Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის თურქულ ნაწილს ულტრანაციონალისტები უხელმძღვანელებენ


მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კვიპროსის თურქულ ნაწილში ჩატარებული არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. კვირას კიპროსის თურქულ ნაწილში გამართულ არჩევნებში დამარცხება განიცადა რესპუბლიკის ზომიერმა ლიდერმა მეჰმეტ ალი ტალატმა, რომელიც ძალაუფლებას გადააბარებს კვიპროსის თურქული ნაწილის დამოუკიდებლობის მომხრე დერვიშ ეროღლუს.
კვიპროსის თურქულ ნაწილში ვეტერანი ნაციონალისტი პოლიტიკოსის დერვიშ ეროღლუს გამარჯვება არც კვიპროსელ ბერძნებს გახარებიათ და არც თურქეთის ხელისუფლებას ანკარაში. კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფანოს სტეფანოუმ ეროღლუს გამარჯვებას „ნეგატიური განვითარება“ უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას მოუხდება ახალი გზების ძიება, რათა შექმნილ ვითარებაში სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ნაკლებად პირდაპირი იყო, მის მესიჯს სიცხადე არ აკლდა:

„ვინც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად კვიპროსის თურქულ ნაწილში, ის უნდა იყოს გაბედული, რათა განაგრძოს სამშვიდობო პროცესი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთმა, როგორც გარანტორმა სახელმწიფომ, მიიღო.“

ანკარა არჩევნებში მხარს უჭერდა ჩრდილოეთ კვიპროსის ყოფილ პრეზიდენტს, ალი ტალატს, რომელსაც 18 აპრილს გამართულ არჩევნებში ხმათა მხოლოდ 43 პროცენტი ერგო. მისმა მეტოქემ, დერვიშ ეროღლუმ, რომელიც კვიპროსის თურქული ნაწილის დამოუკიდებლობის მომხრეა, ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო. სწორედ ეროღლუს გასაგონად თქვა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, გაეროს მხარდაჭერილი სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდესო:

„ჩვენი მიზანია, რომ გამოსავალი წლის ბოლომდე იქნეს ნაპოვნი. ეს არის შედეგი, რომლის მიღწევასაც ჩვენ მეგობრებთან მოლაპარაკების გამართვით ვესწრაფით, რადგან როდესაც პრობლემა არ წყდება, ეს ორივე მხარის გაბრაზებას იწვევს.“

გასაბრაზებელი, თავის მხრივ, თურქეთსაც აქვს. კვიპროსი, რომელიც ევროკავშირის წევრია, აცხადებს, რომ გააგრძელებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის დაბლოკვას, ვიდრე ორად გაყოფილი კუნძული არ გამთლიანდება.
ეროღლუმ, რომელიც, 18 აპრილის არჩევნების შედეგად, კვიპროსის თურქულ ნაწილს უხელმძღვანელებს, ნიქოზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არ გახდება სამშვიდობო პროცესის დამაბრკოლებელი:
„როგორც პიროვნებამ, რომელმაც კარგად იცის, თუ რა მოხდა კვიპროსის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ბერძენ და თურქ კვიპროსელებს შორის, შემიძლია ვთქვა, რომ იმათზე მეტად მინდა პრობლემის გადაწყვეტა, ვიდრე მათ, ვინც მე გადაწყვეტილების მოწინააღმდეგედ მაცხადებს.“

ჩრდილოეთ კვიპროსს, რომელიც 1974 წელს გამოეყო კიპროსს და დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ თურქეთი აღიარებს, დღემდე თურქეთის 30 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული კუნძულის თურქულ ნაწილში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG