Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ეპოქა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში?


კვირას, 18 აპრილს, კრაკოვის ვაველის ტაძარში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია დაკრძალეს. როგორც იცით, კაჩინსკები - და კიდევ ათობით სხვა ოფიციალური პირი - 10 აპრილს რუსეთში, სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. პოლონეთის დელეგაციას მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. კატინის ტრაგედია პოლონელებსა და რუსებს შორის დაძაბული ურთიერთობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, თუმცა ეს დაძაბულობა ისედაც არაერთ საუკუნეს ითვლის. ახლა კი, როცა ავიაკატასტროფიდან ჯერ ორი კვირაც არ არის გასული, ისმის ფრთხილი ვარაუდები, რომ ამ ტრაგედიას, შესაძლოა, პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობა მოჰყვეს. რას ეფუძნება ეს ვარაუდი?

„პოლონეთი და რუსეთი: შერიგება ტრაგედიის დროს“; „პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვისას რუსეთთან ურთიერთობის დათბობისკენ მოწოდებები ისმის“; „პოლონეთის ტრაგედია დასავლეთს რუსეთისკენ გზას უხსნის“ - მსგავსი სათაურების მქონე სტატიებს მიმდინარე კვირაში მრავლად შეხვდებით დასავლეთის პრესაში.

სტატიების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ მყისიერი და ემოციური რეაქცია, რომლითაც რუსეთის ლიდერები და საზოგადოება 10 მარტს სმოლენსკთან ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, დაღუპვას გამოეხმაურნენ, ორი ქვეყნის ისტორიულად დაძაბულ ურთიერთობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ჟურნალისტები აღწერენ, როგორ გაჩნდა პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი კატასტროფიდან სულ ცოტა ხანში უბედური შემთხვევის ადგილას და როგორი ემოციით გაუწოდა ხელი პოლონელ ხალხს; როგორ ჩავიდა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ლეხ კაჩინსკის გასვენებაში, ისლანდიის ვულკანის გამო საჰაერო მოძრაობაზე დაწესებული მასშტაბური შეზღუდვების მიუხედავად; როგორ უთანაგრძნო რუსეთის უამრავმა მოქალაქემ პოლონელებს - და წერენ, ყოველივე ეს რუსეთისა და პოლონეთის ურთიერთობაში თბილ და ადამიანურ განზომილებას შეიტანსო.

ჟურნალისტების სენტიმენტებს პოლიტიკოსებიც იმეორებენ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სხვათა შორის, რუსეთის პოლიტიკის მიმართ საკმაოდ კრიტიკული შეხედულებებით ცნობილი რადოსლავ შიკორსკის თქმით, რუსეთის მიერ გამოჩენილმა თანაგრძნობამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში „ემოციური გარღვევა“ მოახდინა.

არადა, როგორც იცით, ამ ურთიერთობას უკვე საუკუნეებია თან ახლავს დაძაბულობა და კონფლიქტები. მხოლოდ გასულ, მეოცე საუკუნეს, რომ გადავხედოთ, ისიც ძალიან ზედაპირულად - 1939 წელს სტალინსა და ჰიტლერს შორის დადებული საიდუმლო შეთანხმების შედეგად, პოლონეთი დაიყო, რის შემდეგაც იქ საბჭოთა კავშირი შეიჭრა. ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთი საბჭოთა კავშირის სატელიტად იქცა და მთლიანად მოსკოვს დაექვემდებარა. რუსეთის მხრიდან ჩაგვრის საზარელ სიმბოლოდ პოლონელებისთვის 1940 წელს კატინში მომხდარი ტრაგედია იქცა, როცა საბჭოთა უშიშროების ძალებმა 20,000-ზე მეტი პოლონელი სამხედრო და ინტელექტუალი დახოცეს. სწორედ ამ უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მქონე ტრაგედიისთვის პატივის მისაგებად მიეშურებოდა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, როცა მისმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა ახლა სულ გადასხვაფერდება, რომ პოლონეთი და რუსეთი ხელახლა დაიბადნენ და ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება - ასეთი დასკვნების გამოტანა, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია
რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში დაძაბულობა საბჭოთა კავშირის დანგრევისა და პოლონეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შემდეგაც შენარჩუნდა. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს - უწინარესად, ალბათ, ისევ საბჭოთა წარსული, რომელშიც პოლონეთი თავს რუსეთის დომინაციის მსხვერპლად მოიაზრებს, რუსეთი კი, დიდწილად, კვლავაც თავს იკავებს საბჭოთა იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულთა აღიარებისგან. წარსულის განსხვავებული ინტერპრეტაციების გარდა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში უთანხმოებას იწვევს ნატოს გაფართოება, შეერთებული შტატების ანტისარაკეტო პროგრამა, ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი და რიგი სხვა საკითხები.

ამ ისტორიული და დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად რეალურია ვარაუდი, რომ ტრაგედიის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოჩენილი თანაგრძნობა ორი ქვეყნის ურთიერთობას მნიშვნელოვნად და დადებითად შეცვლის? რუსი ანალიტიკოსი ფიოდორ ლუკიანოვი, რომელიც მთავარი რედაქტორია მოსკოვში გამომავალი ჟურნალისა „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“, ამ შეკითხვას ასე უპასუხებს:

„ცხადია, ამ მოვლენებმა რუსეთ-პოლონეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს ადამიანური განზომილება შემატა. და ეს, ჩემი აზრით, მომავალშიც მოახდენს დადებით გავლენას. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა ახლა სულ გადასხვაფერდება, რომ პოლონეთი და რუსეთი ხელახლა დაიბადნენ და ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება - ასეთი დასკვნების გამოტანა, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია.“

დასავლურ პრესაში ამ საკითხს ცნობილი და გავლენიანი ინტელექტუალებიც ეხმაურებიან, მათ შორის - ზბიგნევ ბჟეზინსკი, პოლონური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგი და უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი. ბჟეზინსკი, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე თანამედროვე რუსეთის მიმართ კრიტიკული შეფასებებით არის ცნობილი, ამ წერილში წერს, რომ კატინთან მომხდარმა მეორე ტრაგედიამ - პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების ავიაკატასტროფაში დაღუპვამ - შესაძლოა, პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობებში რეალური გარდატეხა მოახდინოს, რაც, თავის მხრივ, ევროპისთვის ისტორიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ცვლილება იქნება. „რთულია იმის განსაზღვრა, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ გამოეხმაურება პოლონეთი ახლახან მომხდარ მოვლენებს. პოლონეთი ჯერ დაღუპულებს გლოვობს - შესაძლებელია იქ შეთქმულების თეორიებიც გამოჩნდეს“, - წერს ბჟეზინსკი და დასძენს: „თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები სათავეს დაუდებს რუსების და პოლონელების მხრიდან ერთმანეთის მიმართ ადამიანური სითბოს გამოვლინებას. არსებობს იმის შანსი, რომ ორი ხალხი დაიწყებს ახალ ეპოქას თავიანთ ურთიერთობაში, რომელიც ისტორიულად დაძაბული იყო.“

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და პოლონეთის ურთიერთობაში გარკვეული გაუმჯობესება ავიაკატასტროფამდეც იყო. ფიოდორ ლუკიანოვის თქმით, ეს პოლონეთში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დაიწყო, მთავრობისა,რომლის წევრებიც, ძმებ კაჩინსკებთან შედარებით, პოლონურ საზოგადოებაში არსებულ ანტირუსულ განცდებზე ნაკლებად აკეთებენ აქცენტს:

„რუსეთისა და პოლონეთის ურთიერთობაში ახალი ტენდენციები ამ მოვლენების გამო არ დაწყებულა - ეს უფრო ადრე მოხდა, 3 წლის წინ, როცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა. მაშინ დაიწყო თანდათანობით გალღვობა ურთიერთობისა, რომელიც მანამდე ძალიან დაძაბული იყო. პოლონეთის მხარემ სხვანაირი ურთიერთობის დამყარების იმპულსები თუ სურვილები გამოავლინა. რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის რეაგირებით გამოიხატება - ის ნეგატიურად რეაგირებს ნეგატიურ იმპულსებზე, პოზიტიურად კი - პოზიტიურ იმპულსებზე. როგორც კი გაჩნდა პოზიტიური იმპულსი, პარტნიორი, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლებოდა, დაიწყო ურთიერთობების ლღვობაც - რისი კატალიზებაც მოხდა ავიაკატასტროფის შედეგად.“

