Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა დიდ ნაწილს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა სურს, თუმცა, საშუალებას ვერ ხედავს


ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას აკეთებს
ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას აკეთებს
23 აპრილს, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, ”ბარომეტრი 2009” გამოაქვეყნა. გამოკვლევის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოება მის მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და რამდენად ხედავს ამის შესაძლებლობას. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით მომზადებულ ანგარიშს, ავტორებმა სახელწოდებაც შესაბამისი მოუძებნეს: ”მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში - სასურველი და მიღწეული”.

სამოქალაქო აქტივობის და დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გასარკვევად, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გასული წლის ბოლოს, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. რამდენად აქვთ საქართველოში გათვითცნობიერებული, რომ დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიურად მონაწილეობაა საჭირო? ამ შეკითხვაზე, როგორც გამოკვლევის ავტორი ნანა სუმბაძე ამბობს, ირიბი პასუხი უშუალოდ გამოკითხვისას დასმულ, ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე რესპონდენტების პასუხს ეფუძნება. კერძოდ, შესაძლებელია, თუ არა საქართველოს წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა სამოქალაქო მონაწილეობის გარეშე?

”დაახლოებით 61%-ია, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეების მონაწილეობა აუცილებელია. იმავდროულად, უფრო დიდი ნაწილი დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად აფასებს. ამიტომ, შეგვიძლია არაპირდაპირ ვიგულისხმოთ, რომ მათ ეს დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის აუცილებლად მიაჩნიათ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა სუმბაძემ.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე ამბობს, რომ ადამიანებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა სურთ, მაგრამ ამ სურვილის რეალიზაციის საშუალებას ვერ ხედავენ. დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმად გამოკითხულთა 78%-ზე მეტმა დაასახელა, თუმცა, მხოლოდ 31% ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში დემოკრატიაა. ნანა სუმბაძის თქმით, გამოკითხულთა მესამედზე მეტს არ მიაჩნია, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები და კერძო საკუთრება და არც ის, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია.

”ძალიან დაბალია ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რაც ასევე, ძალიან ცუდია. ცნობილია, რომ ზოგადად, სასამართლოსა და პოლიციისადმი ნდობა განსაზღვრავს ზოგადად, ნდობას სხვა ადამიანების მიმართ. პოლიციას კიდევ არა უშავს, მაგრამ სასამართლოსადმი ნდობა უკიდურესად დაბალია” - ამბობს გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, ნანა სუმბაძე. მისი განმარტებით, კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ბოლო გამოკითხვისას განსაკუთრებულად გამოიკვეთა, პოლიტიკური ძალებისადმი ნიჰილიზმია. კერძოდ, გამოკითხულთა 40%-მდე ამბობს, რომ მხარს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს, დაახლოებით 20%-მა კი, ამ შეკითხვას პასუხი არ გასცა. გამოკითხულთა 30%-ზე ოდნავ მეტი მხარს ხელისუფლებას უჭერს, 8% კი - ოპოზიციას. პოლიტიკური ძალებისადმი ნიჰილიზმის და სახელმწიფო სტრუქტურებისადმი უნდობლობის გარდა, გამოკვლევამ ზოგადად, ადამიანების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენციაც აჩვენა. გამოკითხულთა მხოლოდ 32%-ს მიაჩნია, რომ ადამიანების უმრავლესობა ნდობას იმსახურებს. ”არადა, სწორედ ადამიანებისადმი ნდობა და საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ინტერესი განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად სამოქალაქო აქტივობას” - ამბობს ნანა სუმბაძე. მისი განმარტებით, ბოლო გამოკვლევამ სამოქალაქო აქტივობის საკამოდ დაბალი დონე აჩვენა. 23% ფიქრობს, რომ ამ მხრივ, რაღაც სასარგებლო გააკეთა, კოლექტიურ აქციაში მონაწილეობას კი, მხოლოდ 8% ადასტურებს. ”დიდი განზოგადება, გარდა იმისა, რომ ეს მონაწილეობა მცირეა, გამიჭირდებოდა. მაგრამ, საინტერესოდ გამოიკვეთა ის, თუ ვისი ინიციატივით მოხდა ხალხის მობილიზაცია? ფაქტიურად, ორი წყაროა - ახლობლების თხოვნით, ანუ პირადი კონტაქტებით, და ეკლესია” - განუმარტა რადიო თავისუფლებას ნანა სუმბაძემ.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ბოლო გამოკითხვა სწორედ სამოქალაქო აქტივობაზე იყო ფოკუსირებული. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მონაწილეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში და როგორ გგონიათ, თქვენნაირ ადამიანს შეუძლია, თუ არა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებების მიღებაზე? - ამ ორ შეკითხვაზე მიღებული პასუხების კომბინაციით, მკვლევარებმა 3 ძირითადი ჯგუფი გამოყვეს. პირველს ნანა სუმბაძე პირობითად, ”ეფექტურებს” უწოდებს. მათ მონაწილეობაც აუცილებლად მიაჩნიათ და ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა აქვთ. პირობითად ”უძლურებად” წოდებული მე-2 ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობას აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა, მიუთითებენ, რომ ზეგავლენა არ შეუძლიათ. მესამე ჯგუფში კი, სოციოლოგენმა გააერთიანეს ”ინდიფერენტულები”, რომლებიც საჭიროდ არც მონაწილეობას მიიჩნევენ და არც იმას ფიქრობენ, რომ ზეგავლენა შეუძლიათ. როგორც ნანა სუმბაძე ამბობს: ”ნახევარზე მეტი ”უძლურების” ჯგუფის წარმომადგენელია. ”ეფექტურების” მცირე ჯგუფის წარმომადგენლები ძირითადად, 25-44 წლის ასაკის არიან, მუშაობენ, მათი მატერიალური მდგომარეობაც უკეთესია და თავს უფრო ბედნიერად და ოპტიმისტურად გრძნობენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ცუდია, რომ ისინი საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ. საზოგადოების უდიდესი ნაწილი აპათიურია და მომავალს ნაკლები ოპტიმიზმით უყურებს. რაც შეეხება ”ინდიფერენტულების” ჯგუფს, ესეც ცუდი მაჩვენებელია. მის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფალი ხალხს არ უნდა უსმენდეს და მისი მოთხოვნის მიხედვით არ უნდა იქცეოდეს”.

ნანა სუმბაძე განმარტავს, რომ ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კმაყოფილი ადამიანების რაოდენობაა, რადგან უკმაყოფილო მასა სტაბილურობისთვის ყოველთვის საშიშია. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ”ბარომეტრი 2009”-ის მსგავს გამოკვლევებს პოლიტიკური ძალები ყურადღებას უნდა აქცევდნენ: ”შრომატევადი, ძვირი საქმეა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვის ჩატარება და ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა, მემგონი, სისულელეა. ეს იგივეა, რომ გარეგნობაზე ფიქრობდე და სარკეში არ იხედებოდე. სწორად ჩატარებული გამოკითხვა არის სწორედ სარკე, რომელშიც უნდა დაინახო. შესაძლოა, პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი ძალა ჩემს ინტერპრეტაციას არ დაეთანხმოს, მაგრამ ასახული ციფრები რეალობაა და პასუხებია, რომელსაც იძლევიან”.

გაცემული პასუხების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დემოკრატიას ყველაზე მაღალ ღირებულებად მიიჩნევს. თუმცა, ნანა სუმბაძე ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, სოციალური სასურველობის მაჩვენებელი უფრო იყოს, რადგან რეალურად არეკლილი არ არის და საქართველოში ადამიანთა ქცევის საფუძველს არ წარმოადგენს.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ როდესაც მოქალაქის გააქტიურება სახელმწიფოს ნება არ არის, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოიპოვოს ყველა რესურსი, რომლითაც ხელისუფლებაზე ზემოქმედებას ქვეყანაში მართლაც ლიბერალური დემოკრატიის დასამკვიდრებლად მოახდენს. მართალია, საქართველოს განცხადებული აქვს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას აშენებს, მაგრამ მისი მთავარი მოქმედი პირების - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მონაწილე და ხელისუფლებაზე ზეგავლენის მქონე აქტიური მოქალაქეების რაოდენობა, როგორც ამას საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკვლევა ცხადყოფს, ჯერჯერობით, საკმაოდ მცირეა.

ამავე ინსტიტუტის მიერ 2003 წლის ნოემბრამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ საქართველოში რევოლუციისთვის მზადყოფნის ტენდენცია გამოავლინა. 2004 წლის ბარომეტრმა მოსახლეობაში საკმაოდ დიდი ოპტიმიზმი უჩვენა, თუმცა, მას შემდეგ, ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით, სულ უფრო იკლებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG