Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გლოვობს, პუტინი - იმუქრება


29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი სისხლიანი ტერაქტების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ვლადიმირ პუტინის ანტიტერორისტული პოლიტიკა, რომლის წარუმატებლობაზე ხმამაღლა უკვე არამხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტები ალაპარაკდნენ. თუმცა, როგორც 10 წლის წინ, ვლადიმირ პუტინი იხტიბარს არ იტეხს და რუსეთის შეშფოთებულ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ტერორისტებს კანალიზაციის მილიდან გამოაძვრენს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ოპოზიციის კრიტიკის საგანია. რუსეთის მეტროში მოწყობილმა ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც 39 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებას ნათლად დაანახვა, რომ ისინი სრულიად დაუცველები არიან და რომ ტერორისტებმა, რომელთა საპირფარეშოში განადგურებასაც მოსახლეობას ჯერ კიდევ 11 წლის წინ ჰპირდებოდა ვლადიმირ პუტინი, უკვე მათ დედაქალაქშიც შეაღწიეს. ოპოზიციის აქტივისტმა ილია იაშინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორშაბათს მომხდარ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ პუტინს ეკისრება, რომლის ხელშიც არის თავმოყრილი მთელი ძალაუფლება:

„ჯერ კიდევ 11 წლის წინ იძლეოდა პირობას პუტინი, რომ ბოლოს მოუღებდა ტერაქტებს რუსეთის ქალაქებში. და, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით, ჩვენ გამუდმებით გვართმევდნენ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს, გვართმევდნენ უფლებას აგვერჩია გუბერნატორები, რამაც ცხადია, გააძლიერა ვლადიმირ პუტინის პირადი ძალაუფლების რეჟიმი, მაგრამ არანაირად არ მოუხდენია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ ვფიქრობ, რომ გუშინდელი ტერორისტული აქტები უნდა შეფასდეს როგორც ვლადიმირ პუტინის ანტიტერორისტული პოლიტიკის კრახი.“

პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვიც, რუსეთის უშიშროების სამსახურების არაკომპეტენტურობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პუტინმა და მისმა ე.წ. „სილავიკებმა“ ნაადრევად გამოაცხადეს ტერორიზმი დამარცხებულად.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეერთებულ შტატებში ტერორისტული აქტი აღარ მომხდარა, მაშინ როცა რუსეთში, პირიქით, ტერორისტული თავდასხმების რიცხვი იზრდებაო, ამბობს ნემცოვი:

„ეს სამსახურები, რომელთა ცხვირწინაც მოხდა აფეთქება, სულ სხვა რამეს ემსახურებიან - ისინი იცავენ კლეპტოკრატიის ძალაუფლებას, ებრძვიან ოპოზიციას და სახალხო გამოსვლებს და არა ტერორისტებს. სამწუხაროდ, როგორც წესი, არავინ არ დაისჯება, მოძებნიან მეისრეებს და არავინ გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ როგორ აღმოჩნდნენ შახიდები მოსკოვის ცენტრში, თუ საიდან აღმოჩნდა აქ ჰექსოგენი, არავინ გასცემს პასუხს შეკითხვას, თუ სად არიან ჩვენი სახელოვანი მილიცია და სპეცსამსახურები. ვიდრე არ დაისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე, მე ვფიქრობ, ტერორიზმის დამარცხება შეუძლებელი იქნება.“

მაგრამ ვლადიმირ პუტინი არც თავად აპირებს გადადგომას და არც რომელიმე უწყების პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. რუსეთის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, რომელიც 11 წლის წინ ხელისუფლებაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით მოვიდა და გარშემო ყოფილი კაგებეს ელიტა შემოიკრიბა, კვლავაც ძველებური პათოსით საუბრობს. პუტინმა, როგორც 11 წლის წინ, ამჯერადაც გაიმეორა, რომ ტერორისტებს ყველგან მიაგნებს, მათ შორის - საკანალიზაციო მილშიც.

„ჩვენ ვიცით, რომ ისინი ფსკერზე გაწვნენ, მაგრამ ეს უკვე სამართალდამცველი ორგანოების ღირსების საქმეა, რომ ამოთხარონ ისინი კანალიზაციის ამ ფსკერიდან.“

ძნელი სათქმელია, თუ რუსეთის რამდენ მოქალაქეს სჯერა ვლადიმირ პუტინის ამ ხმამაღალი განცხადებისა 29 მარტს განხორციელებული საზარელი ტერაქტის შემდეგ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG