Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიარეისების აღდგენის შემდეგ დაღლილი მგზავრები გზას აგრძელებენ


ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის თანდათანობითი გახსნის პარალელურად, აქამდე აეროპორტებში ჩარჩენილი მგზავრები სახლებისკენ გზას აგრძელებენ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები პრაღის აეროპორტს ეწვივნენ და უშუალოდ გამოსცადეს იქ შექმნილი ატმოსფერო.

ლეონიდი კინაღამ იძულებული გახდა მოსკოვში დანიშნული საკუთარი ქორწილი გადაედო, თუმცა არა იმის გამო, რომ თვითონ გაუჩნდა ეჭვები.

40 წლის რუსი ბიზნესმენი ერთ-ერთია იმ ათასობით მგზავრს შორის, რომლებიც პრაღაში, რუზინეს აეროპორტში, ჩარჩნენ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო საჰაერო მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად. მთელი ევროპის მასშტაბით კი ასეთი ბედი მილიონობით მგზავრს ეწია.

ისლანდიის მყინვარ ეიაფიატლაიოკუდლის მახლობლად მდებარე ვულკანის ამოფრქვევამ ევროპის საჰაერო სივრცეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეზღუდვები გამოიწვია.

თუმცა ლეონიდი, რომელმაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტებს გვარი არ გაუმხილა, მაინც იმედიანად გამოიყურებოდა. მისი თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ ჩაუსწრებდა საკუთარ ქორწილს მოსკოვში. ოთხშაბათს ეს იმედი გაუმართლდა - ის პრაღიდან მოსკოვის მიმართულებით გაფრენილ თვითმფრინავში მოხვდა.

ლეონიდი აღიარებს, რომ იმ მგზავრებთან შედარებით, რომლებსაც საჰაერო სივრცის დახურვამ ვიზებთან დაკავშირებული პრობლემებიც შეუქმნა, მისი მდგომარეობა ბევრად ადვილი იყო:

„მათ, ვინც ტურისტული ვიზებით იყო ჩამოსული, ვიზების გაგრძელებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ვიზის გაგრძელება დიდ სირთულეებს უკავშირდება. ამასთან, მათ სასტუმროებში დარჩენისთვის საკმარისი თანხაც უნდა ჰქონოდათ თან“, - ამბობს რუსი ბიზნესმენი.

ზოგიერთი მგზავრი - მაგალითად, პრაღიდან ამსტერდამში მიმავალი ქალბატონი და ბატონი სანები - ტაქსის დაქირავებასა და ძვირი საფასურის გადახდაზე ფიქრობდნენ. ეს ოჯახი ამსტერდამიდან სახლში, შეერთებულ შტატებში, უნდა გაფრინდეს. „ამსტერდამისკენ არც თვითმფრინავები მიდიან და არც ავტობუსები. მოვნახეთ კერძო ტაქსი, რომელმაც ამსტერდამამდე ჩაყვანაში 500 ევროზე მეტი მოგვთხოვა. შესაძლოა, მას დავთანხმდეთ კიდეც - გააჩნია, რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი“, - უთხრა ჩვენს რადიოს ქალბატონმა სანიმ.

იქვე ახლოს ჩვენს კოლეგას საქორწინო მოგზაურობაში მყოფი ბერძენი წყვილი შეხვდა. ისინი წარმოქმნილი პრობლემების გამო ჩიოდნენ:

„ჩეხეთის ავიახაზებით ვმოგზაურობთ. ბოლოს, როგორც იქნა, გამოგვინახეს რეისი დღეს, ღამის 12 საათზე. ძალიან გვიხარია, რომ სახლში ვბრუნდებით.“

მოწყენილი თუ გაბრაზებული მგზავრების გულის მოსაგებად აეროპორტის მუშაკებმა დაახლოებით 3,000 ადამიანს რამდენიმე დღის წინ აეროპორტის გარშემო ტური ჩაუტარეს - დაათვალიერებინეს თვითმფრინავები და საინტერესო ადგილები.

თუმცა გაბრაზებას ყველა როდი გამოხატავს. ყოველ შემთხვევაში, ერთი მგზავრი, რომელსაც ჩვენი რადიო გაესაუბრა, საკმაოდ იოლად უყურებს გზაზე წარმოქმნილ პრობლემებს:

„მე მუჰამედი მქვია - იტალიის მოქალაქე ვარ, თუმცა პირველი მოქალაქეობა ერაყის მაქვს. ერაყიდან მოვდივარ. აქ მგზავრების ჯგუფთან ერთად ვარ. ასეთი რამ შეგვემთხვა და ახლა გამგზავრებას ვუცდით, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ცუდ დღეში ნამდვილად არ ვართ“, - ამბობს მუჰამედი.

საჰაერო სივრცის გახსნასთან ერთად, მთელი ევროპის მასშტაბით, მილიონობით მგზავრი ელოდება სახლებში დაბრუნებას და იმედოვნებს, რომ მალე აეროპორტში ჩარჩენის ამბავი მხოლოდ საინტერესო მოგონება იქნება.
XS
SM
MD
LG