Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 10 მარტი 2010


”გაჩეჩილაძე - წყალწაღებულთა ხავსი”, ”პოლიტიკური ვირეშმაკობა - სოციოლოგიური გამოკითხვა - რეიტინგის შენარჩუნების მცდელობა”, ”რას ფიქრობს ლევან გაჩეჩილაძე” - ასეთ სათაურებს ნახავთ დღევანდელი პრესის პირველ გვერდებზე.

”24 საათი” წერს: ”თუ ერთი კვირის წინ ერი და ბერი ალასანიას არჩევანზე მსჯელობდა, დღეს ახალ თავსატეხად უკვე ოპოზიციის მეორე ”ლიდერის” - ლევან გაჩეჩილაძის არჩევანი იქცა. გადაწყვეტს თუ არა იგი თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. ამ თავსატეხის პასუხზე უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ოპოზიციის ყველა მიმართულების წარმომადგენელი აღიარებს სახელისუფლებო კანდიდატ გიგი უგულავას მაღალ რეიტინგს ყველა ცალკე აღებულ ოპოზიციურ კანდიდატთან შედარებით.”

”ვერსიის” ვარაუდით, ”პრაიმერისტებს” სოციოლოგიური გამოკითხვისა და პრაიმერის ჩატარება საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ჟურნალისტი კითხულობს: ”ამხელა თანხას ისინი მხოლოდ იმაში იხდიან, გაარკვიონ ძიძიგური აჯობებს თუ დავითაშვილი? ან სად უნდა მოიძიონ ეს ფული? მუდმივადაა საუბარი იმაზე, რომ ამ პროცესს ზურაბ ნოღაიდელი აფინანსებს. ესეც საინტერესოა, რის სანაცვლოდ იღებს ფულს საკუთარი ჯიბიდან ექს-პრემიერი, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს? ან საკუთარი ჯიბიდან იხდის თუ ამ პროცესში დახარჯული ფული რომელიმე უცხო ქვეყნის სუნით იქნება გაჯერებული?” - ასეთ კითხვებს სვამს ”ვერსიის” ჟურნალისტი. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”კუკავა იმასაც აცხადებს, რომ ”ლევანი სულ სხვაა”, იგი მძიმეწონიანი პოლიტიკოსია და მისი გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელია, ლევანის თანხმობის შემთხვევაში, სოციოლოგიურ გამოკითხვაზეც კი თქვან უარი და სიამოვნებით დაუპირისპირდნენ ”სიტყვის გამტეხ” ალასანიას”.

”ახალი თაობა” წერს, რომ ”ლევან გაჩეჩილაძემ შეიძლება მერის არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყაროს კენჭი. არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველო” გაჩეჩილაძემ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას და სწორედ მან წარადგინოს არჩევნებზეც”. ”ახალ თაობას” კახა კუკავამ განუცხადა: ”დარწმუნებული ვარ, ის იქნება იმ ბრძოლაში, სადაც ქართველი ხალხი იქნება, სხვაგან ის ფიზიკურად ვერ იქნება, თავისი მენტალობიდან და ბიოგრაფიიდან გამომდინარე”, - ამბობს კუკავა გაჩეჩილაძეზე.

”რეზონანსი” საქართველოს ხელისუფლების მიერ დასავლურ პიარკომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით დაინტერესდა. ავტორი წერს: ”საქართველოს მთავრობამ შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის კიდევ ერთი პიარკომპანია დაიქირავა, რომლის მომსახურება, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 300 ათასი დოლარი ჯდება. ანალოგიური სახის კონტრაქტი კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ასევე 12 იანვარს გაფორმდა, მისი ღირებულება კი 500 ათას დოლარს უტოლდება”. ”რეზონანსის” ჟურნალისტი წერს, რომ მთავრობის მიერ დასავლეთში ლობირებისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია ვერც ერთ სამთავრობო უწყებაში - მათ შორის, ვერც ფინანანსთა სამინისტროში - ვერ მოიპოვა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG