Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 7 აპრილი 2010


”750 ქართველი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ზონაში მიემგზავრება” - წაიკითხავთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. სტატიაში უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის - ირაკლი სესიაშვილის - მოსაზრებას წაიკითხავთ. ის სვამს კითხვას: ”რატომ უნდა გავწიროთ ჩვენ თავი და გავაგზავნოთ ჩვენი ჯარები ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად, როდესაც ეს სახელმწიფო, როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ მტრულად არის განწყობილი? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენს ხელისუფლებაშია, რომელიც საკუთარი საერთაშორისო იმიჯის რეაბილიტაციისათვის მზად არის პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგას. განსაკუთრებით ეს პრეზიდენტს ეხება. ვაცხადებ, რომ თავმოყვარე სახელმწიფო ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მიღებაზე, უბრალოდ, არ დათანხმდებოდა.”

”რეზონანსი” და სხვა გაზეთებიც წერენ ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარის მიერ ინიცირებული კონსულტაციების შესახებ. ”რეზონანსის” სტატიის ავტორი წერს, რომ ძნელი სათქმელია, რით დასრულდება სუბარის მიერ წამოწყებული საქმე, ”რადგან, სუბარის ოპტიმისტური მოლოდინის მიუხედავად, პოზიციების შეცვლას არავინ აპირებს”.

”ახალ თაობაში” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. მას ეეჭვება ხელისუფლებამ, თუკი ასეთი სურვილი ექნება, უგულავას მსგავსი რეიტინგით ვინმე სხვა ფიგურა ”დასვას”. ”პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი გამოსავალი, თუ უგულავა არ სურს”, - ამბობს საყვარელიძე და განმარტავს, რომ მას შეუძლია არჩევანი რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატზე შეაჩეროს: ”ამას ხელისუფლება შეაფასებს დემოკრატიის დიდ გამარჯვებად, თავისი დემოკრატიულობის მთავარ არგუმენტად. ეს იქნება ისეთი ტიპის ოპოზიციონერი, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს, ალბათ, არ შეუქმნის”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე, რომელსაც ”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”ვინა თქვა გიგი უგულავას კანდიდატურა ხელისუფლებამ შეიძლება არ დააყენოსო? კაცი კარგა ხანია თავ-ფეხიანად გადაშვებულია წინასაარჩევნო კამპანიაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დაბადებიდან იქა ზის და, ”ქვევრის” პერსონაჟისგან განსხვავებით, არც ფეხებით აპირებს უკან გამოსვლას და არც თავით” - ამას ”ვერსიის” ავტორი წერს. ის სტატიას უძღვნის, როგორც თავად წერს, თბილისის მერის მხარდამჭერთა მიერ შექმნილ ”ჰიმნს”, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ”ვერსია” სიმღერის ტექსტსაც ბეჭდავს. ნაწყვეტი: ”არის ჩვენი მგავსი, არ სჭირდება ფარსი, აქვს სიმართლის გარსი, კარგად იცის საქმის არსი”.

”ვერსიაშივე” იბეჭდება ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც აცხადებს: ”ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს ერთიანობაზე, გამცეს პასუხი კითხვაზე - წინ იმას რა უდგას, რომ მათ მხარი ალასანიას დაუჭირონ? ვინმე მასზე უკეთესი იციან? თუ ეს მხოლოდ ვაჭრობის მიზნით თავშეკავებაა?”. ”ვერსიაშივე” ირინა სარიშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ, რომ ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს: ”ქვაც რომ დადოს მერის კანდიდატის ადგილას, ოპოზიციაში ისეთი უბედურება ხდება, მაინც მოიგებს...”.

”24 საათიც” წერს ოპოზიციაში მიმდინარე კონსულტაციებსა და ”გამარჯვების ფორმულის” ძიებაზე. გაზეთი პოლიტოლოგების მოსაზრებებსაც სთავაზობს მკითხველს. ნიკა ჩიტაძე: ”სამწუხაროდ, ოპოზიცია ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, ერთიან ორგანიზმად ვერ იქცა”; არჩილ გეგეშიძე: ”ოპოზიციაში გაერთიანების გულწრფელი სურვილი არსებობს, მაგრამ ამ გულწრფელობას ამბიციები სჭარბობს, რაც მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG