Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მამა, უცბად ვიგრძენი, რომ სულ მარტო ვარ ამ სამყაროში"


თავის დროზე, როცა კინომცოდნეების ჯგუფი ამყავდა თეატრალურში, კშიშტოფ კიშლოვსკის ”დეკალოგი” მისაღები გამოცდებისთვის ავარჩიე. ჩემი ჭკუით, ასეთ კინოზე ფიქრი ბავშვებს სტრესს მოუხსნიდა, დაამშვიდებდა. თანაც, ცოტა ვიეშმაკე. ჩვენში უკვე იმ დროს მომძლავრებული ”ეკლესიური ფანატიზმის” ფონზე ზუსტად ”დეკალოგით” შევიტყობდი, რამდენად ჰქონდათ აბიტურიენტებს დაბნელებული გონება და რამდენად მზად იყვნენ შეესწავლათ ხელოვნების ენა.

სმოლენსკის აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის მერე სწორედ კიშლოვსკი გამახსენდა; პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც ევროკავშირის შექმნას ფილმი მიუძღვნა (”ლურჯი”) და თანაც, პირველი ევროპელი რეჟისორი, რომელმაც იმხანად ჯერ კიდევ პროექტის დონეზე არსებული ევროკავშირის მიმართ ქილიკი გაბედა.

ეს "ლურჯი" ხომ დიდი ტრიპტიქის ნაწილია ("თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა"), რომლის საბოლოო გაგებისთვის აუცილებელიცაა გაიხსენო, რა ხდება "თეთრში", მერე კი "წითელში".

"თეთრში" - "თანასწორობის" იდეა იმდენადაა გამასხარავებული, რომ ფილმის ბოლოს ცხადი ხდება, ადამიანები (ყველგან!) იბრძვიან არა თანასწორობისთვის, არამედ სწორედაც რომ უთანასწორობისთვის, ე.ი. ძალაუფლებისთვის და დასავლეთს - აღმოსავლეთი (ამ შემთხვევაში პოსტკომუნისტური პოლონეთი) სჭირდება, როგორც მხოლოდ და მხოლოდ მართვის ობიექტი. მეტი არაფერი.

და "წითელი"?... კიშლოვსკიმ დახოცა ყველა და გადაარჩინა თავისი გმირები, აღიარა, რომ რეჟისორი დემიურგია, რომელსაც ადვილად შეუძლია მართოს ადამიანები, აღიარა, რომ მანიპულაციის ვნებას არც პოლიტიკური სისტემა განსაზღვრავს და არც სოციუმი. ეს ვნება ყველაშია. აღიარა, დასცინა თავის თავს, მერე გამოაცხადა, რომ თავს ანებებს კინოს გადაღებას... და ცოტა ხანში მოულოდნელად გარდაიცვალა. 54 წლის ასაკაში.

უკუღმა რომ მივყვეთ, რაღა იქნება "ლურჯი"? რაღა იქნება ფილმი გაერთიანებული ევროპისადმი მიძღვნილი პათეტიკურ-კიტჩური ქორალით, რომელიც ჟულიეტ ბინოშის ტანჯულ-ინტელექტუალურ მზერას "აფორმებს"? თუკი ამ ციკლის მეორე და მესამე ფილმების ჟანრს გავიხსენებთ, ეს კვაზიტრაგიკული ისტორია, უბრალოდ, პაროდია გახდება. პაროდია გაერთიანებულ და ბედნიერ ევროპაზე!

კიშლოვსკი - თავისი კათოლიკურ-დიდაქტიკური ფილმებით, მუდმივად უქმნიდა დისკომფორტს დასავლურ კინოსამყაროს, სადაც მოდას, ტრადიციულად, მემარცხენეები ქმნიან... კაჩინსკიც დიდი თავის ტკივილი იყო ევროკავშირისთვის... ისევე, როგორც პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები. და გარკვეულწილად საქართველოც.

------------

აქ გავჩერდი... საქართველოში კაჩინსკის გლოვამ თითქმის პაროდიის მასშტაბებს მიაღწია. ამიტომ გადავწყვიტე, შემეცვალა ბლოგის თემა. კიდევ ერთი პოლონელი რეჟისორის, ანჯეი ვაიდას ფილმი, ”ყველაფერი გასაყიდად” გამახსენდა. იქ ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული სიკვდილი მედიამ და შოუ-ბიზნესმა თან დაიტირა და თანაც, იხეირა.

ასეთი რიტუალების, კოლექტიური გლოვისა და ახალი მითების შექმნის ფონზე (”კატინი დაწყევლილი მიწააა პოლონეთისთვის!”) პირველ რიგში მწუხარება ფერმკრთალდება. სევდა - სევდისა და მწუხარების პაროდიად იქცევა.

ბლოგის თემის შეცვლა გადავწყვიტე და ახალზე ფიქრში ფეისბუკის მეგობრების ”კედლებს” გადავხედე. ერთი ძალიან სიმპატიური კაცის და კარგი ჟურნალისტის, პაატა იაკობაშვილის სტატუსს მივაქციე ყურადღება - ”მე პოლონელი ვარ!” ეგრევე ღრმა ბავშვობა გამახსენა - ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, 1971 წელს - პოლონეთში. იქიდან დაბრუნებულმა, პოლონელებით და პოლონეთით აღფრთოვანებულმა, სახლში განვაცხადე ”ბებიაჩემი ხომ პოლონელია? არ შეიძლება გვარი გადავიკეთო?”

გარდამავალ ასაკში ვიყავი. წვერის გაპარსვას ვიწყებდი.

და ამ დროს, ხომ იცით, ყველა მარტო გრძნობს თავს

პაატას სტატუსმა კიშლოვსკისთან დამაბრუნა. ოღონდაც არა ”სამფერა ტროლოგიის” არამედ ”ვერონიკას ორმაგი ცხოვრების” ავტორთან.

”ვერონიკა” თავიდან ბოლომდე რეფლექსიების სამყაროა, რომელიც უცნაურ განწყობას ქმნის - უყურებ რეალობას და ივიწყებ რეალობას, ივიწყებ, სადა ხარ! და როცა ვერონიკა მამამისს ეუბნება, მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მარტო ვარ ამ ქვეყანაზეო. გგონია, რომ ზუსტად ეს სიტყვები, ზუსტად ასეთი ინტონაციით, განმეორებაა შენს ცხოვრებაში.

”ეს უკვე იყო!” რაღაც ერთობას გრძნობ ამ გოგონასთან და კიშლოვსკის მიერ გამოხატულ პოლონეთთან.

"პოლონელებს ახლა კეთილი ღმერთი უნდათ, რომელიც ყველაფერს აპატიებს და არა მკაცრი ღმერთი, როგორც პროტესტანტულ დასავლეთში... მათ უნდათ ღმერთი, რომელიც სათნო დედას ჰგავს და არა მკაცრ მამას" - აღნიშნავს ეჟი ტეპლიცი კშიშტოფ კიშლოვსკისადმი მიძღვნილ წიგნში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა.

და დღევანდელი ქართველებიც ასე არ ვართ? გარდამავალ ასაკში ”გაჭედილ” ყმაწვილებს არ ვგავართ, ვერაფრით რომ ”დაგვიდგენია” ჩვენი იდენტობა, ვერ გაგვირკვევია, ვინა ვართ - ევროპა, აზია... ვერ ჩამოვყალიბებულვართ, სად გვინდა - ნატოში? რუსეთში? ვერ ჩამოვყალიბებულვართ და ამიტომ ”თავის ტკივილად” ვიქეცით ყველასთვის - დასავლეთისთვის, რუსეთისთვის და, რაც მთავარია, საკუთარი თავისთვის.

”ვერონიკაში” კიშლოვსკი უბრალო ხერხებით აღწევს იმას, რაზეც ბევრი იწვალა ანდრეი ტარკოვსკიმ (მაგრამ მაინც ვერ შეძლო, რადგან მეტისმეტად მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა საკუთარ თავს) - ქმნის "დეტერმინირების" განცდას, როცა მაყურებელი გრძნობს, რომ რაღაც მაღალ ძალაზეა დამოკიდებული, რაღაც ვერტიკალზე! აქ კი, ამ ჰორიზონტზე, სიმეტრია მოჩვენებითია. პოლონელი ვერონიკა მოულოდნელად კვდება, რაც მის ორეულს ბედნიერს ხდის საფრანგეთში. დასავლეთს სრული კეთილდღეობისთვის მსხვერპლი სჭირდება!

ვეჭვობ, რუსეთშიც და დასავლეთშიც ბევრს ჰგონია, რომ სმოლენსკის ტრაგედია მნიშვნელოვნად შეცვლის პოლონეთის ურთიერთობას აღმოსავლეთთან, ევროკავშირთან... რომ აღარ იქნება კაჩინსკის ექსცენტრიულ-ინფანტილური ხელისუფლება და ევროკავშირიც უფრო ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებებს. რუსეთიც ამოისუნთქავსს ცოტა.

მართლა მაგარი ფილმია ანჯეი ვაიდას ”ყველაფერი გასაყიდად”. აუცილებლად ნახეთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG