Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მკვლევარი ახალ ომს არც საქართველოს და არც რუსეთის ინტერესად მიიჩნევს


პიტერ დანკენი, ბრიტანელი მკვლევარი
პიტერ დანკენი, ბრიტანელი მკვლევარი
ამ კვირაში თბილისში იმყოფებოდა ბრიტანელი მკვლევარი პიტერ დანკენი, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ახალ წიგნს წერს. მასში ასახული იქნება ცვლილებები, რომელიც რუსულმა პოლიტიკამ ელცინის მმართველობიდან პუტინის პრეზიდენტობამდე და შემდეგ, თავად პუტინის მმართველობისას განიცადა. წიგნზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილ ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად ბრიტანელი მკვლევარი საქართველოსაც ეწვია და როგორც საექსპერტო, ასევე სამთავრობო წრის წარმომადგენლებს შეხვდა. აგვისტოს ომის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ პიტერ დანკენის შეფასებებით რადიო თავისუფლებაც დაინტერესდა.

რუსეთს ძალიან სურდა სააკაშვილის დისკრედიტაცია დასავლეთში, რათა მისთვის მიუღებელი გამხდარიყო ნატოში სააკაშვილის საქართველოს წევრობა
რუსეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას ბრიტანელი მკვლევარი რამდენიმე ფაქტორით ხსნის. საქართველო რუსეთისთვის პრობლემურ ჩრდილოეთ კავკასიას ესაზღვრება, ენერგოტრანზიტის პოტენციალი აქვს, რაც ევროპის ენერგობაზარზე მოსკოვის პოზიციებს გარკვეულ საფრთხეს უქმნის, და გეოპოლიტიკური მდგომარება - საქართველო სომხეთის და თურქეთის მეზობელია და შავ ზღვაზე კარგი გასასვლელი აქვს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორი დასძენს, რომ რუსეთმა საფრთხედ აღიქვა ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანება, პრიორიტეტად ამ პროცესის შეჩერება აქცია და მიზნის მისაღწევად კარგი ბერკეტით - აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით მანიპულირება შეძლო.

“რუსეთს ძალიან სურდა სააკაშვილის დისკრედიტაცია დასავლეთში, რათა მისთვის მიუღებელი გამხდარიყო ნატოში სააკაშვილის საქართველოს წევრობა, მიუხედავად დასავლეთის მიერ 2008 წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ერთ დროს, საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა. ამიტომ, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება, რათა მას სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული შეიარაღებული ძალებისთვის შეეტია” - უთხრა რადიო თავისუფლებას პიტერ დანკენმა.

ბრიტანელი მკვლევარი, როგორც თავად ამბობს, თბილისში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, თუ რატომ აჰყვა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას და რატომ უპასუხა? დანკენის თქმით: ”საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოტივი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა, ოსური ძალებისგან იერიშების შეწყვეტა და როკის გვირაბიდან რუსული შეიარაღებული ძალების გადაადგილების შეჩერება იყო. ეს არგუმენტები ჩემთვის არცთუ დამაჯერებელია. დასავლეთმა საქართველოს გარკვევით უთხრა, რომ ვერ დაეხმარებოდა. ასეთ ვითარებაში პატარა ქვეყნის, საქართველოს შეტევა არა სამხრეთ ოსური ძალების, არამედ რეალურად რუსული არმიის წინააღმდეგ, ჩემთვის სიგიჟეა.”

სიგიჟეა, თუ რათქმა უნდა, რაიმე სხვა ფაქტორი არ არსებობდა - ამბობს პიტერ დანკენი და მისთვის მეტნაკლებად გასაგებ ერთ გარემოებაზე მიუთითებს: ”თბილისში მოვისმინე, რომ სააკაშვილს სხვადასხვა მხარისგან ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთით დიდად დაინტერესებული არ არის და მისი დაბრუნება იოლი იქნებოდა. მაგრამ რეალურად, ეს რუსებისგან მომდინარე მცდარი ინფორმაცია იყო, რათა შეტევის განსახორციელებლად სააკაშვილის პროვოცირება მოეხდინათ”.