მაგალითად, მოსკოვმა ბოლო პერიოდში ერთგვარად შეცვალა პოზიცია კატინის ტრაგედიასთან მიმართებით. ხოცვა-ჟლეტის ფაქტს რუსეთი ათწლეულების განმავლობაში უარყოფდა ან ამაში ნაცისტებს ადანაშაულებდა. პოლონეთის პრეზიდენტის ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე კატინში გამართულ ცერემონიაზე კი ვლადიმირ პუტინმა „არაადამიანური ტოტალიტარიზმი“ დაგმო და განაცხადა, „ამ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვსო.“ ცხადია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს 70 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო ოფიციალური ბოდიშის მოხდას ან ტრაგედიის გამოძიების დაწყებას, მაგრამ პოლონეთში პუტინის ეს განცხადებებიც მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიქვეს.

ეს ჟესტები, რომლის მოწმეც ახლა ვართ, - ძალიან სასიამოვნო, ძალიან საჭირო, ძალიან გულთბილი ჟესტები, - პოლიტიკაში ბევრს არაფერს ნიშნავს და არც არაფერი ღირ
ბევრი - მათ შორის ბრიტანელი ავტორი და ჟურნალისტი როჯერ ბოიესი - ამას, დიდწილად, პრაგმატული მოსაზრებებით ხსნის. რუსეთს, რომლის ეკონომიკაც 10 პროცენტით შეიკვეცა, ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება სჭირდება. ახლა, როცა უკრაინაში რუსეთის მოკავშირე მთავრობა მოვიდა, მას პოლონეთთანაც უნდა დამეგობრება - მით უფრო, რომ 2011 წლის ივლისში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ პოლონეთი ხდება, პოლონელი იეჟი ბუზეკი კი ევროპარლამენტს უდგას სათავეში.

თუმცა ყველა ამ ემოციური და პრაგმატული ფაქტორის გათვალისწინების შემდეგაც კი ორი ქვეყნის ურთიერთობაში გადამჭრელ გარდატეხას მაინც ცოტა ვინმე თუ მოელის.პოლონელი პუბლიცისტის რობერტ მაზურეკის თქმით, ამისათვის რუსეთის პოზიცია ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს რიგ საკითხებთან მიმართებით, რაც ნაკლებად სავარაუდოა:

„ჩემი აზრით, ეს ჟესტები, რომლის მოწმეც ახლა ვართ, - ძალიან სასიამოვნო, ძალიან საჭირო, ძალიან გულთბილი ჟესტები, - პოლიტიკაში ბევრს არაფერს ნიშნავს და არც არაფერი ღირს. შესაძლოა, ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ პოლონეთისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ცრემლი დაღვარა თუ არა, რამდენადაც იმას, თუ რა მოხდება ჩრდილოეთის ნაკადის პროექტთან მიმართებით, პოლონეთთან ვაჭრობასთან მიმართებით და როგორი იქნება რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან, როგორიც არის საქართველო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, უკრაინა, ბელორუსია. პოლონეთისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, პუტინი ან მედვედევი ტიროდნენ თუ არ ტიროდნენ.“

ამავე აზრს იმეორებს რუსულ ჟურნალ „ოგონიოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლონეთის სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი. მისი თქმით, სმოლენსკთან მომხდარმა ტრაგედიამ რუსეთი და პოლონეთი მართლაც დააახლოვა და პოლონელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს რუსების მოულოდნელ და ძლიერ თანაგრძნობას. თუმცა ბორუსევიჩი იქვე დასძენს, რომ რამდენიმე თვეში ორი ქვეყნის ურთიერთობა კვლავ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ უთანხმოება კვლავაც იჩენს თავს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG