Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 აპრილი 2010


დღევანდელ ქართულ გაზეთებში ბევრგან შეხვდებით მიშა ჟორჟოლიანისა და დავით ბენიძის სახელების ხსენებას. გაზეთები ერთს ერეკლე კოდუას ცოლისძმად მოიხსენიებენ, - ის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა გახლავთ, - მეორეს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მეგობრად. ისინი, ორ მეგობართან ერთად, პოლიციამ დააკავა, ”რეზონანსის” ცნობით, ქუჩური გარჩევების დროს. თუმცა გაზეთები და მათი რესპონდენტები ეჭვობენ, რომ ეს უბრალო შემთხვევა იყოს. ”შიდასახელისუფლებო დაპირისპირება თუ ერთი ჩინოვნიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია?” - კითხულობს ”რეზონანსი” მოწინავე სტატიის სათაურში. ეს დაკავება ამძაფრებს დიდი ხნის წინ გაჩენილ ეჭვს, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთს ებრძვის ორი დაჯგუფება, რომლის ერთ მხარეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მეორე მხარეს კი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოიაზრებაო, - წერს ”რეზონანსი”.

”ალია” კი მეტ ადგილს უთმობს ჟორჟოლიანისა და მისი მეგობრების დაკავების თავისეულ ვერსიას. მიშა ჟორჟოლიანმა, რომელიც, როგორც „ალია“ გვამცნობს, ფინანსურ პოლიციაში მუშაობს და, კანონით, იარაღის ტარების უფლება აქვს, შელაპარაკების შემდეგ ჰაერში გაისროლა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულმა ის მეგობრებთან ერთად დააკავა, ხოლო შემდეგ, როცა გაარკვია, რომ საქმე ერეკლე კოდუას ოჯახის წევრთან ჰქონდა, უფროსობასთან დარეკა. ზემოდან კი მერაბიშვილს უთქვამს, ვინც სუფრასთან იჯდა, ყველა დააკავეთ,მაგათი თავგასულობა ყელში ამოვიდაო. - ასე აღწერს მომხდარს „ალია“.

ვანო მერაბიშვილსა და სხვა ძალოვნებზე ლაპარაკობს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე. ის ამბობს, სააკაშვილის მმართველობა ძალაზე და ერთგულებაზეა დამყარებული და ამიტომ უფრთხილდება მერაბიშვილსა და ახალაიასო. საერთაშორისო ორგანზიაციებში კი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაა ამ ადამიანების მიმართ და ან სააკაშვილი უნდა შეელიოს ამ ადამიანებს და ან თავად სააკაშვილს მოუწევს ხელისუფლებასთან შელევაო.

ძალოვნებსა და პოლიტიკას თუ თავს დავანებებთ, კულტურის ამბების გასაცნობად ”24 საათის” გადაშლა მოგიწევთ, - სხვა ამ თემას თითქმის არავინ ეხება. აქ ნახავთ სტატიას მიხეილ თუმანიშვილის თეატრში ჩატარებულ ახალი ქართული პიესების კითხვაზე. ”რამდენად ახლოს არის ჩვენთან ომი? უადვილესი შეკითხვაა, იმიტომ რომ ის ჩვენთან ახლოს არის, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. გვაქვს თუ არა მისი ბუნება და გავლენები საზოგადოების მენტალურ მდგომარეობაზე ბოლომდე გააზრებული, ეს სულ სხვა საკითხია”, - წერს ავტორი პიესის აღწერისას სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”ძველი ომი სცენაზე”. სტატიას ”24 საათში” წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG