Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 15 აპრილი 2010


ოპოზიციის ამბები დღეს არაერთი გაზეთის მთავარი თემაა: ვინ რას აპირებს, ვინ ვის რაზე უთანხმდება და ვინ როგორ ემზადება არჩევნებისთვის?

”ყველა სიახლეს” სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა: ”ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველას უნდა დავანახვოთ, რომ არსებობს რეალური, ძლიერი ალტერნატივა, რომელიც ნამდვილად პროდასავლურია. ამიტომაც გვებრძვის ეს ხელისუფლება ასე გააფთრებით. დააკვირდით, როგორი პიარკამპანია აქვთ გაჩაღებული ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. ხელისუფლებაც და ვითომ ოპოზიციაც ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ საქართველოში არსებული პოლიტიკური განწყობის დამახინჯებული ვარიანტი. ამბობენ, რომ თითქოს აქ პრორუსული განწყობა იზრდება, პროდასავლური კი - მცირდება”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

”ყველა სიახლეშივე” ზურაბ ნოღაიდელი მისი მაკრიტიკებელი ოპოზიციის შესახებ (თუმცა ჟურნალისტი მას კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილზე ეკითხება): ”ამ ხალხს ვურჩევ, თავი დაგვანებონ. ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ ხელისუფლების გარდა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე არჩევნებს ვერავინ მოიგებს და ვნახოთ, არჩევნებზე ვის ექნება ეს მხარდაჭერა. ისე, ამ წარუმატებელი პოლიტიკოსებისგან ჭკუის სასწავლებელი არაფერი მჭირს.”

”ახალი თაობა” ირინა სარიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”ძალიან მცირე ხანში შეიძლება მივიღოთ ოქრუაშვილი ორი ნოღაიდელისგან. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ 30 მაისის შემდეგ ნოღაიდელი თითს გაანძრევს, უფრო სწორად, ენას გაანძრევს, თორემ თითის განძრევაზე მას საერთოდ არა აქვს პრეტენზია. არ არის გამორიცხული, რომ ნოღაიდელიც დააპატიმრონ ან, ყოველ შემთხვევაში, გააქციონ...”.

ნოღაიდელზე ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს დეპუტატი გია ცაგარეიშვილიც: ”სააკაშვილმა ნოღაიდელი შექმნა კარგ პოლიტიკურ საფრთხობელად, რომელიც დაარჭო პოლიტიკურ ველზე. ხელისუფლების თამაშს ნოღაიდელი უნებლიეთ თამაშობს.”

”რეზონანსის” ავტორი წერს: ლეიბორისტები ამბობენ, რომ ”ეროვნულ საბჭოს”, ალასანიას ”ალიანსსა” და ”მრეწველებს” საკუთარი კვოტით გათვალისწინებული ადგილები შესთავაზეს იმ საარჩევნო ადმინისტრაციებში, რომლებსაც თავად ვერ აკომპლექტებენ”. ”რეზონანსის” კორესპონდენტმა გაარკვია, რომ ”ალიანსში” არ იციან, თუ რომელ უბნებში დაეთმობათ ლეიბორისტების კვოტები. ”ეროვნული საბჭოს” წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტს ჩამოუთვალა ის რამდენიმე უბანი, სადაც ლეიბორისტებმა კომისიის წევრების ადგილები დაუთმეს. ”მრეწველები” კი, ”რეზონანსის” თანახმად, ”დღეს გადაწყვეტენ რომელ საარჩევნო ოლქს აითვისებენ”. გაზეთის დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს ”ალია”: ”მე ერთ რამეს გეტყვით - ”ფორუმი” აპირებს პოლიტიკური ინიციატივის აღებას ქვეყანაში”, რაც, სანიკიძისავე განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ ”ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული რეაგირება იქნება”, სამოქმედო გეგმის დეტალებს კი ყრილობის ჩატარების შემდეგ გამოაცხადებენ.

”24 საათი” წერს ოშკის ტაძრის სავალალო მდგომარეობაზე. ”ოშკის ტაძარს ბარელიეფები სცვივა” - ასეთია სტატიის სათაური. ავტორი ეყრდნობა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის - გიორგი დვალაშვილის ინფორმაციას, რომელმაც ახლახან თავის თვალით ნახა რამდენიმე ქართული ისტორიული ძეგლი - ოშკი, ხახული და იშხანი. ოშკის შესახებ დვალიშვილი ჰყვება: ”ვერავინ იტყვის, შეგნებულად ჩამოანგრიეს თუ არა. ფაქტია, ტაძარი შველას ითხოვს. ბარელიეფის ჩამოვარდნის ალბათობას, შესაძლოა, ხელი შეუწყო ფასადის გამოფიტვამ, ანდა მორმა ვეღარ გაუძლო. ეს ადგილი სეისმურად აქტიურია და თუ კონსერვაცია არ მოხდება, პატარა მიწისძვრაც საკმარისია, რომ რაც დარჩენილია, ისიც დავკარგოთ”, - ამბობს ქართველი მეცნიერი ოშკის ტაძრის შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG