Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარმა და წვიმამ გორი და ქარელი დააზარალა


უსახურავოდ დარჩენილი სკოლა გორში
უსახურავოდ დარჩენილი სკოლა გორში
ძლიერმა ქარმა და წვიმამ გორისა და ქარელის რაიონის სოფლები დააზარალა. ადიდებულმა მდინარე ფრონემ სოფელ დვანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები და ბაღ-ბოსტნები დატბორა.

ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. მათი აზრით, თუ წყალდიდობის შემდეგ ყინვა იქნება, ომისგან დაზარალებული სოფელი მოსავლის გარეშე დარჩება, რადგან ხეხილი ხმობას დაიწყებს.

ქარელის მუნიციპალიტეტში ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს. ადგილობრივი გამგებლის ილია ბურჯანაძის განცხადებით, როგორც კი მდინარე კალაპოტს დაუბრუნდება, სოფელში ნაპირსამაგრი და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ძლიერმა ქარმა გორის რაიონის სოფელ მერეთში საჯარო სკოლას სახურავი მთლიანად გადახადა. ამის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. სკოლას სახურავი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით გამოეცვალა, მაგრამ მერეთში არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ამიტომ პასუხისმგებლობას კონტრაქტორ კომპანიას აკისრებენ.

კვირაზე მეტია სასწავლო პროცესი გორის მე-5 საჯარო სკოლაშიც შეწყვეტილია, ქარიშხალმა სკოლას სახურავი მთლიანად ახადა. როგორც სკოლის დირექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი აცხადებს, გადახურვის სამუშაოები განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მთაში მოსული ძლიერი წვიმის გამო, რომელმაც მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ტრანსკავკასიური მაგისტრალი. სოფელ კეხვთან ახლოს მეწყერმა ჟიგულის მარკის ავტომანქანა მგზავრებთან ერთად ხევში ჩაიტანა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს, მაგრამ მანქანის მოძებნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით ცვალებადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმასა და ქარის გაძლიერებას დღესაც ელოდებიან.
XS
SM
MD
LG