Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილები ზუგდიდში საყოფაცხოვრებო პრობლემების უჩივიან


ერთერთი დევნილის საცხოვრებელი ზუგდიდში
ერთერთი დევნილის საცხოვრებელი ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული 45 კომპაქტური კორპუსიდან, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ, 32-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ერთ-ერთი ასეთი კომპაქტური დასახლება სოფელ ინგრის ყოფილი საღებავების ქარხანაა, რომლის ფასადი შეიღება და გალამაზდა - ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, გამოიცვალა იატაკი და სახურავი. თუმცა კორპუსში ამ დრომდე მოუგვარებელია კანალიზაციისა და წყლის პრობლემა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დევნილები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. ”რემონტი ბოლომდე არ დაუსრულებიათ და გვითხრეს, კანალიზაციისა და სუფთა წყლის პრობლემას მოგიგვარებთო, მაგრამ ამ დრომდე მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება. სასმელ წყალს ეზოდან - ჭიდან - ვეზიდებით”, - ჰყვებიან დევნილები.

ყოფილი საღებავების ქარხნის ეზოში წლების წინ მოქმედ აბაზანაში, რომელიც თითქმის დანგრეულია, ინვალიდი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. გალელი ქუჩუჩი ბერანძე, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ფართის გამოყოფას შვიდი წელია ითხოვს. ”არაერთხელ მივმართე ლტოლვილთა სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას, გუბერნატორსაც გავუგზავნე რამდენიმე განცხადება. მპირდებიან და გამკეთებელი არავინაა. მითხრეს, მესამე ეტაპზე ფულადი კომპენსაცია იქნებაო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მანამდე ცოცხალი არც ვიქნები, რადგან გაუსაძლისი ტკვილები მაქვს, ამასთან - მძიმე პირობები საარსებოდ”, ჰყვება ქუჩუჩი ბერანძე.

მაშინ როდესაც ინვალიდი ცოლ-ქმარი ძველ აბაზანაში ცხოვრობს, კორპუსის პირველ სართულზე ზუგდიდელ მირო კვიტიას ბამბის საამქრო აქვს გახსნილი. კითხვაზე, თუ რატომ გადაეცა 100 კვადრატული მეტრი ფართი ადგილობრივ მეწარმეს, დევნილებმა პასუხი ვერ მიიღეს. ”მეწარმე აქედან გასვლას არ აპირებს - გვითხრა, ამ ფართში ფულს ვიხდიო”, ამბობს დევნილი ქალი.

რეპორტაჟში ჩამოთვლილ პროლემებზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სამინისტროს პრესსამსახურის მოთხოვნით, კომენტარს ვერ აკეთებს.
XS
SM
MD
LG