Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მედიკამენტების გაიაფებისა და გაძვირების მიზეზები


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა. მედიკამენტების მწარმოებლები და რეალიზატორი კომპანიები ასეულობით დასახელების წამლის გაიაფებაზე ლაპარაკობენ, ხოლო მომხმარებლები გაძვირებას უჩივიან.

ერთი თვის წინ მედიკამენტების რეალიზატორმა სამმა მსხვილმა კომპანიამ ერთდროულად გამოაცხადა, რომ დაახლოებით 20-25%ით შეამცირა ფასი რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე. ფარმაცევტული კომპანიების ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმული შენიშვნა მედიკამენტების არაბუნებრივი გაძვირების შესახებ.

გაიაფების გამოცხადების მიუხედავად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ კვლევის შედეგების მიხედვით, ძირითადი მოთხოვნილების მედიკამენტების ფასი კვლავაც იზრდება. „ასოციაციის“ ლიდერის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, გაიაფება შეეხო მხოლოდ 293 დასახელების მედიკამენტს, ხოლო გაძვირდა 392:

მერაბ ჯანიაშვილი, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ლიდერი
”მარტის თვეში ყველაზე მოთხოვნადი წამლებიდან - 17 მედიკამენტიდან - გაიაფება-გაძვირების პროცესი მხოლოდ ერთ მათგანს შეეხო და ისიც გაძვირდა. ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არ არის ის განცხადებები სწორი, რომ გაიაფდა მედიკამენტები. მე ვიტყოდი, რომ უფრო გაძვირდა.”

მერაბ ჯანიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული მედიკამენტები მეზობელ სომხეთში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე წარმოების ადგილზე. ის ამის მიზეზებს არა გადასახადებსა და კანონმდებლობაში ხედავს, არამედ მონოპოლიურ გარემოში და ძირითად კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებაზე საუბრობს.

იმავე ვარაუდს გამოთქვამს გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი ელისო ჯანაშია. იგი წევრია იმ ჯგუფისა, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ფარმაცევტულ სექტორში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

”მე მიმაჩნია, რომ სანამ კონკურენტული გარემო არ შეიქმნება და იარსებებს ორი ან სამი კომპანია, რომლებსაც საშუალება ექნებათ კარტელური შეთანხმების საფუძველზე ცვალონ ფასები, საქართველოში ფასების პრობლემა მანამ არ მოგვარდება. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევისას ხელთ ჩაგვივარდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ არაადეკვატურადაა გაზრდილი წამლის ფასები. ფასნამატები საბაჟოზე შემოტანილსა და საცალო ქსელში გატანილს შორის 100-დან 1000 პროცენტამდე მერყეობს.”

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განახორციელეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ბოლო დრომდე მედიკამენტების ბაზარზე რომელიმე წამლის დაშვების პროცედურა იმდენად ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესი იყო, რომ ბევრ წვრილ კომპანიას იმპორტის განხორციელების საშუალებას არ აძლევდა.

ახლა კი, - უფრო კონკრეტულად, გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, - საქართველოში რეალიზების უფლება რამდენიმე დღეში ენიჭება იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი ან რომელიმე სხვა განვითარებული ქვეყნის ნებართვა აქვს. ამ ცვლილებების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ახლა კი თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ბევრ წვრილ კომპანიას თუ სამკურნალო დაწესებულებას მედიკამენტების იმპორტირების შესაძლებლობა გაუჩნდა:

”დიდი კომპანიებისთვის გაჩნდა საშიშროება, რომ მათი ადგილი დაეკავებინათ სხვებს. შესაბამისად, მოახდინეს რეაგირება. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება თვითონაც ეზრუნათ იგივეზე, ანუ გაეიაფებინათ მედიკამენტები.”

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და გატარებული რეფორმის სისწორე უფრო ცხადად ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება. მისი აზრით, კომპანიებს შორის კარტელური შეთანხმება აზრს კარგავს, როცა ბაზარზე შემოსვლა აღარავის ეზღუდება. მაგრამ ამ სფეროსთან დაახლოებული პირების აზრით, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება წვრილ კონკურენტებზე ზეწოლის არაკეთილსინდისიერი - კორუფციული - მეთოდები.
XS
SM
MD
LG