Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს ავიაკატასტროფა პოლონეთის პოლიტიკაზე?


რამდენიმე დღის წინ პოლონეთმა სახელმწიფოს ლიდერი და, მასთან ერთად, პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ათობით წარმომადგენელი დაკარგა. მას შემდეგ პოლონეთი გლოვობს და შთამბეჭდავია თანაგრძნობა, რომელსაც ამ ქვეყნის მიმართ მთელს მსოფლიოში გამოხატავენ. მედიაში პოლონეთზე საუბრისას სწორედ ეს თემა დომინირებს, თუმცა სულ უფრო ხშირად გაისმის შეკითხვა: რა შედეგები მოჰყვება ავიაკატასტროფას პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რამდენად უზრუნველყოფილია ქვეყნის სტაბილურობა?

ვითარება, რომელიც „წარმოსახვის საზღვრებს სცდება“: ასე აფასებს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგებს პოლონელი იურისტი, კონსტიტუციის ექსპერტი რიშარდ პიოტროვსკი. სხვა ექსპერტებიც იზიარებენ შეფასებას, რომ ტრაგედიის შედეგების სრულად წარმოდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან ერთად თვითმფრინავში მყოფი კიდევ 95 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლები...

დაღუპულებს შორის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იყვნენ. მიზეზი ცხადია. ოფიციალური დელეგაცია, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მეთაურობით, სმოლენსის მახლობლად მდებარე კატინში მიემგზავრებოდა - იმ ადგილას, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, 20 000-ზე მეტი პოლონელი გამოასალმა სიცოცხლეს საბჭოთა უშიშროების სამსახურმა და ეს დანაშაული გერმანელ ნაცისტებს გადააბრალა. კატინი პოლონელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ისტორიული ტრავმაა, რომლის შეგრძნებაც ყველას აერთიანებს, პოლიტიკური ანტიპატიებისაგან დამოუკიდებლად. არადა, პოლიტიკური დაპირისპირება პოლონეთში რასაკვირველია, არსებობს და დროთა განმავლობაში, გლოვის შემდეგ, პოლიტიკური ცხოვრების ნორმალიზებასთან ერთად, ისევ გამოიკვეთება.

მთავარი პოლიტიკური მეტოქეები არიან მმართველი პარტია, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის „სამოქალაქო პლატფორმა“ და ოპოზიციური „კანონი და სამართლიანობა“. ლეხ კაჩინსკი ამ უკანასკნელში მოიაზრებოდა, თუმცა, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის მოთხოვნით, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

რა შეიცვლება პოლონეთის პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციური „კანონი და სამართლიანობის“ ესოდენ გავლენიანი მოკავშირის და ამავე პარტიის რამდენიმე წამყვანი წარმომადგენლის დაღუპვის შემდეგ? ამ შეკითხვით ჩვენი რადიოს თანამშრომელმა, ანა ზამეიცმა პოლონელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტ რობერტ მაზურეკს მიმართა. მაზურეკის აზრით, „დღეს ვერავინ გასცემს გონივრულ პასუხს შეკითხვას, თუ რა შეიცვლება პოლონეთის პოლიტიკაში, რადგან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გაძლიერდება მმართველი სამოქალაქო პლატფორმა და ხელთ იგდებს დიდ ძალაუფლებას არჩევნებში გამარჯვების აუცილებლობის გარეშეც. და მეორე მხრივ, შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ მათი ოპონენტები პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ მთელი იმ ემოციებისა და სიმპათიის ტალღაზე, რომელიც ამ ტრაგედიას მოჰყვა“.

დანამდვილებით კი ის არის ცნობილი, რომ ორ კვირაში გაირკვევა, ვინ ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში. ავიაკატასტროფის შედეგად პრეზიდენტობის ორი კანდიდატი დაიღუპა: ლეხ კაჩინსკი, რომელიც მეორე ვადით ასარჩევად აპირებდა კენჭისყრაში მონაწილეობას და დემოკრატიული მემარცხენე ალიანსის კანდიდატი, იერჟი შმაიჯინსკი. ვინ ჩაენაცვლება მათ, როგორც ითქვა, ორ კვირაში უნდა გაირკვეს. ამავე ვადაში ევალება პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, თავადაც პრეზიდენტობის კანდიდატ ბრონისლავ კომოროვსკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა. კონსტიტუციის მოთხოვნის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ არჩევნები ივნისის დასაწყისში ჩატარდება.

რამდენად არის თუნდაც მანამდე უზრუნველყოფილი სტაბილურობა ქვეყანაში, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად ათობით პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის გარეშე დარჩა? პუბლიცისტი რობერტ მაზურეკი პოლონეთის დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ხედავს და იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია. „პოლონეთს აქვს თავისი ინტერესები, გარკვეული მისიები აღმოსავლეთში და ასე ფიქრობს (პრეზიდენტობის) ყველა ანგარიშგასაწევი კანდიდატიც. პოლონეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, პოლონეთის ეკონომიკური პოლიტიკა - თუ საერთოდ შეიცვლება, მხოლოდ მინიმალურად. ამდენად, ნამდვილად არაფერი მოხდება ისეთი, რომ მკვეთრი ცვლილება ვიხილოთ პოლონეთის ისტორიაში,“ ამბობს მაზურეკი, რომელმაც „აღმოსავლეთში მისიები“ ახსენა. ის ჩვენს რადიოსთან საუბარში საქართველოსაც შეეხო, თუმცა ჯერ პოლონეთის სხვა აღმოსავლელ მეზობელზე, რომლის შესახებაც ამ დღეებში ძალიან ბევრს მსჯელობენ.

საქმე ეხება რუსეთს და მას ახსენებენ არა მარტო იმ აშკარა მიზეზით, რომ ავიაკატასტროფა რუსეთში მოხდა და კატინის ტრაგედიაც რუსეთს უკავშირდება. შთაბეჭდილებას ახდენს დიდი თანაგრძნობა, რომელსაც რუსეთის რიგითი მოქალაქეები, ისევე როგორც ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, ამჟღავნებენ პოლონელებისადმი პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ. ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, ბევრი ექსპერტი, მათ შორის პოლონეთშიც, გამოთქვამს შეფასებას, რომ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა გლოვამ, შესაძლოა დააახლოვოს ორი ქვეყანა, მისცეს მათ შანსი, ახალი ეტაპი დაიწყონ ურთიერთობაში, რომელიც, თუ საბჭოთა პერიოდის იძულებით მეგობრობას არ ჩავთვლით, კარგი არასოდეს ყოფილა.

რობერტ მაზურეკი ახლაც სკეპტიკურად არის განწყობილი: „ჩემი აზრით, ეს ჟესტები, რომლის მოწმეც ახლა ვართ - ძალიან სასიამოვნო, ძალიან საჭირო, ძალიან გულთბილი ჟესტები - პოლიტიკაში ბევრს არაფერს ნიშნავს და არც არაფერი ღირს. შესაძლოა, ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ პოლონეთისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა არა აქვს იმას, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ცრემლი დაღვარა თუ არა, რამდენადაც იმას, თუ რა მოხდება ჩრდილოეთის ნაკადის პროექტთან მიმართებით, პოლონეთთან ვაჭრობასათან მიმართებით და როგორი იქნება რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან, როგორიც არის საქართველო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, უკრაინა, ბელორუსია. პოლონეთისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, პუტინი, ან მედვედევი ტიროდნენ, თუ არ ტიროდნენ“.

აისახება თუ არა თანაგრძნობა, რომლის გულწრფელობაშიც პოლონელ ექსპერტს ეჭვი არ ეპარება, რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მისი ვარაუდით, რამდენიმე თვეში გამოჩნდება. თუმცა თვითონ ფიქრობს, რომ საბოლოოდ არაფერი შეიცვლება. „რუსეთი ვლადიმირ პუტინის გონებრივი მოწყობილობის მძევალი კი არ არის, არამედ საკუთარი ინტერესების მძევალია. ეს ინტერესები კარნახობს მოიქცეს ისე, როგორც იქცევა საქართველოსთან, უკრაინასთან, თუ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით“, ამბობს მაზურეკი. მისივე თქმით, „გაუმართლებლად გულუბრყვილო უნდა იყო, რომ იფიქრო, რომ რახან ვლადიმირ პუტინმა ცრემლი დაღვარა ლეხ კაჩინსკის - საქართველოს ეროვნული გმირის - კუბოზე, რამე შეიცვლება, მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში“.

ამავე ლოგიკიდან გამომდინარე, რობერტ მაზურეკი არ მოელის არსებით ცვლილებას რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში. და თუ გამართლდა ექსპერტების, მათ შორის რობერტ მაზურეკის ვარაუდი, რომ პოლონეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილება მოსალოდნელი არ არის, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირეს შეინარჩუნებს, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG