Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ველისციხეს დატბორვა ემუქრება


გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან 600-მდე ოჯახია ევაკუირებული. პრობლემა ძლიერი წვიმების შედეგად, სოფელ ჭერემის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ გამოიწვია.

დაზიანდა წყლის დამცავი ჯებირი, რის გამოც სოფელ ველისციხის დატბორვის საფრთხე შეიქმნა.

სოფელში მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა. პანიკის შედეგად სოფლის მკვიდრი, შუახნის მამაკაცი გულის ინფარქტით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სოფელ ველისციხის მოსახლეობა ახლობლების ოჯახებში გადანაწილდნენ, ნაწილის განთავსება კი კულტურის სახლის შენობაში მოხდა. როგორც კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილი აცხადებს, საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილზეა და ევაკუირებული მოსახლეობა საკვები პროდუქტით მარაგდება.

"დღეს დილიდან გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ევაკუირებული მოსახლეობის საკვებითა და სასმელი წყლით მომარაგება დაიწყო. შესაბამისი თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამმართველომ გამოყო", _ აცხადებს სიბაშვილი.

ველისციხეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ჩავიდნენ.

ჭერმის წყალსაცავთან მძიმე ტექნიკა მუშაობს. უცნობია, საფრთხე როდის მოიხსნება. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მდგომარეობის გართულება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ყველა სამსახური მობილიზებულია და დამატებითი ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა სოფლიდან დროულად იქნება გაყვანილი.

ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა.
XS
SM
MD
LG