთ ხმაში მღერიან ნოღაიდელის ლიდერობის თაობაზე”, - აცხადებს კობა დავითაშვილი და განაგრძობს: ”ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ეს ასეა, იმიტომ, რომ ეს ასე აწყობთ.” - ინტერვიუს დავითაშვილთან ”კვირის ქრონიკა” ბეჭდავს.
ე.წ. ”პრაიმერისტების” ჯგუფის წარმომადგენელი, ”ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე კი ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ეუბნება: ”მიმაჩნია, რომ პიროვნების გარშემო გაერთიანება, რომელსაც ”ალიანსი საქართველოსთვის” გვთავაზობს, დამღუპველია... ჩვენ ერთხელ უკვე გავერთიანდით სააკაშვილის გარშემო. მეც იქ ვიყავი და ამას ახლაც ვნანობ. პიროვნების გარშემო გაერთიანების დრო უნდა დამთავრდეს”, - ამბობს შალამბერიძე. ”ახალ თაობაშივე” ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის შეფასებას სთხოვს კორესპონდენტი უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს: ”პირადად მე ნინო ბურჯანაძის ნაბიჯი სარისკოდ მიმაჩნია და ძალიან მაინტერესებს რის ფასად გარისკა ქალბატონმა ნინომ. თუ მხოლოდ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის დგამს ამ ნაბიჯებს, ეს აუცილებლად გაიშიფრება და ბურჯანაძისთვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ რეალურად ქვეყნის ინტერესები დგას ამის უკან, მაშინ ბურჯანაძე სერიოზულ ქულებს დაიწერს. ეს ვარიანტი ნაკლებ სავარაუდო ჩანს”, - ამბობს სესიაშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”კვირის პალიტრაში” ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის მოსაზრებებს გაეცნობით ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტებზე. ნოღაიდელსა და ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ისინი მისი მეგობრები აღარ არიან: ”ხშირად ამ ადამიანებს ორჯონიკიძეს ადარებენ. მე კი ვიტყოდი, რომ ორჯონიკიძეზე უარესები არიან”, - ბარამიძე ასე იმიტომ ფიქრობს, რომ ორჯონიკიძე, მისი თქმით, ”რასაც ამბობდა, იმას ემსახურებოდა”. ”კვირის პალიტრაშივე” ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”დღეს რა პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ერთი მესამედი აქვს ოკუპირებული, ან რა ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი იმ პარტიასთან, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მმართველ პარტიასთან რომელიმე საკითხზე შეთანხმება ჩემთვის დღეს სრულიად მიუღებელია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მსოფლმხედველობრივი წყალგამყოფი ბატონ ზურაბ ნოღაიდელისგან”, - ამბობს ალასანია.

”ასავალ-დასავალი” - მედია-ჰოლდინგ ”ჯორჯიან ტაიმსის” პრეზიდენტსა და სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მას შემდე, რაც მე მედვედევთან შეხვედრაზე დავსვი საკითხი, რომ ლარსი არა მარტო სომხეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც უნდა გახსნილიყო, როგორც ჩანს, ეს გაითვალისწინეს და საქართველოსთვისაც გაიხსნა.” - ამავე ინტერვიუში რუსეთიდან ახლად დაბრუნებული გულაშვილი ირწმუნება: ”მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვდა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია! მას ჰქონდა თხოვნა, რომ იქნებ მედვედევი დალაპარაკებოდა სააკაშვილს და სააკაშვილი მზად იყო ყველანაირი დათმობისთვის, თუმცა შეხვედრასა და დალაპარაკებაზე მკაცრი უარი მიიღო მედვედევის მხრიდან!” - ამბობს მალხაზ გულაშვილი. ინტერვიუს მასთან ”ასავალ-დასავალი” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG