Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 1 აპრილი 2010


”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარის, სოზარ სუბარის, 31 მარტს გავრცელებული ინიციატივის შესახებ ოპოზიციის სხვა კანდიდატისთვის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობის დათმობის თაობაზე დღეს არაერთი გაზეთი წერს. ”24 საათის” კორესპონდენტი თვლის, რომ გაზეთისთვის საკმაოდ ღირებული აღმოჩნდა ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის, ვიქტორ დოლიძის კომენტარი, რომელიც მან გაზეთს დღის პირველ ნახევარში მისცა: ”ეს მისი პირადი, ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და მე ამას გაბედულ, ერთობისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებ”, - უთქვამს დოლიძეს ”24 საათისთვის”. ავტორი წერს: ”სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ემტკიცებინა, რომ გამოთქმა ”უარს ვამბობ” გრამატიკულად ზუსტად იგივეა, რაც მზადყოფნა უარის სათქმელად. კიდევ ერთი ნეგატიური მომენტი: სუბარმა ისე თქვა უარი თავის კანდიდატურაზე, რომ ეროვნულ საბჭოსთან არც კი შეუთანხმებია, მზად არიან თუ არა ისინი ამ ”საჩუქრის” სანაცვლოდ ირაკლი ალასანია მერობის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად აღიარონ”, - წერს ”24 საათის” ავტორი.
”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავად სოზარ სუბარი თავისი გადაწყვეტილების მიმართ ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრების დამოკიდებულებაზე ამბობს: ”ისინი ვერ იტყოდნენ იმას, რაც მე უნდა მეთქვა. მათ შემომთავაზეს მებრძოლა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის და ისინი ვეღარ იტყოდნენ, შენ აღარ უნდა იბრძოლო ამისთვისო. ეს სწორედ ჩემი სათქმელი იყო და ჩემგან უნდა წამოსულიყო ინიციატივა.”

”ალიას” კორესპონდენტმა სუბარის გადაწყვეტილებაზე კომენტარისთვის რამდენიმე პოლიტიკოსს მიმართა. კობა დავითაშვილი: ”ბატონმა სოზარ სუბარმა ხომ თქვა, მოვხსნი კანდიდატურასო, ამის საპასუხოდ, მე მზად ვარ უარი ვთქვა ამერიკის ასტრონავტობაზე. არანაირი შანსი არა აქვს ბატონ სოზარ სუბარს საკრებულოს თავმჯდომარეობის...”; ზურაბ ტყემალაძე: ”ეს შეთავაზება დაგვიანებულია ოპოზიციისთვის. ჩვენ გვყავს შესანიშნავი და რეიტინგული კანდიდატი გოგი თოფაძე...”; გიორგი თარგამაძე: ”მე ვფიქრობ, რომ ეს წინადადება სერიოზულად დაგვიანებულია პოლიტიკურად. შესაძლოა, ის აქტუალური ყოფილიყო და მართლაც გარდამტეხი, როდესაც ამის პოლიტიკური დრო იყო.

დღევანდელ გაზეთებში კვლავ წერენ მოსკოვში მომხდარი ტერაქტების შესახებ. ”ყველა სიახლე” ექსპერტებს გაესაუბრა. მამუკა არეშიძე ამბობს: ”ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამ ამბავში რუსების მიერ ქართული კვალის მოძიების მცდელობაა. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება მომხდარი უბედურება სათავისოდ გამოიყენოს და საქართველოს რეპუტაციას კიდევ ერთხელ დაარტყას, თუ კიდევ უფრო შორსგამიზნული გეგმა არა აქვთ.” ბესიკ ალადაშვილი: ”შეიძლება მომხდარ ტრაგედიაში ქართული წარმოშობის ადამიანების დანაშაულის კვალიც იპოვონ, რის შემდეგაც დაიწყებენ კიდევ ერთ ანტიქართულ კამპანიას და მტკიცებას, რომ ქართველები ტერორისტებს ამზადებენ. არ არის გამორიცხული, მოვლენების თანხვედრის შემთხვევაში, რუსეთმა, კონტრტერორისტული ოპერაციის საბაბით, შეტევა მიიტანოს პანკისის ხეობაზე, ან სულაც ვაზისუბანში, ან გლდანში ჩამოსხას დესანტი.”
”ჯორჯიან ტაიმსში” ქვეყნდება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი მარკოვის კომენტარები: ”ის, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება, ამის რეალობა ნულის ტოლია. თუ მართლაც დადასტურდა, რომ სააკაშვილი ისლამისტ ტერორისტებს ეხმარებოდა, ჩვენ ამ მასალებს ამერიკელებს გადავცემთ, რათა მათ ზომები მიიღონ. საბოლოოდ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებმა სააკაშვილი დააპატიმრონ და ციხეში ჩასვან”, - ეუბნება სერგეი მარკოვი ”ჯორჯიან ტაიმსის” კორესპონდენტს.
”რეზონანსი” ჟენევის კონსულტაციების მორიგ რაუნდზე წერს. ”შეთანხმება ვერასოდეს შედგება! ის, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთთან და ე.წ. დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთთან რაიმე ტიპის დოკუმენტზე, არის ზღაპარი, რომლებსაც თავი უნდა გაანებონ. საქართველო მზად არის რუსეთის ფედერაციასთან საერთაშორისო გარანტიების მქონე ნებისმიერი ტიპის დოკუმენტს ხელი მოაწეროს”, - განუცხადებია სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს ”რეზონანსისთვის”.
”საქართველოს რესპუბლიკამ” საპირველაპრილო ტრადიციას არ უღალატა და, რუბრიკით ”როცა გონება იმარჯვებს”, გიორგი არველაძის ხელმოწერით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც, ის თითქოს წერს: ”თუ ვინმე დამარცხდა, თანაც სამარცხვინოდ, ამ ეგრეთ წოდებულ იმიტირებულ ომში, უწინარესად მე, გიორგი არველაძე, დავმარცხდი და არა მარტო როგორც ”იმედის” გენერალური დირექტორი, არამედ როგორც ადამიანი, როგორც ახალგაზრდა ქართველი კაცი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს იგრძნო, რომ სინდისის ქენჯნა მართლაც კომბალზე მტკივნეული ყოფილა.” - ასეთი გახლავთ ”საქართველოს რესპუბლიკის” მიერ იმიტირებული გიორგი არველაძის საპირველაპრილო განცხადება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG