Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წებელდიდან და ოჩამჩირიდან დევნილები დახმარებას ითხოვენ


ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე, ენგურს გაღმა მდებარე სოფელ განმუხურში აფხაზეთიდან დევნილები უკვე 17 წელია სხვადასხვა კომპაქტურ ცენტრებში ცხოვრობენ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამ მიზნით მათ არაერთხელ მოაწყვეს საპროტესტო მსვლელობა ენგურის ხიდთან, რომელიც შარშან დევნილებმა ყურადღების მისაქცევად გადაკეტეს კიდევაც.


დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განმუხურში მხოლოდ ერთი კომპაქტური ცენტრი რემონტდება, რომლის ბინადარნი სარეაბილიტაციო სამუშაოებით კმაყოფილები არიან. გარდა ამისა, სოფელში კიდევ ორი კომპაქტური ცენტრია, სადაც სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი ყოფილი ბაღის შენობაა, რომელსაც, წვიმებისა და ძლიერი ქარის შედეგად, სახურავი და კედლები დაზიანებული აქვს.

ოჩამჩირელი ახალგაზრდა მამაკაცი გვიხსნის, რომ დახმარების მოტივით არაერთხელ მიმართეს ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს, მაგრამ უშედეგოდ. ”თავადაც ხედავთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ. სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის. კედლები გაბზარულია. ჩვენთან, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არავინ მოსულა, მაგრამ მათაც მხოლოდ ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ - დახმარების გაწევა არავის უნდა”, - ამბობს ოჩამჩირიდან დევნილი.

ასეთ პირობებში ცხოვრობს დევნილების ექვსსულიანი ოჯახი სოფლის ყოფილ ბიბლიოთეკაში. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მადონა მაქაცარიას, განმარტებით, ხის სამოთახიან შენობაში ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. ”ძლიერი ქარის დროს გვეშინია ჭერი და კედლები თავზე არ დაგვეცეს. არც კანალიზაცია გვაქვს და არც სასმელი წყალი. 300 მეტრიდან ვეზიდებით სუფთა წყალს. გვითხრეს, 2011 წლამდე თქვენც დაგეხმარებითო, მაგრამ მანამდე ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია”, - გვიხსნის წებელდიდან დევნილი მადონა მაქაცარია.


რეპორტაჟში ჩამოთვლილ პრობლემებზე პასუხის მისაღებად რადიო თავისუფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს ლევან მიქავას დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება, სამინისტროს პრესსამსახურის მოთხოვნით, არ ისურვა.

ყოფილი ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათი სამოსახლო, განმუხურის გამგებლის ინფორმაციით, პოლიციის ოფისად გადაკეთდება. ასეთ შემთხვევაში თუ სად გადაასახლებენ დევნილების 4 ოჯახს, მათთვის უცნობია.
XS
SM
MD
LG