Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანე სავიზო რეჟიმი


ამერიკის შეერთებული შტატების კონსული მოქალაქეებს ამერიკულ აკადემიაში შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების კონსული მოქალაქეებს ამერიკულ აკადემიაში შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების კონსული მოქალაქეებს ამერიკულ აკადემიაში შეხვდა. დაინტერესებულ პირებს ახალი, ელექტრონული ფორმა DS 160 გააცნეს, რომელმაც ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურების გავლა გაამარტივა. გამარტივდება თუ არა თავად ვიზის აღება?

ქვეყანა, სადაც უმუშევრობა კვლავ მაღალია და ამერიკა კვლავ საოცნებო თავისუფლებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის კუნძულია, ამერიკის ახალ კონსულს პატრიკ ვინგეიტს ამერიკული ვიზის ასაღებად ახალი წესების გაცნობა ამერიკულ აკადემიაში თითქმის ცარიელი დარბაზისთვის მოუხდა. კონსული არ დაბნეულა და წინასწარ მომზადებული პოვერ პოინტის პრეზენტაცია საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად 10-მდე ადამიანს გულდასმით გააცნო.

ყველაფერი მარტივია - არასაემიგრაციო, ანუ ტურისტული სასწავლო და სხვა ვიზების მისაღებად საჭირო რეგულაციები, ვიზებისა, რომლებიც ამერიკაში მხოლოდ ვადიან დარჩენას ისახავენ მიზნად, სამი სხვადასხვა ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტის ნაცვლად ერთ ელექტრონულ ფორმაში მოთავსდა. მომავალში ინტერვიუს თარიღის დადგენის ელექტრონულად ინტეგრირებულ სისტემასაც შევქმნითო, განაცხადეს საკონსულოს თანამშრომლებმა და შეკითხვებისთვის სივრცე დარბაზს დაუთმეს.

„ჩემმა შვილმა დამპატიჟა და გამიშვებთ?“

იყო უფრო დეტალური, პროცედურული შეკითხვებიც, მაგალითად, როგორ მივამაგროთ ბიომეტრიული ფოტო ელექტრონულ ფორმას, რამდენი ხანი ინახება ელექტრონულად შევსებული აპლიკაცია, მჭირდება თუ არა სხვა დოკუმენტები და კიდევ, რა ხდება გასაუბრებაზე, რაზეც კონსული ერთმნიშვნელოვნად პასუხობდა:

„არ იცრუოთ. სიმართლის თქმა ვიზის აღების გარანტიას არ გაძლევთ, მაგრამ ტყუილის თქმა გარანტიაა, რომ ვიზას ვერ აიღებთ.“

სიმართლის სათქმელად კი ერთი მთავარი გზა არსებობს: ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მეტ-ნაკლებად წარმატებული კარიერა. შემთხვევა ყველა ინდივიდუალურია და, კონსულის თქმით, მიზნად მხოლოდ იმის დადგენას ისახავს, დაბრუნდება თუ არა მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში, თუ ჩაებმება არალეგალურ ემიგრაციაში. თუმცა ეს ახალი ელექტრონული ფორმა ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირში არაა. DS 160 არც რეგულაციებს ცვლის, არც ემიგრაციის შესახებ კანონს და არც 131 დოლარიან სავალდებულო შენატანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკაში მოხვედრა არ მარტივდება. მარტივდება, ბუნებრივია, პროცედურა, როცა ვიზის მისაღებად საჭირო აპლიკაციის შევსება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ; ასევე შეგიძლიათ ვიზა რუსულ ენაზე შეავსოთ, ან უკვე დაწყებული შევსების პროცესი დაიმახსოვროთ და შემდეგში განაგრძოთ.

კონსულის თქმით, ეს ყველაფერი თავად საკონსულოს მუშაობასაც უფრო ეფექტურს ხდის. თუმცა, ეფექტურობის გარდა, როგორც ირკვევა, ამ ცვლილების მთავარი მიზეზი მსოფლიოში ტექნოლოგიის განვითარებით გამოწვეული გარემოსდაცვითი ტალღაა, რომელსაც ქაღალდის და, შესაბამისად, ხის გადარჩენა აქვს მიზნად.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ქაღალდი კომუნიკაციის დროს. ვიცით, რომ ეს ძალიან ძნელია დიდი მთავრობისთვის, რომელსაც ბევრი რეგულაციები აქვს. თუმცა ესაა, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია ამ ეტაპისთვის.“

ამერიკული ვიზის მისაღებად კომუნიკაციის ელექტრონიზაცია რამდენიმე წლის წინ მექსიკაში დაინერგა და, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მთელ მსოფლიოს მოიცავს - ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს იმ ნაწილს, რომელიც ამერიკასთან უვიზოდ არ ურთიერთობს. საქართველოში კი ახალი, უფრო მწვანე და მარტივი მეთოდით ვიზის მოსაპოვებლად პროცედურების გავლა სავალდებულო აპრილის ბოლოდან გახდება.
XS
SM
MD
LG