Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ!..”


სამგლოვიარო ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში
სამგლოვიარო ცერემონია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში
თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ხსოვნას დღეს რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს პატივი. ისინი ერთხმად აღიარებდნენ, რომ საქართველომ, ლეხ კაჩინსკის სახით, უდიდესი მეგობარი დაკარგა. ისინი იხსენებდნენ აგვისტოს ომსა და პოლონეთის პრეზიდენტის მხარდაჭერას. უახლოეს დღეებში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა.

- დიდი მადლობა ქართველი ხალხის თანადგომისათვის!
- ბატონო პრეზიდენტო, თქვენი სახით დიდი მეგობარი დავკარგეთ!
- როდესაც გვიჭირდა, გვერდში ამოგვიდექით. საქართველო არასდროს დაივიწყებს თქვენს ამაგს!
- ჩვენც თქვენთან ერთად ვტირით!

პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა
სამძიმრის წიგნი, რომელიც რამდენიმე ათეულ გევრდს მოიცავს, თითქმის სავსეა. ძლიერი წვიმის მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოსახატავად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დილიდან ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. კათალიკოს-პატრიარქის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარომადგენლებისა და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეების გვერდით საკუთარ გულისტკივილს სამძიმრის წიგნში რიგითი მოქალაქეებიც გამოხატავდნენ. ყველაზე პატარა კი მათ შორის 7 წლის მარიამი იყო:

”აქ წუხილის გამოსახატავად მოვედი.”

2008 წლის აგვისტოს ომი მარიამს ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვს, ამბობს მარიამის დედა. ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს ლეხ კაჩინსკის სიმამაცეს, საქართველოში რისკის ფასად რომ ჩამოვიდა და გასაჭირის ჟამს გვერდში დაგვიდგა:

”ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ვუსამძიმრებ პოლონეთსა და მთელ მსოფლიოს. ჩვენ ყოველთვის დავუდგებით გვერდში პოლონელ ხალს, ეს მსოფლიოს უდიდესი დანაკარგია.”

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სამძიმარს პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა იღებდა. მთელ საქართველოს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა, განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატო საქართველოს პატრიარქის მიმართ, რომელმაც საკუთარი გულისტკივილი სამძიმრის წიგნში გამოხატა. ჩვენ ღმერთმა ამ ტრაგედიით კიდევ ერთი გაკვეთილი გვასწავლა. მთელი პოლონეთი გლოვობს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ამბობს ურშულა დოროშევსკა:

”ათასობით ადამიანი ეგებებოდა ვარშავის ქუჩებში სმოლენსკიდან ჩამოსვენებულ პრეზიდენტის ცხედარს. კორტეჟმა მთელი ქალაქი გაიარა, პოლონელები მის ცხედარს ყვავილებით აცილებდნენ. ამ ტრაგედიამ თითოეულ ადამიანზე საშინლად იმოქმედა. თითქოს ყველაფერი გაირინდა. მართლაც, ურთულეს სიტუაციაში ვართ. ღმერთი ცვლის ჩვენს გეგმებს.”

პოლონეთი დაღუპულ პრეზიდენტს დასტირის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

სამძიმარი პოლონეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო აგვისტოს ომის შედეგად დევნილმა ბავშვებმაც გამოხატეს: თითო ყვავილი თითო ბავშვისგან. ისინი პოლონეთის პრეზიდენტს მადლობას უხდიდნენ იმ 21 დღის გამო, რომელიც მათ ომის შემდეგ, ლეხ კაჩინსკისა და მისი მთავრობის ინიციატივით, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, პოლონეთში გაატარეს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დევნილი ბავშვების სახელით უხდის მადლობას პოლონეთის პრეზიდენტს:

”დაობლებული ადამიანის განცდაა. ჩვენი მეგობარი, ჩვენი მფარველი და ჩვენი გულშემატკივარი იყო. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გარეშე დავრჩით.”

რიგითი მოქალაქეების ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მთელი დღის განმავლობაში არ შენელებულა. მათი გულისტკივილი ქართველი ხალხის დიდი მეგობრის გარდაცვალების გამო ერთსულოვანია:

- ”გული გვეტკინა, მართლა ძვირფასი პიროვნება დავკარგეთ. გაჭირვების პერიოდში გვერდში გვედგა. მინდა, რომ ჩემი მწუხარება გამოვხატო მისი ოჯახის მიმართ.”
- ”ეს მარტო პოლონელი ხალხის ტრაგედია არ არის. ეს ჩვენი ტრაგედიაც არის. ქართველი ხალხის მეგობარი იგივე ქართველი ადამიანია. ჭირში იცნობა ადამიანი და ჩვენ როცა გვიჭირდა, ის გვერდში ამოგვიდგა.”

ის, რომ უახლოეს დღეებში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა, დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში განაცხადა. ბატონი კაჩინსკი დიდი დანაკარგი იქნება ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც იდეალებს ემსახურება, მომავალს იდეალები ქმნის, აღნიშნა გიგი უგულავამ.

ლეხ კაჩინსკის 17 აპრილს დაკრძალავენ. 13 აპრილიდან კი ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში, ყველა მსურველს ექნება საშუალება მის ცხედარს პატივი მიაგოს. პოლონეთში საქართველოდან სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები გაემგზავრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაციას პრეზიდენტი, საპარლამენტოს კი დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG