Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირას ქართულ პრესაში კვლავ ბევრი დაიწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, ასევე საქართველოს როლისა და ადგილის შესახებ საერთაშორისო სარბიელზე. მაგრამ, ძირითადად, ყველა ეს თემა უკვე წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნით იყო აღბეჭდილი.

“ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, - უთხრა “ალიანსი საქართველოსთვის” წევრმა ვიქტორ დოლიძემ გაზეთ “ყველა სიახლეს”. ”რაც შეეხება ჩვენს „ალიანსს“, - თქვა მან, - თბილისის ყველა უბანში, საქართველოს რეგიონებში ვმართავთ შეხვედრებს, ვსწავლობთ იმ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ყველა ეს საკითხი ასახვას პოვებს ჩვენი მერობის კანდიდატის - ირაკლი ალასანიას - საარჩევნო პროგრამაში.”

“ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა: “მე მგონი, გამარჯვების შანსი ყველაზე მეტად აქვს უგულავას. ოპოზიციის კანდიდატებს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის რა შანსები აქვს. იმას, რომ ხელისუფლება მეორე ადგილზე გია ჭანტურიას გაიყვანს, არათუ ვიზიარებ, არამედ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჭანტურია გავიდეს პირველ ადგილზე და გახდეს თბილისის მერი”, - უთხრა გაზეთს რამაზ საყვარელიძემ და დასძინა: “ყოველ შემთხვევაში, მე რომ ხელისუფლება ვყოფილიყავი, მაგ მიმართულებით ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ოპოზიციონერი ყოფილიყო მერი, კონსტრუქციული ტიპის და აპოლიტიკური, ისეთი, როგორიც ჭანტურიაა.”

ოპოზიციის შანსებს მოახლოებულ არჩევნებზე აფასებდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე გაზეთ “ვერსიაში”. “რაც უნდა თქვან, - უთხრა მან გაზეთს, - რეალურად მხოლოდ აქციებისთვის ემზადებიან. ის, საერთოდ, სასაცილო მდგომარეობაში აგდებთ მსოფლიოს თვალში, დოკუმენტი რომ უნდა შექმნან და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართონ - სააკაშვილი წაიყვანონ. ესენი აქციებისთვის ემზადებიან, მაგრამ რა შესაძლებლობები ექნებათ, ეს ცალკე თემაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, რათა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ოპოზიციის ნაწილს ეს არც აინტერესებს, საპროტესტოდ მაინც გამოვა... ” - უთხრა აკაკი ბობოხიძემ ”ვერსიას” ინტერვიუში, სათაურით ”ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ სააკაშვილი გადადგება?”

“რაღაც ასეთი ქვეტექსტები მესმის ახლაც, - ამბობს აკაკი ბობოხიძე ინტერვიუში, - რუსს თუ დავუთმობთ, რაღაცას მივიღებთო. ვიმეორებ: თუ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია, გადმოდგან ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით და იქნებ თვითონ მიდის სააკაშვილი? იქნებ “ნაციონალური მოძრაობის” 90% გამოდის და ამბობს, რომ რუსეთი ამას თუ იზამს, ჩემო მიშა, შენ უნდა წახვიდეო? ”

შაბათის „რეზონანსი“ კი წერდა, რომ “სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ რაღაც ფორმით ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას მოახერხებს.” ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებთან” შეხვედრისას ისაუბრაო, - წერს გაზეთი.

პუბლიკაციის მიხედვით, საკონსტიტუციო კომისია დღემდე ვერ ახერხებს სახელმწიფო მმართველობის მოდელზე შეჯერებას. სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და მის ალტერნატივად ახალი პროექტის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც ვასილ გონაშვილი მოამზადებს. „რეზონანსი“ წერს:
“სახელისუფლებო გუნდმა კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად ჩათვალა. თავად ავთანდილ დემეტრაშვილს კი მიაჩნია, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი არა საპარლამენტო, არამედ შერეული ტიპისაა. როგორც ჩანს, ამ შერეულ მოდელში დომინანტური უფლებები პარლამენტს გააჩნია და ცხადია, სააკაშვილისთვის, რომლის მიზანსაც ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ყოფნა წარმოადგენს, ასეთი მოდელი არახელსაყრელია. სწორედ ამიტომ ვასილ გონაშვილი შეიმუშავებს შერეული მოდელის სახელისუფლებო ვარიანტს. ”

“ამასთან, დემეტრაშვილი შიშობსო, - წერს გაზეთი, - რომ, შესაძლოა, შემდეგში ყურადღება ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე გადაიტანონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დატოვონ ან საერთოდ უარი თქვან მათზე... როგორც ჩანს, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლის შესრულება პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას მოუწევს. სწორედ ამიტომო, - ვკითხულობთ „რეზონანსში“ - საკონსტიტუციო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაიწყო შეხვედრები.“

შაბათის „ალიას“ პირველ გვერდზე კი ამგვარ კითხვა-სათურს წაიკითხავთ: “ხელისუფლება სტამბების დახურვით პრესის განადგურებას იწყებს?” პუბლიკაციაში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს: ”უგულავა და კეზერაშვილი საგამომცემლო საქმიანობას მიადგნენ. საკუთარი სტამბა გააკეთეს. როგორც კი ის გაუშვეს, ამის პარალელურად, სხვადასხვა მიზეზით, -ძირითადად, ფინანსური კონტროლის მიზეზით, - დაიწყეს სტამბების გაჩერება. გაჩერდა “სეზანი”, გაჩერდა, მე როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე სტამბა და მათი გეგმა არის, რომ ყველა გააჩერონ, მოკლან, დახურონ, მეპატრონეებს გააყიდინონ და ამ საქმეშიც მონოპოლიას მიაღწიონ. ამით ისინი, ერთი მხრივ, მომგებიან ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში და, მეორე მხრივ, დააწესებენ კონტროლს ბეჭდვით მედიაზე, ასევე ეცდებიან გააკონტროლონ სარედაქციო პოლიტიკაც”, - უთხრა „ალიას“ დავით გამყრელიძემ.

უფრო დაწვრილებით ამ და სხვა პუბლიკაციებს მიმდინარე კვირის ქართულ პრესაში გაეცნობით.
XS
SM
MD
LG