Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ფინანსების რევიზია ცხინვალში


ცხინვალში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი თითქმის ჩაიშალა. სამშენებლო კომპანიები ვადებში ვეღარ ეტევიან, ფული გათავდა, კოკოითის ხელისუფლება კი მათთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფაზე უარს აცხადებს.

გარდა ამისა, იმ მაღალსართულიან კორპუსებში, რომლებსაც მთლიანად გამოეცვალა სახურავი, წყალი მაინც ჩადის. უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ადგილობრივ მოსახლეობას შიდა რემონტი გაუფუჭდა და ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი.

ცხინვალელები, როგორც რუსი მშენებლების, ისე კოკოითის ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებს არ მალავენ. ეს საქმე იმდენად რეზონანსულია მთელს ცხინვალში, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა დაზარალებულებს მოუწოდებს, სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ.

როგორც ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ხუგაევმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითისთან შეხვედრისას განაცხადა, წყალი თითქმის ყველა კორპუსში ჩადის. ადმინისტრაცია კი დაზარალებულებს სასამართლოში დახმარებას ჰპირდება.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ კოკოითიმ კიდევ ერთი კომისიის შექმნის შესახებ გასცა ბრძანება, რომელიც დაზარალებულთა საქმეებს შეისწავლის და მათ მატერიალურ ზიანს დაადგენს. ანგარიშს კი - სამშენებლო კომპანიებს წარუდგენს, რომლებმაც ხარვეზები უნდა გამოასწორონ და ზარალი აანაზღაურონ.

ცხინვალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ სრულდება. მშენებლებს ჯერ სახლების ნაწილის აღდგენაც კი არ დაუწყიათ, ამიტომ ბევრი ცხინვალელი ისევ კარავში ცხოვრობს. რაც გაკეთდა, ისევ თავიდან გასაკეთებელია, რადგან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ისევ რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან.

ცხინვალში რუსეთიდან გამოგზავნილი ფინანსური დახმარება სწრაფად თავდება, გაკეთებული საქმე კი არ ჩანს. ამიტომ დაკარგული ფულის საძებნელად კრემლი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში რევიზორს რევიზორზე აგზავნის.
XS
SM
MD
LG