მე ვერ ვხედავ, რომ პროვოკაციის მოწყობა ამჟამად რუსეთის ინტერესი იყოს. ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სამხედრო თვალსაზრისით უკვე აკონტროლებს და არა მგონია, საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც სურდეს ადმინისტრაციული კონტროლის დამყარება
ბრიტანელი მკვლევარის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის პროვოცირებით რუსეთმა გამარჯვებას მიაღწია და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. რაც შეეხება დასავლეთთან თავად რუსეთის ურთიერთობას, რომელიც აგვისტოს ომმა მკვეთრად გააუარესა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრაქტიკულად, ადრინდელ დონეს დაუბრუნდა, პიტერ დანკენი ამას არა რუსული დიპლომატიის წარმატებით, არამედ აშშ-ში ადმინისტრაციის შეცვლით ხსნის. თუმცა, ბრიტანელი მკვლევარის შეფასებით, რუსეთი დღემდე იზოლაციაშია, რადგან მისმა გადაწყვეტილებამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, მხარდაჭერა მხოლოდ ნიკარაგუაში, ვენესუელასა და ნაურუში მოიპოვა. პიტერ დანკენი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯი დსთ-ში მოსკოვის ყველაზე ახლო მოკავშირეებმაც კი ვერ გადადგეს, რადგან პრეცედენტის დაშვება არ სურთ.

ბრიტანელი ექსპერტი ვერც საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების განმეორების საფრთხეს ხედავს. ”მე ვერ ვხედავ, რომ პროვოკაციის მოწყობა ამჟამად რუსეთის ინტერესი იყოს. ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სამხედრო თვალსაზრისით უკვე აკონტროლებს და არა მგონია, საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც სურდეს ადმინისტრაციული კონტროლის დამყარება. არც არასდროს მიფიქრია, რომ რუსეთის მიზანი თბილისის დაკავება და მთელ ქვეყანაზე მმართველობის დამყარება იყო. მეორე ომის დაწყება არც საქართველოს ინტერესია, რადგან სააკაშვილის ხელისუფლება მიხვდა, რომ აგვისტოში რუსეთის პროვოკაციაზე წამოგება არასწორი იყო. ჩემთვის არგუმენტად არც ის გამოდგება, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ სააკაშვილს ომი ხალხში პოპულარობის მოსაპოვებლად დასჭირდება, როგორც ეს თავის დროზე ელცინმა და პუტინმა ჩეჩნეთში გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ხალხი სააკაშვილის გარშემო გაერთიანდა, არა მგონია, რომ იგივე მეორე ომის შემთხვევაშიც მოხდეს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ახლი ომის დაწყება რუსეთის, ან საქართველოს ინტერესი იყოს. ორივე ქვეყანას ისედაც უამრავი შიდა პრობლემა აქვს” - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრიტანელმა მკვლევარმა.

პიტერ დანკენი რუსეთის ინტერესად აფასებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებას. ”ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნა ნატოსგან საქართველოს შორს ყოფნას ნიშნავს, რადგან ევროპელებისთვის არასანდო პარტნიორად იქცა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში მათი რჩევის საწინააღმდეგოდ მოიქცა” - ამბობს ბრიტანელი მკვლევარი.

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენელთა მიერ ბოლო ხანს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველომ და რუსეთმა ურთიერთობის აღდგენა უნდა დაიწყონ, პიტერ დანკენი ეთანხმება, რომ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თუმცა, მან ისიც დასძინა, რომ სუვერენული სახელმწიფოსთვის მისგან, უცხოელისგან რაიმეს მითითება უხერხულობას უქმნის, მით უმეტეს, რომ საქართველოს უცხოელებისგან არასწორი რჩევების მიღების გამოცდილებაც აქვს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივაზე საუბრისას ბრიტანელმა ექსპერტმა მისთვის სრულიად გაუგებარი უწოდა ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლებასთან და თბილისში მოსმენილ მოსაზრებასაც, რომ მსგავსი კონტაქტის დამკვეთი ხელისუფლებაა. პიტერ დანკენი ფიქრობს, რომ თუ ეს ხელისუფლებას სჭირდება, სხვა გზებს გამოძებნის. მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, ის გახსნილი უნდა იყოს და საუბარი ყველა პრობლემაზე დაიწყოს. ბრიტანელი მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში, დღეს გაცილებით სხვა პრობლემების წინაშე მყოფმა რუსეთმა საქართველოს შესაძლოა, მეტად მოუსმინოს, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ მოხდებოდა.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG