Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგიევას ადვოკატს აკრედიტაციას უჭიანურებენ


ფატიმა მარგიევა ცხინვალის სასამართლოს დარბაზში
ფატიმა მარგიევა ცხინვალის სასამართლოს დარბაზში
ოსი უფლებადამცველის ფატიმა მარგიევას სამჯერ გადადებული სასამართლო პროცესი 25 მარტს განახლდება.

მარგიევა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით 18 თებერვალს დააკავეს. ოპოზიციური საქმიანობის გამო დაკავებული თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი და გაზეთ პოზიციის რედაქტორი კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას კორუფციასა და რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა. მარგიევამ სახაზინო ადვოკატს უნდობლობა გამოუცხადა და დამცველი ვლადიკავკაზიდან მოიწვია, მაგრამ მისი ადვოკატი 3 კვირაა უშედეგოდ ცდილობს პროცესზე მოხვედრას.

დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ადვოკატ ლანა ხაჩიროვას დოკუმენტაციას სწავლობს და მისთვის აკრედიტაციის გაცემას აჭიანურებს.

ცხინვალელ ჟურნალისტს მარია პლიევას იმედი აქვს, რომ ადვოკატს პროცესზე დასწრების უფლებას ახლა მაინც მისცემენ.

როგორც ცხინვალში, ისე ვლადიკავკაზში უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური კომიტეტები შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

სასამართლო პროცესს ვლადიკავკაზის კომიტეტის ხელმძღვანელი რუსლან მაყაევიც დაესწრება. მისი აზრით, მარგიევა პოლიტიკური პატიმარია და კოკოითს მისი დაკავებისთვის და მიყენებული ზარალისთვის სასამართლოში უჩივლებს.

მარგიევას გათავისუფლების კომიტეტის ინფორმაციით, მის მეგობრებზე და ოჯახის წევრებზე კოკოითის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და მათ დაჭერით ემუქრებიან.

ფატიმა მარგიევა გულით ავადმყოფია. იგი ცხინვალის ციხეში ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა, მაგრამ აქცია ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. ციხეში რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო, მაგრამ დაკავებული საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

ოსი უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარგიევას პოლიტპატიმრად და განსხვავებული აზრის გამო კოკოითის რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG